ტროპი, რომელშიც მოვლენის ან საგნის სახელი სხვა სახელით არის შეცვლილი ურთიერთკავშირის ნიადაგზე („მეტონიმია” ბერძნულად სახელის გამოცვლას, ანუ გადასახელებას ნიშნავს).
მაგ. „რუსთაველს ვკითხულობ” – მეტონიმიაა, რადგან ვკითხულობ არა თვით რუსთაველს (წაკითხვა მხოლოდ ნაწერის ან ნაბეჭდის შეიძლება), არამედ ნაწარმოებს. მაგრამ, ვინაიდან, წიგნსა და რუსთაველს შორის არსებობს კავშირი (რუსთაველი არის ავტორი „ვეფხისტყაოსნისა”), საკმარისია დავასახელოთ პოეტის გვარი და მაშინვე „ვეფხისტყაოსანი” წარმოგვიდგება.
მეტონიმიის ნიმუშებია:
„ერთი ჭიქა დავლიე” (დასახელებულია ჭურჭელი სასმელის ნაცვლად). „თოფი გაისროლა” (დასახელებულია იარაღი ტყვია–წამლის მაგიერ). „ოქროს მოყვარული” – იგულისხმება ფულის მოყვარული. „ კალამი მაცხოვრებს” (იარაღი მოქმედების, ე.ი. წერის მაგიერ). „მექარხნე იწვის” (პატრონი, მფლობელი–ქონების მაგიერ). „მოგელის სახრჩობელა”, „მოგელის შავი სამარე”, ე.ი. სიკვდილი (დასახელებულია მოვლენასთან დაკავშირებული საგნები) და ა.შ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977