ცე
ცეზ ცენ

ცენტრალური მოტივი

მოტივი, რომელსაც ამბის განვითარებაზე ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყოველგვარი მოტივი გარკვეულ როლს თამაშობს მოქმედების განვითარებაში და უფრო დამაჯერებელს ხდის მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ მოვლენას, მაგრამ ყველა მათგანს როდი აქვს თანაბარი მნიშვნელობა.

„კაკო ყაჩაღში” იმის მთავარ მოტივად, რომ უაღრესად გამწვავდა ურთიერთობა ზაქროსა და მის ბატონს შორის, რომ ზაქრო იძულებული გახდა მოეკლა ბატონი და ყაჩაღად გაჭრილიყო, არ შეიძლება მივიჩნიოთ ზაქროს მამის დაბერება, არც მისი დაავადება, არც ბატონის უარი შვილის დათმობაზე, არც ბატონის მიერ ზაქროს მოხუცი მამის ჩიბუხის ტარით ცემა. ასეთი ფაქტები არც ცალ– ცალკე და არც ერთად არ იწვევდა ურთიერთობის ისე გამწვავებას, რომ მას შედეგად ბატონის მოკვლა და ყაჩაღად გავარდნა მოჰყოლოდა.

მთავარი მიზეზი, რამაც ზაქროს მიერ ბატონის მოკვლა და ყაჩაღად გაჭრა გამოიწვია, იყო ზაქროს მამის სიკვდილი როზგის ქვეშ. ეს ფაქტი არის ურთიერთობის უაღრესად გამწვავების მთავარი მიზეზი. ასეთ პირობებში ბატონის მოკვლა სავსებით ბუნებრივია:

„ამას იქმოდა ყოველი კაცი,
თუნდა მხდალი და თუნდა ვაჟკაცი”.

ნესტანის დახსნის აუცილებლობა მრავალმა მოტივმა ან მიზეზმა განაპირობა. ერთ–ერთი მიზეზი იყო ტარიელის სიყვარული ნესტან – დარეჯანისადმი. სატრფოსთან იძულებითმა განშორებამ ტარიელი დააძაბუნა და მოადუნა; ნესტან–დარეჯანის დახსნას ხელს უწყობდა აგრეთვე ავთანდილის სიყვარული თინათინისადმი. გამიჯნურებულმა ავთანდილმა უფრო გაუგო და და უთანაგრძნო ტარიელს. მაგრამ, მთავარი მოტივი, რამაც აიძულა ავთანდილი დიდი ხნით მიეტოვებინა თინათინი და წასულიყო ნესტანის საძებრად, იყო არა მიჯნურობა თინათინისადმი, არამედ ის დიადი მეგობრული სიყვარული, რომლითაც ავთანდილი იყო გამსჭვალული ტარიელის მიმართ. სწორედ მეგობრულმა სიყვარულმა დააკავშირა საერთო მიზნის მისაღწევად ავთანდილი, ფრიდონი, ტარიელი, ასმათი, ფატმანი, თინათინი და სხვა პერსონაჟები.
იხ. აგრეთვე: მოტივი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9