ლე ლი
ლირ ლიტ

ლირიკული ლექსის კომპოზიცია

სიუჟეტიანი ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი მოქმედების განვითარების ქვედა საფეხურები ლირიკულ ლექსში იშვიათად გვხვდება, მაგრამ მასში ხშირად აშკარად გამოიყოფა სიუჟეტის ცალკეული ელემენტები.

ი. ჭავჭავაძის ლექსში „გახსოვს, ტურფავ”, პირველი ორი ტაეპი ექსპოზიციაა, რადგან დასახელებულია დრო, ადგილი და მოქმედი პირები. მიუხედავად იმისა, რომ ლექსის შემდეგი ტაეპი აღარ შეიცავს კვანძს და არც მის მომდევნო საფეხურებს, მასში პოეტი უშუალოდ გამოხატავს თავის მწუხარებას იმის გამო, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალი და წარმავალთა შორის დროებითია ადამიანის სიყვარულის გრძნობაც.

გ. ტაბიძის „მთაწმინდის მთვარეში” ლექსის დიდი ნაწილი უკავია პეიზაჟური ლირიკის საშუალებით შექმნილ ექსპოზიციას, რომელშიც იხატება დრო და ადგილი (მთვარიანი ღამე, თბილისის პეიზაჟი). ამის შემდეგ მზადდება კვანძი, რომელიც ითვალისწინებს ნ. ბარათაშვილისა და ა. წერეთლის პოეზიის საუკუნოებრივ მნიშვნელობას და როგორც პოეტის, ისე მკითხველის გონებაში, ბუნებრივად ჩნდება პარალელი გ. ტაბიძესა და ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს შორის. ეს პარალელი, რომელსაც თავისთავად წარმოშობს ლექსში მოცემული სიტუაცია, უკვე კვანძის სახით გვევლინება და დასრულებულ ფორმას იღებს საკითხის დაყენებით – თუ რა ღირებულებებისაა თვით ავტორის (გ. ტაბიძის) პოეზია. მოქმედების განვითარების შემდეგ საფეხურზე პოეტი ამბობს, რომ იგი მზად არის გულწრფელად გამოხატოს თავისი გულისნადები პოეტური ფორმების საშუალებით. ამასთან ერთად იგი ითვალისწინებს თავისი შემოქმედების მნიშვნელობას. იმას, რომ მაღალი ხელოვნების შემოქმედი სძლევს სიკვდილს და საუკუნეობრივ არსებობას იხვეჭს. პოეტი კმაყოფილია იმით, რომ მისგან შექმნილი მხატვრული სახეებიც საუკუნეობრივი მნიშვნელობისაა. ამ აზრთან დაკავშირებული განცდა თავისი მომავალი უკვდავებისა პოეტში თანდათან აძლიერებს კმაყოფილების გრძნობას, ემოციის დაძაბულობას; იგი განვითარების უმაღლეს საფეხურს (კულმინაციურ წერტილს) აღწევს შემდეგ სტრიქონებში:

„რომ აჩრდილნო, მე თქვენს ახლოს სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი”.

უკანასკნელი ტაეპი პოეტის გრძნობის განვითარების კულმინაციური მომენტია. ამ ტაეპს მოსდევს ლექსის დამამთავრებელი ტაეპი („ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი”).

ეს არის უკვე კვანძის გახსნა – ამ ტაეპით ჩვენ ვგულისხმობთ, რომ პოეტის გრძნობის განსაკუთრებულმა დაძაბულობამ გაიარა და იგი დაუბრუნდა ლექსის დასაწყისში მოცემულ განწყობილებას. კომპოზიციური თვალსაზრისით, ეს ტაეპი, კვანძის გახსნასთან ერთად, მის განვითარებასაც წარმოადგენს.

ლირიკულ ლექსში ჩვენ გვაქვს მოქმედების განვითარების ელემენტები, ზოგი მათგანი კი ლექსში აშკარად ვლინდება (ექსპოზიცია – ი. ჭავჭავაძის „ლექსში გახსოვს, ტურფავ”, გ. ტაბიძის – „მთაწმინდის მთვარე”, კულმინაცია, კვანძის გახსნა – „მთაწმინდის მთვარე”)

ლირიკული ლექსის კომპოზიცია უფრო ხშირად მარტივია. ზოგჯერ ლექსი მხოლოდ ორი მომენტის, ორი ეპიზოდისაგან შედგება.

პირველში აღწერილია რაიმე გარეგანი მოვლენა (ბუნება, სატრფოს გარეგნობა, წარსულის მოგონება და სხვ.). მეორე ნაწილში კი პოეტი გვიხატავს თავის პირად შთაბეჭდილებას, რასაც მასში აღძრავს მის მიერ ასახული გარეგანი მოვლენა ან რაიმე წარმოდგენა:

„ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალი სჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი,
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები,
მამულო, საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?!”(ილია).

ამ ლექსის თემა საქართველოს მომავალია და იგი ლექსის დასასრულს იხსნება.

ლექსის იდეა ასეთია: ყველაფერს სიცოცხლე და განვითარება ახასიათებს, ზამთრისაგან მიძინებული ბუნებაც იღვიძებს და ჰყვავის. პოეტი ამ აზრზე მიგვანიშნებს ლექსის მთავარ ნაწილში. დასასრულს კი უფრო ნათლად ავლენს როგორც მთელი ლექსის იდეას, ისე თავის სურვილს, რომ ცხოვრების განახლებისა და წინსვლის ბუნებრივი კანონი მისი სამშობლოს მიმართაც განხორციელდეს.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9