სა სე სი სო სტ
საა სად საე სამ საო სატ საყ

საერთო აღწერა

ისეთ აღწერას, რომელშიც მსგავსი ან მონათესავე მოვლენათა მთელი ჯგუფია გამოხატული, საერთო აღწერა ეწოდება.

მაგ. ტყის აღწერა:

„ტყე ქვეყნის მშვენებაა; საცა ტყეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე, ხოლო საცა ტყე სრულებით არ მოიპოვება, იქ ბუნება მკვდარია. მეტადრე ზაფხულობით ტყეს არაფერი შეედრება, ხეები შემოსილია ხშირი მწვანე ფოთლით, რომელნიც ნიავის დროს საამურად შრიალებს და სიცხის დროს გრილს ჩრდილს აყენებს ხეების ქვეშა. ზოგი ხე ისე მაღლაა წასული, რომ თვალს ვერ შეუწვდენ წვერამდე, ზოგს ისე განიერად გაუდგამს ტოტები, რომ მის ქვეშ რამდენიმე სახლობა თავისუფლად დაბინავდება. ერთ ადგილას დევებსავით ჩამწკრივებულან უზარმაზარი მუხები, მეორე ადგილას ალვის ხესავით მაღლა ცაში ატყორცნილან ჭადრები, მესამე ადგილას მშვენიერ სუნს ჰფენენ ხშირფოთლიანი ცაცხვები, მეოთხე ადგილას ამშვენიერებს ტყეს დიდი წიფელი, მაგარი ნეკერჩხალი და სხვანი. მარდი ჭიანჭველები ათასობით დაბუდრუგუნებენ ხეებს შუა. თუ ძირს ბალახებში ჩააცქერდები, წითლად დაბრაწული მარწყვი, ჟოლო და შავად დამწიფებული მაყვალი შემოგაჭყეტს თვალსა. თუ მაღლა ხეებს ახედავ, მრავალგვარ ფრინველებს შენიშნავ. აქ მუხის უმაღლეს ტოტზედ მოუკალათებია ქორსა და ბრდღვიალა თვალებით აქეთ–იქით იცქირება; იქ გუგული შემომჯდარა განმარტოებულს იფნის ტოტზედ და ბოლოს ქნევით გაიძახის თავის „გუგუ”–სა. მესამე ხეზე მოუკალათია წყნარ ბულბულს, თვალები დაუხუჭნია და ტკბილს გალობას ნაზად დასძახის; მეოთხე ხეზე კოდალა ღონივრად სცემს თავის მაგარ ნისკარტს ხის ფუღუროსა და კარგი დურგალივით აკაკუნებს. ტყის შუაგულიდან მელიის წკაპა–წკუპი მოისმის და მას თითქოს ბანს აძლევს მგლის ღმუილი, სადღაც დაბურულ კუთხეში ისმის ხეების ჩახა–ჩუხი, – ეს დათვს მოშივნია, თავის ბუნაგიდან ამდგარა და სანადიროდ მიდის. კურდღელი ამ ხეების ჩახა–ჩუხს ტკბილი ძილისაგან გაუღვიძებია და გულგახეთქილი სწრაფად მირბის ხეებს შუა”.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9