მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მხა

მხატვრული სტილი

ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსისა და მის გამომხატველ მრავალსახოვან ფორმათა მთლიანობა.

ლიტერატურული სტილი თხზულების იდეურ–მხატვრული თავისებურებაა.

„სტილოს” ბერძნულად ეწოდება ჯოხს, რომლითაც წერდნენ გასანთლულ ფიცარზე. ჯოხს ერთი ბოლო წვეტიანი ჰქონდა და იგი ფანქრის მაგივრობას ასრულებდა. მეორე ბოლო კი – ბლაგვი. როდესაც დაწერილის შესწორება უნდოდათ, ბლაგვი ბოლოთი შლიდნენ ფიცარზე დაწერილს და შემდეგ ხელახლა წერდნენ. რომაელები ხშირად ამბობდნენ „ჯოხი (სტილი) ხშირ–ხშირად შეატრიალეო”, – და ეს ნიშნავდა მოწოდებას, რომ ნაწერი დროზე შეესწორებინათ.

სიტყვა „სტილი” იხმარებოდა გადატანითი მნიშვნელობით. ვიწრო გაგებით სტილში გულისხმობდნენ მწერლის ენას, სიტყვების შერჩევა–დალაგებას და სხვ.

მხატვრულ ნაწარმოებში არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვების ან წინადადებათა შერჩევა – დალაგება. ლიტერატურულ ნაწარმოებს ახასიათებს თემა, სიუჟეტი, ადამიანთა ხასიათი, ბუნების აღწერა და სხვ. მათი შერჩევა–შეერთება, დაკავშირება აუცილებლად საჭიროა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. ლიტერატურა ნაწარმოების შინაარსს მრავალსახოვანი ფორმებით გამოხატავს. ამის გამო მხატვრული ლიტერატურის შესწავლა მარტო ენის თავისებურების გამოკვლევის საშუალებით შეუძლებელია. ზემოაღნიშნულის გამო ხელოვნებისა და ლიტერატურისმცოდნეობაში სიტყვა „სტილი” ფართო მნიშვნელობით იხმარება.

ლიტერატურულ სტილში ჩვენ ვგულისხმობთ ამა თუ იმ აზრის, ანუ იდეის შესაფერი ფორმით გამოხატვის არა მხოლოდ რომელიმე მხარეს, როგორიცაა, მაგალითად, ენა, თემა, ტიპები და სხვა, არამედ სტილი ეწოდება გაფორმების ყველა საშუალებას. ლიტერატურული სტილი წარმოადგენს შინაგან მთლიანობას. სტილურ ელემენტებს აერთიანებს მხატვრული ნაწარმოების იდეა. თითოეული მოტივი, ეპიზოდი, მოქმედების განვითარება, ბუნების სურათი, მოქმედ პირთა ხასიათები, ლიტერატურული ნაწარმოების ენა, – მწერლის მიზანდასახულობისაგან გამომდინარეობს, და ყოველი სიტყვა, უმნიშვნელო ეპითეტიც კი, მხატვრულ ნაწარმოებში მოცემულია გარკვეული მიზნით.

სტილი შინაარსის ფორმაა. ამავე დროს მწერლის სტილი მისი შემოქმედების მხატვრულ თავისებურებას გამოხატავს. ეს თავისებურება თითქმის მის ნაწარმოებში მჟღავნდება. სტილი არ არის ერთ წერტილზე გაყინული. იგი იბადება იდეასთან ერთად, ვითარდება, ძველდება. მას ახასიათებს წინააღმდეგობანი; ლიტერატურული სტილის თავისებურებას განსაზღვრავს ეპოქა, ლიტერატურული გავლენა, მწერლის პიროვნება და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9