ლე ლი
ლირ ლიტ

ლირიკა

პოეზიის გვარი, რომელშიც უშუალოდ არის გადმოცემული ავტორის პირადი მისწრაფება, განცდა, შთაბეჭდილება, რასაც იგი იღებს ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენისაგან.

მწერლის მიერ პირადი განცდების უშუალო გამოხატვის მაგალითები ეპოსში და დრამაშიც გვხვდება, მაგრამ ლირიკული ადგილი ეპოსში და დრამაში გამოსახვის ძირითადი საგნის ან საშუალების შემადგენელი ნაწილია (ელემენტი). თვით სიტყვა „ლირიკა” წარმოდგება სამუსიკო იარაღის სახელისაგან, რასაც ლირა ეწოდება. ლირიკა პოეზიის ერთ–ერთ გვარს იმიტომ უწოდეს, რომ ასეთი სახის ნიმუშებს ძველ საბერძნეთში ლირაზე ამღერებდნენ. ლირიკულ ნაწარმოებში პოეტი გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს, თავის პირად განცდებს, სურვილს, მისწრაფებას, აღტაცებას, სევდას, სიხარულს და ა.შ.

ავიღოთ სანიმუშოდ აკაკის ცნობილი ლექსი „გაზაფხული”:

„დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა,
„გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი ჩამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ,
ახლოს არის მომავალი!
მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა,
დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: ტია, ტიას!”

ლირიკული ნაწარმოებისათვის ავტორის ისეთი განწყობილების გამოხატვაა მნიშვნელოვანი, რომელიც არა მარტო თვით ავტორს, არამედ მასთან ერთად სხვა ადამიანებსაც ახასიათებს; სიხარული და აღტაცება, რომელიც გამოხატა აკაკი წერეთელმა „გაზაფხულში”, ავტორთან ერთად, დამახასიათებელი იყო სხვა მოწინავე ადამიანებისათვისაც, რომლებიც თვითმპყრობელური რუსეთის დახავსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური წყობილების დამხობაზე ოცნებობდნენ.

ლირიკული ნაწარმოები უფრო ხშირად გამოხატავს ავტორის მღელვარე გრძნობას. დაძაბული მღელვარება დიდხანს ვერ გრძელდება და ლირიკული ნაწარმოების თემა, ჩვეულებრივ, ავტორის წუთიერი განცდაა. ამიტომ, ლირიკული ნაწარმოები, ხშირად, მცირე მოცულობისაა (შეიძლება დაიწეროს დიდი მოცულობის ლირიკული ნაწარმოებიც, მაგალითად – ლირიკული პოემა. მაგრამ ეს იშვიათად ხდება), უმთავრესად ლირიკული განცდები მცირე ზომის ლექსის საშუალებით სახიერდება.

ლირიკული ნაწარმოების თემატიკა მდიდარია. ცხოვრებაში უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანის სულიერი მღელვარება გამოიწვიოს. ყველაფერი ის, რაც წარმოშობს პოეტის მღელვარებას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი მისი სევდისა თუ აღტაცების გამოწვევის, შესაძლებელია ლირიკული ნაწარმოების თემად იქნეს გამოყენებული.

ლირიკული ნაწარმოების უფრო გავრცელებული თემებია:

1. ბუნება. ბუნების თავისებურება, დღე და ღამე, მწუხრი თუ დილა, ზამთარი თუ ზაფხული, კამკამა ზეცა თუ სეტყვა–ქუხილი ადამიანში იწვევს სხვადასხვა შთაბეჭდილებას. ბუნების თავისებურებასთან დაკავშირებით ხშირად აღეძვრება მწერალს მისთვის რთული ფილოსოფიური საკითხები: ფიქრები ადამიანის დასაბამის, მისი ბუნების, მისი დანიშნულებისა და მისი მომავლის შესახებ (ნ. ბარათაშვილი – „ფიქრნი მტკვრის პირას”, „შემოღამება მთაწმონდაზედ” და სხვ.);

2. სიყვარული. („გახსოვს, ტურფავ” – ი. ჭავჭავაძის, „მერი” – გ. ტაბიძის, „შენ გეტრფი მარად” – გ. ვოლსკის, „რა კარგი ხარ, რა კარგი” , „დამიბრუნდი, დამიბრუნდი” – ი. გრიშაშვილის და სხვ). სატრფიალო ლირიკაში გამოხატულია სიყვარულის ობიექტით აღტაცება, განშორება, სევდა, სატრფოს სიახლოვის და თანაგრძნობის სურვილი, იჭვი და სხვა;

3. საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრება და სხვა. რევოლუცია და ბრძოლა („ხანჯალს” – ა. წერეთლის, „დროშები ჩქარა” – გ. ტაბიძის და სხვ); პატრიოტიზმი და ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა(„ელეგია”; „მესმის, მესმის” – ი. ჭავჭავაძის, „თავო ჩემო”, „სულიკო”, „აღმართ–აღმართ”, „მუხამბაზი” – ა. წერეთლის, „დაბრუნება” – გ. ტაბიძის, „სამშობლოს ნანგრევებში” – ი. გრიშაშვილის)
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9