A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალმ ალო ალპ ალტ ალფ ალქ ალღ ალც

ალიტერაცია

ლათ.

ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში. იგი გამოსახვის პოეტური ხერხია, ემოციური ზეგავლენის საშუალებაა, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმაა. ალიტერაცია ქმნის ლექსის კეთილხმოვნებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკური თვალსაჩინოებას და ამით მკითხველზე ახდენს ესთეტიკურ გავლენას. თითქმის ყველა პოეტი მეტ-ნაკლებად იყენებს ალიტერაციას. ალიტერაციის ოსტატური გამოყენებით ძალიან ხშირად წარმტაცი მუსიკალობაა მიღწეული.

აი მაგალითებიც:

1. გველნი გაშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა.

შ. რუ ს თ ა ვ ე ლ ი)

2. ქალწულ ყვავილს ქალწულ ბაღში ქალწულივე ქალი რგავდა.

(ი. გრი შ ა შ ვ ი ლ ი)

ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური, როცა მას ახლავს ამსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

ალიტერაციულ ლექსში ხშირად რიტმის საყრდენია ტაეპთა საწყისი სიტყვები, რომლებიც ალიტერაციულადაა გამართული. ალიტერაციული ლექსთწყობა მიღებულია საერთოდ. იგი უყვარს ქართულ ხალხურ პოეზიასაც.


მოდი ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი, მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი,
მოდი ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა,
მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.

ალიტერაციული ლექსის ბრწყინვალე ნიმუშია ალ. აბაშელის ლექსი „განთიადის მოლოდინში“, რომელიც ოთხტაეპოვანი ექვსი სტროფისაგან შედგება:


1. ნისლის ნაკვეთი ნარნარ ნიავს
ჩამქრალ ჩრდილად ჩაჰკვდომოდა,
ბუჩქნარ-ბაღში ბროლ-ბილილას
მწვანე მოლი მოჰფენოდა.

2. უჩვევ უკუნს ულმობელად

წარბ-წამწამი წაექუშა
ვარსკვლავთ ვერცხლი, ვაგლახ ვალად
ჩრდილთა ჩანჩქერს ჩაეფუშა.

3. ფრთოსან ფიქრთა ფეიქარი

ქნარზე ქროლვით ქეჯანს ქსოვდა,
(ზურმუხტ ზრახვით ზვირთთა ზარი
შავი შიშის შრიალს შობდა..
(ალ. აბაშელი)

აბაშელის პოეზია ალიტერაციის შესანიშნავი ნიმუშების შემცველია. ასევე საინტერესოა გალაკტიონის სტროფი:

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული.
გ. ტაბიძე)

პოეზიაში ხშირია შემთხვევა, როცა სიტყვის დიდი ოსტატები ვირტუოზულად წარმოგვიდგენენ თანხმოვანი და ხმოვანი ბგერების. ერთობლივ შეწყობას, გამეორებას, რაც ქმნის მაღალ პოეტურობას, მაღალ მუსიკალურ ჟღერადობას ლექსით მეტყველებაში. ასე მაგალითად:

1. კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ ჩავაკარაბაკევი

(. რუ ს თ ა ვ ე ლ ი)

არის შემთხვევა, როცა ლექსის ალიტერაციულობა ერთი თანხმოვანი ბგერის გამეორებაზეა აგებული, მაგრამ გასდევს მთელ ტაეპს, მაგალითად:


ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან.
დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად;
ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან.
დალალნი დაშლილან მღელვარე გველებად.
ასული მწველია ძველი სურნელებით,
დედოფლის ალერსი გრძელია, ძნელია;
ლეილა ლოცულობს დაღალულ ხელებით,
ქალები გალობით ალიონს ელიან.

(პ. იაშვილი)

ალიტერაცია შეიძლება პროზაულიც. თანხმოვანი ბგერების კანონზომიერი გამეორება, რომლებიც მუსიკალურ ჟღერადობას გადმოსცემენ, პროზაშიც ალიტერაციულ ხასიათს ღებულობენ: ალიტერაცია რიტმული პროზის ძირითად კომპონენტად გვევლინება

ალიტერაციულობის თვალსაზრისით საყურადღებოა: ვ. ბარნოვის, შ. დადიანის, კ. გამსახურდიასა და სხვათა თხზულებანი. ამ შემთხვევაში, მივუთითებთ „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაზე“:


1. ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით, არწივები ფრთხებოდნენ ჯვარისმტვირთველის ჯორის თქარუნზე.
2.ლაზისტანის ზღვა ღელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში.
3. ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევია ქმართან.
4. ყველაფერს შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ შორენა.
5. ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში.

ალიტერაცია, როგორც პოეტური გამოსახვის ხერხი, ლექსითი მეტყველების ორგანული თვისებაა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, არც პროზაული მეტყველებისთვისაა უჩვეულო.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9