ევ ელ ეპ ექ
ექს

ექსპოზიცია

ლათ. exponere
ლიტერატურული ნაწარმოების ნაწილი, რომელშიც აღწერილია ძირითადი მოქმედების წინარე ვითარება, აღწერილია ის პირობები, რომელშიც იწყება მოთხრობის ძირითადი ამბავი (ლათინურად ეს სიტყვა ნიშნავს ახსნა–განმარტებას, ჩვენებას).

ავტორი ექსპოზიციაში გვამცნობს, როდის წარმოებს მოქმედება, სად, რა მდგომარეობაში, ვის შესახებ არის ლაპარაკი და სხვ. ექსპოზიციის ნიმუშია ე. ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის” პირველი თავის დასაწყისი:

„რკინის გზის სადგურ N-ზე საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს.
თუმცა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივემ მოატანა, რადგანაც ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი.
მატარებლის მომლოდინე ხალხმა, იგრძნო სიცივე თუ არა, დაანება „პლატფორმაზე” სეირნობას თავი და იკრიბებოდა სადგურის დარბაზში.
მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით.
ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები არ ერიდებიდნენ ამ დაბრკოლებას და დაყიალობდნენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი შეზარხოშებული ყმაწვილი მოუსვენრად დაეხეტებოდა აქეთ– იქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში მოეწონებოდათ.
ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით. მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები და მხვილ– მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი პატარა წვერი, სწორედ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა.
ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი, ბევრგან იკითხეს ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანი გულ–მკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს:
– ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი?
– ეს, კნეინა, ზემოური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე, ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე, დროის გასატარებლად,–უპასუხა მედუქნემ.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები!– თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს ჩასჩერებოდა თვალებში.
– ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება.
– მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის. ასეთი სრული ქმნილება!
– კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილკაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი შეამჩნევდით, თუ უმზერსო.
ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდნენ: „პოეზდმა ხომ არ გაგვასწრო”–ო და, როცა გაიგებდნენ ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის ჩამოსვლამდეო, გულდამშვიდებულნი, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და ვინ კიდევ სხვა რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე.
მოვიდა ორი ცხენოსანი– ერთი ქალი და ერთი კაცი.
ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები, შეიტანეს სადგურში თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადვეს კედელთან და მატარებლის მოლოდინში მიეყუდნენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა”.

მაგალითიდან ვიგებთ, რომ მარტის თვეა, საღამო ჟამია (ვეცნობით დროს, როდესაც ხდება ტარიელისა და დესპინეს შეხვედრა), ხალხი ჯერ რკინიგზის სადგურის ბაქანზე და შემდეგ მოსაცდელ დარბაზში ელოდება მატარებელს (ვეცნობით ადგილს, სადაც იწყება მოქმედება), სადგურის დარბაზშია შეზარხოშებული ტარიელ მკლავაძე და მისი მეგობრები, იქვე არიან ახლადმოსული სპირიდონ მცირიშვილი და მისი მეუღლე (ვეცნობით მთავარ მოქმედ პირებს ).

თუმცა ექსპოზიცია უმთავრესად თხზულების დასწყისშია, მაგრამ შეიძლება მას ავტორმა უფრო დაგვიანებითაც მიმართოს.

„გოგია უიშვილში” ავტორი მოგვიანებით გვაცნობს მოქმედი პირების ვინაობას და მათ მდგომარეობას.

„კაკო ყაჩაღში” ილია ჭავჭავაძე ექსპოზიციამდე მთელ რიგ მოვლენებს გვიხატავს: იგი აგვიწერს საღამოს სურათს, ზაქროს შეხვედრას მეურმესთან, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან, ზაქროს ბავშვობას და ამ მოვლენების შემდეგ აამბობინებს ზაქროს იმ ვითარების (მამის ავად გახდომა) შესახებ, რომელშიც დაიწყო ძირითადი ამბავი, ე.ი. წინააღმდეგობა ზაქროს მამასა და ბატონს შორის.
ავტორი ზაქროს თხრობის სახით გვიხატავს მისი ოჯახის მდგომარეობას, რამაც აიძულა ზაქროს მამა ბატონთან წასულიყო სათხოვნელად.
სწორედ ეს ადგილი, სადაც ზაქრო განმარტავს, თუ როდის და რა პირობებმა აიძულა მამამისი ბატონთან წასულიყო, არის „კაკო ყაჩაღის„ ექსპოზიცია. „კაკო ყაჩაღში” ეს ადგილი გვიან არის მოცემული. ასეთ ექსპოზიციას შენელებული ექსპოზიცია ეწოდება.

მოთხრობაში შეიძლება რამდენიმე ამბავი, რამდენიმე მოქმედება იყოს და ამის შესაბამისად ყველა ამბავს ჰქონდეს თავისი ექსპოზიცია.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9