პა პე პი პლ პო პრ
პოე პორ

პოემა

ლექსად დაწერილი დიდი მოცულობის ნაწარმოები.

იგი უმთავრესად ეპიკური, ანუ თხრობითი გვარის სახეობაა, მაგრამ პოემას არ ახასიათებს მარტო ერთი გვარის სახეობა. პოემის ავტორი ლიტერატურის ყოველ გვარს იყენებს იმისდა მიხედვით, თუ რომელი გვარი უფრო ხელსაყრელია ასახული მდგომარეობის გამოსახატავად. ეპიკურის პარალელურად არსებობს აგრეთვე პოემა ლირიკული, ლირიკულ–ეპიკური და დრამატული.

თვით სიტყვა „პოემა” ბერძნულად ნიშნავს შეთხზულს, ქმნილებას. ძველი პოემები წარმოიშვა სხვადასხვა დამოუკიდებელი ლექსისაგან. თითოეულ მათგანში აღწერილი იყო სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდი სახალხო გმირისა თუ რომელიმე შესანიშნავი პიროვნების ცხოვრებიდან. შემდეგში ასეთი ლექსები შეუერთეს ერთი უფრო საინტერესო მოვლენის გამომხატველ ლექსს. ყველა ლექსში მოთხრობილი ამბები მიაწერეს ერთს, უფრო მნიშვნელოვან პიროვნებას და, ამგვარად, წარმოიშვა ძველი საგმირო პოემა.

ბერძნებმა თავიანთი ძველი საგმირო ლექსები, რომლებიც მათ ჰქონდათ შეთხზული ცალკეული გმირების: აქილევსის, ოდისევსის, ჰექტორის, აიქსის, დიომიდეს და სხვათა შესახებ, გააერთიანეს ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის – ტროადის ომის გარშემო. ამ გზით წარმოიშვა საბერძნეთში „ილიადა” და „ოდისეა”, რომელსაც ჰომეროსს მიაწერენ. ასეთივე წესით წარმოიშვა ძველი პოემები ინდოეთში, ტაჯიკეთში(„შაჰ–ნამე”), საფრანგეთში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში. შემდეგ ხანებში პოემამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, შეიქმნა პოემის ორი სახეობა – ძველი და ახალი.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9