სა სე სი სო სტ
სილ სიმ სინ სიუ

სიმბოლო

ფართო მნიშვნელობის ალეგორია.

ჩვეულებრივ სიმბოლოს ნიშანს უწოდებენ. ამ ტერმინს ორგვარი პირველადი მნიშვნელობა აქვს: სიმბოლო არის ნიშანი და ამავე დროს სიმბოლური სიტყვა–სიტყვით ნიშნავს შეერთებულს („სიმბოლო” – ბერძნ. ვაერთებ). სიმბოლურ სახეში ან საგანში, როგორც სხვა საგნის ნიშანში, მართლაც შეერთებულია თვით საგნის პირველად მნიშვნელობასთან სხვა მნიშვნელობა.

სიმბოლური სახის ნიმუში გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან „მერი”:
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
მერი, იმ ღამეს, მაგ თვალთა კრთომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”

აქ, ერთი შეხედვით, პოეტი ცის ფერზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ცა რაღაც მოვლენის სიმბოლოა, იგი სხვა მოვლენასთან არის შეერთებული. შესაძლებელია გავიგოთ რისი სიმბოლოა „ცა”. ამავე ლექსის პირველი ვარიანტი იწყებოდა ასე:

„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა,
მაგ უცხო სახის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”

ამ სტროფში მერის სახეზეა ლაპარაკი. მეორე ვარიანტში კი პოეტმა მერის კონკრეტული სახის ნაცვლად „ცა” დაგვისახელა. ამ შემთხვევაში „ცა” გალაკტიონისათვის არის მერის სახის სიმბოლო. მაგრამ სიმბოლური სახის დაზუსტება მკითხველისათვის ძნელია. სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული სანთლები გ. ტაბიძის ლექსის ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტში:

„შორს, თვალუწვდენელ ლაჟვარდს იქით სანთელი ჩანდა,
დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა,
ტალღებმა შექმნეს ვაი–ვიში, აურზაური
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა”

ამ ლექსში იგრძნობა, რომ სანთელები არის სიმბოლო რაღაც შორეული მიზნის, საითკენაც ისწრაფვოდა პოეტი.

თავისი ბუნებით სიმბოლო ალეგორიას უახლოვდება, მაგრამ მათ შორის არის განსხვავება. ალეგორიული ისეთი სახეა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომელიც სხვა სახის წარმოდგენის საშუალებად არის გამოყენებული. აკაკის „განთიადში” გვხვდება ალეგორიული გამოთქმები: „რაინდი”, „თავდადებული”, „მგოსანი”. ამ სიტყვებში არ იგულისხმება ყველა რაინდი, ყველა თავდადებული ან ყველა მგოსანი, არამედ იგულისხმება კონკრეტული პიროვნება – დიმიტრი ყიფიანი.

ალეგორიული სახეების შეთავაზების დროს ზოგჯერ პირდაპირ არის მითითებული იმაზე, თუ კერძოდ ვის ან რას გულისხმობს ავტორი, რა მოვლენაზეა ლაპარაკი (მაგალითად, იგავ–არაკებში). სიმბოლური სახის შინაარსის გადატანა ერთ გარკვეულ მოვლენაზე ძნელია. სიმბოლურ სახეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და მისი კავშირი სხვა მოვლენებთან მხოლოდ იგრძნობა; სიმბოლური სახე არ იზღუდება ერთი მოვლენით. მისმა შინაარსმა მთელი რიგი მოვლენები უნდა განგვაცდევინოს.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9