პა პე პი პლ პო პრ
პეი პეო პერ

პეიზაჟი

ბუნებაში რაიმე ადგილის საერთო ხედი, ბუნების სურათი.

პეიზაჟს მწერლები არ ხატავენ როგორც უბრალო ფონს, მოქმედების სარბიელს. პეიზაჟი დაკავშირებულია ადამიანის განწყობილებასთან და მოქმედებასთან.

„კაკო ყაჩაღი” საღამოს პეიზაჟით იწყება. პოეტი გვიხატავს „მწუხრის ზეწარგადაფარებულ არემარეს, მთვარეს, ალაზანს, რომელიც „ჩიოდა, თითქოს კაცს ემდუროდა”, მეურმის „გლოვის ზარივით მწუხარ სიმღერას”. ბუნების ასეთი აღწერა დაკავშირებულია იმ ამბავთან, რომელიც თვით ამ ბუნების ფონზე ხდება. ილიას სჭირდება ბუნების მწუხარედ, ნაღვლიანად დახატვა, რადგან მის ფონზე სამწუხარო ამბავი ხდება: ზაქრო, რომელიც შეებრძოლა უსამართლობას, იძულებულია ყაჩაღად გაიჭრას. ამისათვის ღამე უფრო ხელსაყრელი დროა. ზემოხსენებულის გარდა, ღამის მწუხარე სურათი მკითხველში იწვევს სევდის აღმძვრელ შთაბეჭდილებას და აძლიერებს თანაგრძნობას პოემის გმირისადმი. ბუნების მწუხარება ეხმატკბილება ზაქროს მწუხარებას.

მთაწმინდის ბუნების მწუხარება სავსებით გამოხატავს ნ. ბარათაშვილის სევდიან განწყობილებას:

„მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!, („შემოღამება მთაწმინდაზედ”)

ზოგჯერ ბუნება, მისი სიკეკლუცითა და საოცნებო მშვენიერებით, მწერალს აღწერილი აქვს იმ მიზნით, რომ უფრო ნათლად გვიჩვენოს წინააღმდეგობა თვით ბუნებასა და ადამიანს შორის. ხშირად მწერალი გვიხატავს ბუნების მომხიბლავ სურათს, მის სილაღეს, სიხალისესა და შვებისაღმძვრელ მშვენიერებას იმ დროს, როდესაც ადამიანი განუსაზღვრელ მწუხარებას განიცდის, ან იღუპება კიდეც.

ე. ნინოშვილი აგვიწერს რა ივანესა და მისი შვილის დაღუპვის შემზარავ სურათს, იმავე დროს, მათი გვამების ტბის უფსკრულისაკენ დაშვების სურათთან ერთად, ასეთ პეიზაჟს გვიხატავს:

„ქარი საშინელის ქუხილით ჰბრუნავდა; მზემ ამოიწია და დაჰყურებდა პალიასტომს, თითქოს სეირს უყურებსო. ივანეს ხეები ისე თამაშობდნენ ტალღებზე, თითქოს დასულდგმულებულან და უხარიათ, რომ თავისუფალი ვართო. ივანეს პატარა ნავიც გარეულიყო ხეებში და მიჰყვებოდა ტალღებს, ხან აღმა, ხან დაღმა, რამდენსამე წამის შემდეგ დამრჩვალი ივანე და ნიკო წყალმა ერთხელ კიდევ ამოიტანა ზემოთ, აჩვენა ქვეყანას და შემდეგ ისევ წაიღო თავის კუპრსავით ბნელ ფსკერისაკენ”.

ამ შემთხვევაში ბუნების სურათი დაპირისპირებულია ადამიანის მდგომარეობასთან. იგი მოცემულია როგორც კონტრასტი, როგორც წინააღმდეგობა იმ უარყოფითი მოვლენისა, რასაც ავტორი გვიხატავს. ბუნების წარმტაცი სურათის აღწერით ავტორს თითქოს უნდა გვითხრას, რომ ლაღი და მდიდარი ბუნების პირობებში ადამიანს შეუძლია ბედნიერი იყოს, მაგრამ იგი ვერ ახერხებს ამას იმ მიზეზით, თვით ადამიანთა ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული.

ზოგჯერ პეიზაჟი ავტორს მოცემული აქვს, როგორც მთავარი მიზეზი, ნაწარმოებში მოქმედების გასავითარებლად. ამ შემთხვევაში ბუნება არ არის უბრალო ფონი მოქმედების გასაშლელად, არამედ თვით არის კვანძის გახსნის მიზეზი.

„პალიასტომის ტბაში” ე. ნინოშვილი გვიხატავს ქარის ამოვარდნისა და პალიასტომის აღელვების სურათს. ქარი და ღელვა ამ შემთხვევაში მხოლოდ გმირთა მოქმედების ფონი კი არ არის, არამედ ივანესა და მისი შვილის დაღუპვის პირდაპირი მიზეზი.

განსაკუთრებით მდიდარია ბუნების სურათებით ნ. ლომოურის მოთხრობა „ყოველი მხრიდან”, რომელშიც პეიზაჟი ნაწარმოების გმირთა მდგომარეობის გათვალისწინების ერთ–ერთი საშუალებაა.
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9