ტა ტე ტი ტო ტრ
ტიპ

ტიპი

ბერძნ. ნიმუში, ასლი, ანაბეჭდი
კონკრეტული მხატვრული სახე, რომელშიც გაერთიანებულია ადამიანთა ან სხვა მოვლენათა ჯგუფის მთავარი დამახასიათებელი თვისებები

ტიპის შექმნა ნიშნავს სინამდვილის დამახასიათებელი მოვლენების განზოგადებას. ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი არ წარმოადგენს ცხოვრების სინამდვილეში არსებულ ამა თუ იმ პიროვნების ფოტოგრაფიულ სურათს, ის არ განასახიერებს მხოლოდ ერთ ადამიანს. მხატვრული ნაწარმოების ერთ–ერთი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ავტორი ერთი პიროვნების საშუალებით მთელი საზოგადოებრივი ჯგუფის არსებითსა და დამახასიათებელ თვისებებს გვიხატავს.

ილიას ლუარსაბ თათქარიძე გამოგონილი პიროვნებაა, რომელშიც ავტორმა შეაერთა ყველა ის თვისება, რაც 60–იანი წლების მუქთახორა ქართველ მემამულეებს ახასიათებდათ.

ლუარსაბის სახით ილიამ დაგვიხატა არა ერთი პიროვნება, არამედ ჯგუფი ადამიანთა საზოგადოებისა. „ათასია ჩემისთანა და ათასზე მეტი” – ამბობს თავის თავზე ლუარსაბი მოთხრობის წინასიტყვაობაში. „ვინც მაგასა ნახავს, – მითამ ჩვენ უნახივართ... მაგის შერცხვენა, ჩვენი შერცხვენაა”, – ამბობს ლუარსაბის გამომზეურებით შეშინებული ადამიანთა ხროვა, ხროვა იმ ადამიანებისა, რომლებიც ილიამ ლუარსაბის სახით დაგვიხატა.
„მეც ეგ მიხარია... კარგი ნიმუშია”– პასუხობს მათ ავტორი.

მწერალი განყენებულად კი არ ჩამოთვლის ადამიანთა ჯგუფის თვისებებს, არამედ მათ (ე.ი. თვისებებს) გამოგონილ და ცოცხალი სახით დახატულ კონკრეტულ პიროვნებაში აერთიანებს.

ტარიელ გოლუა, დავით დროიძე, გოგია უიშვილი, ბახვა ფულავა, ოსმან–აღა, დურმიშხანი და სხვა პერსონაჟები უფრო გვაინტერესებენ, რადგან თითოეულ მათგანს ერთი ჯგუფის, კოლექტივის თვისებები აქვს.

ამ მოვლენის შესახებ ილია თვითონვე მიგვითითებს: „მწერალმა თუ სხვა ხელოვანმა, რაც უნდა ზედმიწევნით და მშვენივრად გამოხატოს ერთი რომელიმე ცალკე სახელწოდებული კაცი,– ივანე თუ პეტრე, ყოველთვის უპირატესობა უნდა დაუთმოს მას, ვინც ზოგადის კაცის გამოხატვის შემძლებელია”.

ტიპურობა მარტო მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟებს როდი ახასიათებთ. ტიპური შეიძლება იყოს აგრეთვე ბუნება, ადგილი, სცენა, ადამიანის მოქმედების გარემო, მისი გარეგნობა და სხვ.

მასალებს ტიპის შესაქმნელად მწერალი ხშირად უშუალოდ იღებს ცხოვრების სინამდვილიდან.

ი. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღში” გამოყვანილი ზაქროს და კაკოს სახეების შექმნას ბიძგი მისცა ცხოვრების სინამდვილემ. მისმა პირადმა დაკვირვებამ, ნანახმა და გაგონილმა. ი. ჭავჭავაძის ნათესავი და მეგობარი კოხტა აფხაზი „კაკო ყაჩაღის” შექმნის შესახებ წერს:

„კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლავთ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს– რომელიღაც ვაჩნაძეს და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა კარდანახის ტყეში და გამვლელ–გამომვლელს ცარცვავდა ხმა და სახელი დიდი ჰქონდა გავარდნილი. ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენ კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბად ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხავს – ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო. ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია მიუწვევია თავის ბინაზე, კარგა გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე, რომ, როდესაც ილია ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და და მარტო ამას გაიძახოდა ენის ბორძიკით: „დამაძინეთ, დამაძინეთო”. მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, მხოლოდ დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს სწყევლის და აგინებსო”.

ყაჩაღ გაუხარაშვილთან შეხვედრამ ილიას ბიძგი მისცა დაეწერა „კაკო ყაჩაღი”, შეექმნა კაკოს და ზაქროს სახეები. მაგრამ ილიამ „კაკო ყაჩაღში” მხოლოდ გაუხარაშვილი კი არ დაგვიხატა, არამედ მისი გაცნობით მიიღო მასალა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხის ტიპის შესაქმნელად.

ტიპის შექმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის გამოგონების უნარს. ადამიანთა ჯგუფის ცალკეულ წევრთა თვისებების შეერთება ერთ გამოგონილ პიროვნებაში თავისთავად მწერლის მხატვრული ფანტაზიის ნაყოფია.

რუსი მწერალი ტურგენევი გვაცნობს, თუ როგორ აგროვებდა მასალებს ცალკეულ ადამიანთა თვისებების, ტიპისა და მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის შესაქმნელად:

„ცხოვრებაში მე ვხვდები, მაგალითად, რომელიმე თეკლე ანდრიას ასულს, რომელიმე პეტრეს, რომელიმე ივანეს და წარმოიდგინეთ, რომ უცებ ამ თეკლე ანდრიას ასულში, ამ პეტრეში, ამ ივანეში მე მაკვირვებს რაღაც განსაკუთრებული, ის, რაც მე არ მინახავს და არც სხვებისგან გამიგონია; მე მას ვაკვირდები, ჩემზე იგი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს: მე ვფიქრდები და შემდეგ ეს თეკლე, ეს პეტრე და ეს ივანე შორდებიან, სადღაც უცხო მხარეში იკარგებიან, მაგრამ მათგან მიღებული შთაბეჭდილება ჩემში რჩება და იზრდება. მე ამ პირებს სხვა პირებთან ვაკავშირებ, შემყავს ისინი სხვადასხვა მოქმედების სფეროში და ჩემს წარმოდგენაში უკვე იქმნება მთელი ქვეყანა...”

ტიპურ ენას ან ტიპს ზოგადთან ერთად საკუთარი, ინდივიდუალური თვისებებიც ახასიათებს.

ილია ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძეს გვიხასიათებს როგორც გონებადაჩლუნგებულს, ძალზე ზარმაცს, ზანტსა და მოდუნებულს და გვიხატავს მას თავისებური გარეგნობით: ღიპით, დასისხლიანებული თვალებით, მსხვილი ფეხებით.

„უნდა გენახათ რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარა, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში”.

არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ქართველ მემამულეს ახასიათებდა „დასისხლიანებული თვალები”, ღიპი და სხვ. აქ ჩამოთვლილი თვისებები ლუარსაბის ინდივიდუალური თვისებებია. ამ თვისებების საშუალებით გვიხატავს ავტორი ლუარსაბს, როგორც ცოცხალ ადამიანს და იმავე დროს ინდივიდუალური თვისებების ჩვენების გზით ილიას მუქთახორა ადამიანის ზოგადი თვისებების გათვალისწინებისაკენ მივყავართ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9