მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მოთ მონ მოტ

მოტივი

ლათ. movere
მოვლენის, მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზი („მოტივი” ლათინურად ნიშნავს მოძრაობას).

მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ეპიზოდი გვეხმარება სხვა ეპიზოდებში ასახული მოვლენების ახსნასა და მთავარი იდეის გამოვლენაში. მათი საშუალებით მხატვრულ ნაწარმოებში ასახული მოვლენები გვეხატება ერთმანეთთან კავშირ–ურთიერთობაში. ამ ჯაჭვში ერთი მოვლენა წარმოიშობა როგორც შედეგი სხვა მოვლენისა და ეს შედეგი თვითონ იქცევა სხვა, მისი მომდევნო მოვლენის მიზეზად.

ლიტერატურულ ნაწარმოებში მოტივი, ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე წინადადებისგან შედგება. მასში გამოხატულია ისეთი ხასიათის მოვლენები ან პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს მხატვრული ნაწარმოების შინაარსის განვითარებაზე, მოქმედ პირთა ურთიერთობაზე და, საერთოდ, მათ განწყობილებაზე, მოქმედების გეგმაზე და სხვ.

მოტივები ნაწარმოებში გამოხატულ მოვლენებს ერთიმეორესთან მიზეზობრივად აკავშირებენ.

„კაკო ყაჩაღში” ზაქროს მამის ციებით დაავადება იწვევს მამის წასვლას ბატონთან, ბატონის უსამართლო და უხეში უარი იწვევს ყმის მიერ ბატონის უსამართლობის მხილებას, მხილება– ბატონისაგან ჩიბუხის ტარით ცემას, ეს უკანასკნელი – გლეხისაგან ხელის შებრუნებას, ხელის შებრუნება – ყმის გაროზგვას და მოკვლას, ყმის მოკვლა კი შვილის მიერ შურისძიებას, ბატონის მოკვლას და ყაჩაღად გავარდნას. აქ ჩამოთვლილი ადგილები „კაკო ყაჩაღის” მოტივებია.

გოგია უიშვილში” სოფლად ფირალების გამოჩენა მოტივი აღმოჩნდება იმისათვის, რომ სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენონ. ეგზეკუციის ჩაყენება იწვევს ზედმეტი გადასახადის გაწერას, რომელიც ახალ წლამდე უნდა გადაიხადონ. გოგიას სიღარიბე მოტივია იმისა, რომ ის დანიშნულ ვადამდე გადასახადს ვერ იხდის. გადაუხდელობა იწვევს გოგიას დარბევას, დარბევა – გოგიას ფიზიკურ წინააღმდეგობას, წინააღმდეგობა მისი დაპატიმრების გამო – დატუქსვას, უსამართლოდ დატუქსვა – გოგიას საჯარო პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს პროტესტი – გოგიას საჯაროდ გაწკეპვლას, გაწკეპვლა – შეურაცხყოფას, შეურაცხყოფის გრძნობა – გოგიას თვითმკვლელობას.

„ვეფხისტყაოსანში” როსტევანის სიბერე და მემკვიდრე ვაჟის უყოლობა იწვევს თინათინის გამეფებას, გამეფება – ნადიმობას, ნადიმობის დროს მეფის მოწყენა – სანაძლეოს დადებას როსტევანსა და ავთანდილს შორის. ეს უკანასკნელი იწვევს ნადირობას, ნადირობა უცხო მოყმის ნახვას და მისი ახლოს გაცნობით დაინტერესებას, უკანასკნელი – ავთანდილისაგან ტარიელის ძებნას და მასთან შეხვედრას. შეხვედრა და ტარიელის ამბის მოსმენა – ტარიელისადმი ავთანდილის ღრმა თანაგრძნობას და ნესტანის მონახვის გადაწყვეტილებას, უკანასკნელი მიზანდასახულობა კი – ავთანდილის, ფრიდონის და სხვა გმირების მიერ ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებას.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9