რა რე რი რკ რო
რით რიტ

რიტმი

თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებულ გამეორება.

„რიტმოს” ბერძნულად ნიშნავს თანაზომიერებას, სინატიფეს. თანაზომიერება ანუ რიტმულობა მრავალ მოვლენას ახასიათებს. რიტმულად გამოთქმული აზრი უფრო მკვეთრად იჭრება ადამიანის გონებაში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხალხურ ანდაზებსა და გამოთქმებსაც კი რიტმი ახასიათებთ. ლიტერატურის თეორიის შესწავლის დროს რიტმი ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორც ლექსის დამახასიათებელი თვისება.

ლექსის სამეტყველო ერთეულებად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მისი სტრიქონები, ანუ ტაეპები.

„ტოკავდა, ტოკავდა,
პატარა ნარგიზი,
პატარა ნარგიზი,
კოხტა და ფაქიზი.” ( ი. გრიშაშვილი)

თუ დავითვლით მარცვალთა რაოდენობას ყოველ აქ მოყვანილ სტრიქონში, ასეთ სურათს მივიღებთ:

„ტოკავდა, ტოკავდა,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
კოხტა და ფაქიზი.(6)

აქ მოყვანილი ლექსის ნაწყვეტი ოთხი ერთეულისაგან – სტრიქონისაგან შედგება. ოთხივე სტრიქონი თანაზომიერია – ერთეულების, ანუ თანაბარმარცვლიანი სიტყვებისა და სიტყვათა ჯგუფების გამეორებას წარმოადგენს. ლექსებში უმთავრესად თანაბარი რაოდენობის მარცვალთა სტრიქონები მეორდება. ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებში ორ–ორჯერ მეორდება სამმარცვლიანი სიტყვები:

„ტოკავდა, ტოკავდა(3+3)
პატარა ნარგიზი(3+3)

როგორც ვხედავთ, თვით სალექსო სტრიქონშიც თანაზომიერი ერთეულები (ამ შემთხვევაში სიტყვები) მეორდება.

ლექსში თანაზომიერი ერთეულების გამეორება არ არის შემთხვევითი, იგი გარკვეული წესით, გარკვეული რიგის მიხედვით მეორდება – ზოგჯერ ერთმანეთს მიჰყვება, ე.ი. განუწყვეტლივ მეორდება თანაბარმარცვლიანი ტაეპები, ზოგჯერ კი პირველი ტაეპის თანაზომიერი ტაეპი მეორდება მესამე სტრიქონში, მეორე ტაეპისა – მეოთხეში და ა. შ. მაგ:

„როცა დროშა ჩავიბარე,(8)
მე შევფიცე კაცურად,(7)
შენთვის ქარს არ შევუდრკები,(8)
შენთვის ცეცხლში გავცურავ.(7) – (ხ. ბერულავა)

ლექსისათვის თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებული გამეორება აუცილებელი თვისებაა.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9