მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მოთ მონ მოტ

მოთხრობა

ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც ვრცლად არის მოთხრობილი ერთი ამბავი.

მაგ. „სამანიშვილის დედინაცვალში”. ვრცლად არის ასახული ბეკინა სამანიშვილის მეორედ დაქორწინების ამბავი და მისი შვილის პლატონის უნაყოფო ცდა ოჯახის გამყოფი ძმის დაბადებისაგან გადარჩენისა. მოთხრობაში მოქმედება დინჯად ვითარდება. ავტორი მოკლედ გვაცნობს ბეკინას ცხოვრებას, მის მიერ მეორე ცოლის შერთვის გადაწყვეტამდე, ე.ი. ნოველისაგან განსხვავებით, მას აქვს წინაამბავი. აქვს აგრეთვე ბოლოამბავი, რომელშიც ჩვენ ვეცნობით მოთხრობის მთავარი მოქმედი პირების ურთიერთობას მოთხრობის ძირითადი ამბის დამთავრების, ე.ი. ბეკინას მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ.
„სამანიშვილის დედინაცვალში” მოქმედ პირთა რიცხვიც, ნოველასთან შედარებით, მეტია: გარდა მთავარი მოქმედი პირის – პლატონ სამანიშვილისა, მასში გამოყვანილია აგრეთვე პლატონთან, როგორც მთავარ მოქმედ პერსონაჟთან და ამბის განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედი პირები: ბეკინა სამანიშვილი, ბრეგვაძის ქვრივი, კირილე – პლატონის სიძე, არისტო, სოფლის „ადვოკატი” გედევანიძე და სხვანი. მოქმედი პირების ხასიათი და მათი სამოქმედო გარემო საკმაოდ ვრცლად არის მოცემული. „სამანიშვილის დედინაცვალი” გვიხატავს მისი მთავარი პერსონაჟების ცხოვრების არა ერთ მომენტს, არამედ მათ ცხოვრებას საკმაოდ დიდ მანძილზე.

უფრო ხშირად მოთხრობაში ავტორი გვაცნობს მთავარი მოქმედი პირის ცხოვრებას ძირითადი ამბის დაწყებიდან (კვანძის გასკვნიდან) მისი სიცოცხლის დამთავრებამდე. მწერალს შეუძლია ბოლო ამბის სახით გაგვაცნოს, აგრეთვე, მთავარი მოქმედი პირის ოჯახის ბედი კვანძის გახსნის შემდეგ.
მოთხრობას, გარდა წინა ამბისა, შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე პროლოგი და ეპილოგი. მასში ხშირად გვხვდება პეიზაჟები და ჩართული ეპიზოდები.

„სამანიშვილის დედინაცვალში” დეტალურად არის მოცემული მოქმედების განვითარების ყველა მნიშვნელოვანი საფეხური (ექსპოზიცია, წინა ამბავი, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ჩართული ეპიზოდები, ბოლოამბავი და სხვ.). ამ თვისებით მოთხრობა რომანს უახლოვდება.

ქართულ ლიტერატურაში მოთხრობის ნიმუშებია: „გლახის ნაამბობი”, „ჩვენი ქვეყნის რაინდი”, „მოსე მწერალი”, „გოგია უიშვილი”, „ხევისბერი გოჩა”, „მოძღვარი”, „ტარიელ გოლუა” და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9