კა კე კვ კი კლ კო კუ
კომ კონ

კომედია

კომედია ისეთი სასცენო ნაწარმოებია, რომელიც სასაცილო ფორმებში გვიხატავს ადამიანის უარყოფით მხარეებს და რომლის გმირებიც აწარმოებენ ბრძოლას უმნიშვნელო დაბრკოლებებთან.

კომედიის მიზანია, მოქმედი პირის უარყოფითი თვისებების დაცინვის საშუალებით აამაღლოს მაყურებლის ან მკითხველის ზნეობა. დაცინვის გამოწვევისათვის კომედიის ავტორები სასაცილო ფორმებში გვიხატავენ მათი გმირების გარეგნობას(კაროჟნა – „დარისპანის გასაჭირში”), მათ მეტყველებას(ოსიკო – „დარისპანის გასაჭირში”, კარაპეტ ბუღდანიჩი და მიკირტუმ გასპარიჩი–გ. ერისთავის, კომედიებში), მათ ყოფა–ქცევას.

წინააღმდეგობის ხარისხით, მოქმედ პირთა ხასიათით და მაყურებელში გამოწვეული შთაბეჭდილებით კომედია სავსებით უპირისპირდება ტრაგედიას.

კომედიის გმირები, ვიწრო ინტერესებით გამსჭვალულნი, ქვენა გრძნობის ადამიანები არიან. მათი მიზანი არ იწვევს მკითხველში ტრაგედიისათვის დამახასიათებელ თანაგრძნობას. კომედიის მოქმედ პირებს, „ბრძოლა” უხდებათ უმნიშვნელო და, ზოგჯერ, მოჩვენებით წინააღმდეგობასთან. კომედია, უმთავრესად, მოქმედ პირთა შერიგებით ან წინააღმდეგობათა გადალახვით მთავრდება (მაგ.„გაყრა”).

არის ისეთი კომედიაც, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტრაგიკულ ელემენტს. მაგ.დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება”. მასში ავტორი დასცინის ტრადიციულ შეხედულებას წოდებრივ უპირატესობაზე (ფილიპე სასიძოდ აბესალომს ირჩევს, როგორც მემამულეს), თუმცა ირინე ვერ უწევს მამას გადამწყვეტ წინააღმდეგობას, უთმობს მას და ცოლად მიყვება აბესალომს, მაგრამ წინააღმდეგობა აბესალომსა და ირინეს შორის გრძელდება. ამით „ირინეს ბედნიერება” გარდამავალ საფეხურად რჩება კომედიასა და დრამას შორის. ამ პიესის ძირითადი ნაწილი – ირინეს გათხოვების საკითხის გადაწყვეტა, მიუხედავად ტრაგიკული ელემენტებისა, კომედიას უახლოვდება, რადგან მოქმედ პირებს შორის არ აღმოჩნდა შეურიგებელი წინააღმდეგობა, მაგრამ კომედიის უკანასკნელი ნაწილი – აბესალომის მიერ ოჯახზე თითქმის ხელის აღება და ირინეს მოსაკლავად ხანჯლის მოქნევა, ისე მწვავედ გვიხატავს მათ ურთიერთობას, რომ მისი გამოხატვა მხოლოდ დრამით შეიძლება; მსგავსი მოვლენის გამო, ზოგჯერ ერთსა და იმავე ნაწარმოებს ზოგი კომედიას უწოდებს და ზოგი დრამას (მაგ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება”).

კომედიაში გმირთა თვით უკიდურესი წინააღმდეგობაც კი სიცილს იწვევს. მაგ. ამოღებული ხმლით კომედიის გმირების ერთმანეთზე გაწევა მუთაქის გაყოფის დროს („გაყრა”). ამ ხერხს გ. ერისთავი შეგნებულად მიმართავს, რომ ნათლად დაგვიხატოს ქართველი მემამულეების დაწვრილმანება და მეტი საფუძველი მოგვცეს მათი დაცინვისათვის. ამიტომ ეს სცენა კომედიისა მაყურებლებში, შიშისა და თანაგრძნობის ნაცვლად (რაც ტრაგედიაში იგრძნობოდა კონფლიქტის გამწვავებით), ზიზღსა და დაცინვას იწვევს.

ძველი კომედიის გმირები, უმთავრესად, სუსტი ნების მქონე ადამიანებია და მათ წინაშე დაბრკოლებებიც უმნიშვნელოა. თუ კომედიის გმირს წინ ხვდება ჩვეულებრივი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, მაშინ თვით კომედიის პერსონაჟი არის აღჭურვილი ისეთი ძალით, რომ იგივე დაბრკოლება მისთვის მაინც უმნიშვნელოა. მაგ. შექსპირის კომედიის გმირი პეტრუჩიო („ჭირვეული ცოლის მორჯულება”), რომელსაც ისეთი ნებისყოფა აქვს, რომ მისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს თავისი სიანჩხლით ყველა სასიძოსათვის საფრთხობელად მიჩნეული კატარინას გარდაქმნა.

კომედიას არ ახასიათებს გრძელი მონოლოგები; მოქმედება სწრაფად ვითარდება. მოქმედების განვითარება თანდათან ააშკარავებს გმირის უარყოფით მხარეებს და იგი მაყურებლის თვალში უფრო და უფრო სასაცილო ხდება.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9