ლე ლი
ლეგ ლექ

ლექსი

მხატვრულ ნაწარმოები, რომელშიც აზრები ხატოვნად არის გამოსახული, დაცულია სიტყვების თანაზომიერება და სხვადასხვა სტრიქონში განმეორებულია ბოლო ბგერები.

პოეზია ლექსების ერთობლიობას ნიშნავს. პროზა კი ეწოდება თხრობით გაულექსავ ლიტერატურას.


რით განსხვავდება ლექსი პროზისაგან? ერთ–ერთი ცნობილი ხალხური ლექსი წავიკითხოთ ისე, როგორც პროზას ვკითხულობთ: „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვს, გული გაუპოს დანამა”

წავიკითხოთ იგივე ლექსად დაწერილი :

„ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა,
ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას,
გული გაუპოს დანამა.”

ლექსად და პროზად წაკითხვის განსხვავების საილუსტრაციოდ ჩვენ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ იმის გარკვევით, თუ როგორ ეფარდება ერთმანეთს ლექსისა და პროზის ტემპი (კითხვის სიჩქარე) და ინტონაცია (ხმის ამაღლების დონე და მისი აწევ – დაწევის მიმდინარეობა). როდესაც პროზაულად ვკითხულობთ: ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა” – ტემპი აჩქარებულია. ორივე ფრაზა სამ–სამი სიტყვისაგან შედგება. ამ სამიდან პირველ ორ სიტყვას („ჟუჟუნა წვიმა”, „დიდი მინდორი”), რომლებიც წინადადებაში მსაზღვრელისა და საზღვრულის ფუნქციას ასრულებენ, თითქმის ისე გადაბმულად წარმოვთქვამთ, რომ მათ შორის შესვენება (პაუზა) შეუმჩნეველია. ასევე მინიმალურია პაუზა მეორე სიტყვის დამთავრების შემდეგ. პროზაული ტექსტის ორივე ფრაზაში, რომელშიც 6 სიტყვაა(3:3), შესვენება იგრძნობა მხოლოდ სინტაქსური ერთეულების(ფრაზების) დამთავრების შემდეგ. 6 სიტყვის წარმოთქმა მხოლოდ ორ პაუზას განაპირობებს. პაუზების სიმცირე კი – ტემპის სინელეს, სიჩქარეს (მთელი ფრაზა თითქმის ჰაერის ერთი მიწოლით წარმოითქმება).

შევამოწმოთ ტექსტში მახვილების ხარისხი და ხმის აწევ–დაწევის მიმდინარეობა (ინტონაცია).

პროზაულად წაკითხულ ტექსტში – „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, „დიდი მინდორი დანამა” – პირველი და მეორე სიტყვის მახვილები („ჟუჟუნა წვიმა, „დიდი მინდორი”) სუსტია, მათ შორის ორმარცვლიანი სიტყვების მახვილი („წვიმა”, „დიდი”) კიდევ უფრო სუსტია. ფრაზების დამამთავრებელ სიტყვებში – „მოვიდა”, „დანამა” – მახვილები შედარებით უფრო აწეულია, გაძლიერებულია და გაგრძელებულია: გაძლიერებულია იმიტომ, რომ ეს სიტყვები „მოვიდა”, „დანამა” მოყვანილ მაგალითში შემასმენელებია. მათი მახვილები ლოგიკური მახვილებია. ისინი ხმის აწევით და გაძლიერებით ამთავრებენ ფრაზის ფარგლებში ინტონაციის (ხმის აწევ–დაწევის) მოწესრიგებას. (ფრაზა იწყება და გრძელდება სუსტი მახვილებით – დაბალი ხმით და მთავრდება აწეული ხმით, გაძლიერებული მახვილით, ზოგჯერ – პირიქით).

ყოველივე ზემოთქმულიდან უნდა დავასკვნათ: პროზაულ ტექსტში კითხვის ტემპი ჩქარია, მახვილი (ლოგიკურის გამოკლებით) სუსტია. იმავე ტექსტის ლექსად წარმოთქმის დროს ყოველი სიტყვა (ან სიტყვათა სამახვილო ჯგუფი) განცალკევებულად და მკაფიოდ წარმოითქმის. ეს მოვლენა იწვევს ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ შეჩერებას (პაუზებს). 16 მარცვლიან სალექსო სტრიქონში პროზაულად კითხვის დროს თუ მხოლოდ ორი პაუზაა, ლექსად კითხვის დროს სამჯერ მეტია (ექვსი). ყოველივე ეს იწვევს ტემპის შენელებას და წარმოთქმის დროის უფრო გახანგრძლივებას.

რა ცვლილებას განიცდის პროზასთან შედარებით ლექსის ინტონაცია; რა ადგილი უკავია პროზასთან შედარებით ლექსში ბგერითი მხარის მოწესრიგებას?

პროზაულად წაკითხვის დროს ტექსტში „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა”– მახვილები მხოლოდ ფრაზების დამთავრების შემდეგ იყო წარმოდგენილი (ორი ფრაზის არსებობამ განაპირობა მხოლოდ ორი გაძლიერებული მახვილი). ლექსად წაკითხვის დროს საანალიზო ტექსტში ექვსივე სიტყვა, რომელთათვისაც ლექსის ბუნების მიხედვით სავალდებულოა მკაფიოდ გამოთქმა, საკუთარ გაძლიერებულ მახვილს იღებს. სალექსო სტრიქონის დამამთავრებელი სიტყვის მახვილი, რომელიც რითმის წარმოქმნას განაპირობებს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ლექსში ინტონაცია ანუ ბგერითი მხარე მაქსიმალურად მოწესრიგებულია. ამით განსხვავდება ძირითადად ლექსი პროზისაგან.

შინაგანი ბუნებით განსხვავებასთან ერთად, მხატვრული პროზისაგან ლექსი გარეგნულადაც განსხვავდება. ლექსად დაწერილში სტრიქონი ბოლომდე გრძელდება. ლექსისთვის მთელი სტრიქონოს დაკავება სავალდებულო არ არის. ლექსი დაყოფილია გარკვეულ მარცვალთა რაოდენობის შემცველ სტრიქონებად. უმეტეს შემთხვევაში ლექსის ყოველი სტრიქონი თანაბარმარცვლიანია. ლექსის კითხვის დროს თითოეული სტრიქონის განსაზღვრულ ადგილზე დამთავრებისას, ჩვენ ვჩერდებით და ეს შეჩერება(პაუზა) იმაზე მიგვითითებს, რომ ლექსი განგებ (ე.ი. ბგერის მოწესრიგების მიზნით) არის დაყოფილი ცალ–ცალკე, შედარებით დამოუკიდებელ ერთეულებად(სტრიქონებად).
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9