სა სე სი სო სტ
სილ სიმ სინ სიუ

სიუჟეტი

ფაბულის მხატვრული განზოგადება.

სიუჟეტი მხატვრული ნაწარმოების შექმნის ერთ–ერთი ხერხია, რომელიც სხვა კომპოზიციურ ელემენტებთან ერთად იქცევა მხატვრული ნაწარმოების აგების საშუალებად. სიუჟეტი ყოველთვის გვიხატავს მოქმედებას, ბრძოლას, რაიმე ამბავს, რომელიც იწყება, ვითარდება და მთავრდება. მისი მხატვრული მნიშვნელობა მეტად დიდია. სიუჟეტის გარეშე ლიტერატურას არ შეუძლია ასახოს ადამიანთა საზოგადოების მრავალფეროვანი და მჩქეფარე ცხოვრება. მხოლოდ სიუჟეტის გამოყენებით და კონფლიქტების ჩვენებით იქმნება მოქმედების რთული განვითარების ამსახველი ნაწარმოები, რომლითაც მწერალი საუკეთესოდ ახერხებს განვითარებაში მყოფი სინამდვილის ასახვას და ამავე დროს მაღალ მხატვრულ შთაბეჭდილებას იწვევს.

ხელოვნების თეორიაში ფაბულასა და სიუჟეტს ხშირად განმარტავენ როგორც ერთი და იმავე მნიშვნელობის ცნებებს. „ სიუჟეტი” ფრანგულად სიტყვასიტყვით ნიშნავს თემას, ქვემდებარეს, ე.ი. საგანს, რის შესახებაც ლაპარაკობენ. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი – მხატვრული ნაწარმოების საგანს, ე.ი. იმას, რაც მასშია გამოხატული. მაგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა და ამ სურათის სიუჟეტი არის მზის ამოსვლა, ე.ი. სურათში დახატულია მზის ამოსვლა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ რომელიმე სურათის შესახებ, რომ მისი სიუჟეტია – გაზაფხული, ზღვის ღელვა, განთიადი, ფრონტიდან გმირის დაბრუნება და სხვ. შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ რომელიმე ქანდაკების შესახებ, რომ მისი სიუჟეტია ჯანსაღი სულის ჯანსაღ სხეულში არსებობა, ბადროს ტყორცნა და ა.შ.

მოტანილი მაგალითები მხატვრობას და ქანდაკებას ახასიათებს. ისინი მოვლენას გაქვავებულ მდგომარეობაში გვიხატავენ; ხელოვნების ასეთ დარგებში სიუჟეტი იგივე თემაა. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მისი სიუჟეტი მთავარ ყურადღებას აქცევს არა იმას, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი, არამედ უფრო მეტად იმას, თუ რა ხდება, რას აკეთებენ მხატვრული ნაწარმოების გმირები და როგორ გადმოგვცემს მომხდარს ავტორი. ეს მოვლენა გამოწვეულია იმით, რომ თვით ლიტერატურა განსხვავდება ფერწერისა და მხატვრობისაგან.

ლიტერატურული ნაწარმოების გმირები მოქმედებენ, ვითარდებიან, მათი მოქმედება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროში ხდება. ლიტერატურა არ არის შეზღუდული დროით და სივრცით. ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტის შინაარსიც თავისებურია. ამიტომ ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის დროს აუცილებელია ფაბულისა და სიუჟეტის განსხვავებული მნიშვნელობის გათვალისწინება.

სიუჟეტის განვითარება

ლიტერატურული ნაწარმოების კითხვის დროს ჩვენ ვეცნობით:

1. მოქმედ პირთა ვინაობას, მათ მიზანდასახულობას, მათ ინტერესებსა და მისწრაფებას.
2. დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლიან მათი მიზნის მიღწევაში. მოწინააღმდეგე ძალებს, რომლებთანაც მოქმედ გმირებს უხდებათ ბრძოლის წარმოება, დროს, ადგილსა და პირობებს, რომლებშიც ნაწარმოებში გამოყვანილი გმირები მოქმედებენ.
3. მოქმედ პირთა ურთიერთობას.
4. წინააღმდეგობისა და ბრძოლის განვითარებას.
5. ბრძოლის შედეგს.


ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებას უმთავრესად აქვს შემდეგი საფეხურები:
ექსპოზიცია, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა, წინათქმა, ბოლოთქმა, პროლოგი და ეპილოგი. სიუჟეტის განვითარების დროს გვხვდება აგრეთვე ლირიკული გადახვევები, ჩართული ეპიზოდები, პეიზაჟები და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9