A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალმ ალო ალპ ალტ ალფ ალქ ალღ ალც

ალეგორია

ბერძნ. ALLOS
ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.

„ალოს ეგოროვო” ბერძნულად ნიშნავს „სხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”.

ალეგორია მეტაფორას უახლოვდება, მაგრამ მაინც განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან.

მეტაფორაში ჩვენ არაპირდაპირი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ ცალკეულ სიტყვას, გამოთქმას, ან ფრაზას. ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგება.

კრილოვის იგავში „მგელი და კრავი” ცალკეული სიტყვები და გამოთქმები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ–” ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა”, „მდინარის პირას მიადგა” და ა. შ. შეგვიძლია მდინარეში მართლაც ვიგულისხმოთ მდინარე, წყურვილში მართლაც წყურვილი, მაგრამ მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ავტორმა ის აზრი გამოთქვა, რომ ძლიერი უსამართლოდ ჩაგრავს უძლურს. მართალია, ასე ხდება როგორც ადამიანთა შორის, ისე ცხოველთა სამეფოშიც, მაგრამ ავტორს ამ შემთხვევაში აინტერესებს არა ცხოველთა ურთიერთობა, არამედ ადამიანთა უსამართლობის გაკიცხვა. ამიტომ, რასაც ის ამბობს ცხოველებზე, ე.ი. ნაწარმოების მთელი შინაარსის აზრი(ძლიერი უძლურს უსამართლოდ ჩაგრავს) ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოები „პირუტყვების არჩევანი”. მასში პოეტს დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი, ვეფხი, მგლები და სხვ. ეს ნაწარმოები გადაკრულად, ქარაგმულად გვიხატავს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევას ძველ დროში და ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები.

ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა: „ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა აქვს– რა , მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.

ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია გამოყვანილი, ზოგჯერ კი მცენარეები, ადამიანები და სხვ. ალეგორიული შინაარსისაა იგავ– არაკები, ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები და სხვ. მაგალითად, ცნობილ „გულივერის მოგზაურობაში” ლილიპუტების სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგჯერ ალეგორიულად გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოს„ ნაცვლად აკაკი ხმარობს შემდეგ ალეგორიულ სიტყვებს– „ამირანს” , „ნესტანს” , „სატრფოს” , ვაჟა– ”არწივს” („ არწივი ვნახე დაჭრილი”). საქართველოს მტრებს ვაჟა ალეგორიულად უწოდებს „ყვავ– ყორნებს”.

ალეგორიულად აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ალეგორიას ხშირად მიმართავდა აკაკი წერეთელი. თავის ლექსებში ის ლაპარაკობს ამირანის შესახებ, უმღერის სატრფოს, სულიკოს , ნესტან–დარეჯანს და ყველა ამ ხაზგასმულ სიტყვაში არ იგულისხმება არც ზღაპრული ამირანი, არც პოეტის ვინმე მიჯნური ქალი, არც რუსთველის ნესტანი, არამედ იგულისხმება საქართველო. აი, როგორ მოგვითხრობს აკაკი ალეგორიულად საქართველოს თავგადასავალს, ვითომდა ამირანის თავგადასავლის სახით:

„კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ–ყორნები ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ნელდებოდა და რაღაცა მანქანებით გული ისევ მთელდებოდა. ჰქონდა ჭირში მოთმინება, არც კვნესოდა, არც ოხვრიდა, მონურად ქედს არ უხრიდა უსამართლო ძლიერებას. ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა!... ყველა გააოცა!... და ის ღვაწლი, მაგალითად, მიწის შვილთა მან გადმოსცა...”

რასაც პოეტი მოგვითხრობს ამირანის შესახებ, ის ყველაფერი საქართველოს გადახდენია. ზოგჯერ პოეტი კიდეც განმარტავს თავის ალეგორიას. ამ ლექსის ბოლოს აკაკი ამბობს:

„კავკასიის მაღალ ქედზე . მიჯაჭვული ამირანი, არის მთელი საქართველო და მტრები კი– ყვავ– ყორანი. . მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა– გმირი!.... სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!”.

ალეგორიის გახსნა აკაკიმ მოახერხა იმით, რომ ამ ლექსით აამღერა მეათე საუკუნეში საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯარი. ცენზურამ ვერ გაითვალისწინა, რომ აკაკი ამ ლექსში წარსულთან ერთად მისი დროის საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც გამოხატავდა. ალეგორიული ხასიათისაა ნ. ბარათაშვილის „სუმბული და მწირი”, ვაჟას „კლდე და მდინარე”, „არწივი” და სხვ.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9