A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა – არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია

მითოლ.
საბერძნეთის მითოლოგიურ სამყაროდან ჩვენს წინ იმთავითვე აღმართულია სამი დიდი საგმირო ციკლი: ხომალდ „არგოს“ ლეგენდარული მოგზაურობა კოლხეთში, არგოსელთა ბრძოლა თებეს წინააღმდეგ და ბერძნების ლაშქრობა ტროაში. საბერძნეთის საგმირო ეპოქის ისტორიაში ტროას თქმულების შემდეგ, ეგზომ რომ უკვდავჰყო ჰომეროსმა, ჩვენ ვერ ვხვდეგით სხვა ისეთ სახელგანთქმულ ამბავს, როგორიც არგონავტების კოლხეთში ლაშქრობაა.

საბერძნეთში მეტად გავრცელებული იყო თქმულება ოქროს საწმისზე (ვერძის ოქროს ტყავზე) და იმ გმირებზე, რომლებიც ხომალდ „არგოთი“ გაემგზავრნენ კოლხეთში ამ საწმისის მოსაპოვებლად. მითი არგონავტების შესახებ ფრიად ძველი წარმოშობისაა და ტროას თქმულებაზე ადრეა შექმნილი. ჯერ კიდევ ჰომეროსი იხსენიებს „ზღვის გამკვეთს, ყველასათვის ცნობილ ხომალდ არგოს“. თქმულება არგონავტების შესახებ, რომელიც ჩვენამდე ლიტერატურული გზით არის მოღწეული, ჯერ კიდევ მითის თავდაპირველი სიცხადე ბურუსითაა მოცული, მაგრამ მისი რეალური მხარე მეცნიერებისათვის მეტნაკლებად ნათელია. მიუხედავად უამრავი ზღაპრული ელემენტისა, არგონავტების თქმულება დაკავშირებულია ისტორიულ ფაქტთან, საბერძნეთსა და კოლხეთს შორის უართიერთობის დამყარების ფაქტთან. ამდენად ამ მითოლოგიურ ამბავს ისტორიული მნიშვნელობა ეძლევა. როგორც თქმულების ანალიზი გვიჩვენებს, არგონავტთა მითის ძირითადი ბირთვი თესალიის ტერიტორიაზე შეიქმნა თესალია კი წარმოადგენდა წინაბერძნული მოსახლეობის, ე.წ. პელაზგების, სამკვიდრებელს. წინაბერძნულ მოსახლეობაში შემუშავებული წარმოდგენები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროების შესახებ საფუძვლად დაედო არგონავტთა თქმულების იმ ძირითად ვერსიას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. რამდენადაც მითი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია, ამდენად თესალიის აბორიგენებში წარმოქმნილი მითის ბირთვი თანდათან გაიზარდა და მის სრულყოფაში შემდეგ ხანებში მთელმა ბერძენმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა. თქმულება არგონავტების შესახებ თანდათან ვრცელდებოდა, მეტი სილაღე ეძლეოდა და თესალიის თქმულებას ბეოტიის, არგოსის და კორინთოს თქმულებები ემატებოდა. ლაშქრობაში მონაწილე თესალიელ გმირებს მთელი ელადის გმირები შეუერთდა და ჩამოყალიბდა ერთი მთლიანი ამბავი არგონავტების შესახებ. არგონავტების მითში ორი ძირითადი ნაწილია: თქმულება ფრიქსესა და ჰელეს შესახებ და თქმულება იაზონ-მედეას შესახებ. მითის ამ ორივე ნაწილს აერთიანებს ერთი ცენტრალური ამბავი ვითომდა საბერძნეთიდან ელადაში მინატაცებ ოქროს საწმისის უკან დაბრუნების შესახებ.

თქმულება ფრიქსესა და ჰელეს შესახებ ბეოტიაში უნდა იყოს დამუშავებული, მაგრამ მისი საწყისიც თესალიიდან მოდის. ამ თქმულების ძირითადი ვერსია (აპოლოდორე მითოლოგის, პინდარეს IV პითიური ოდისა და აპ. როდოსელის პოემის „ჰიპოთეზის“ მიხედვით) ასეთია: ბეოტიის მდიდარი ქალაქის ოქრომენის მეფე ათამანტს ღრუბელთა ქალღმერთ ნეფელესაგან ჰყავდა ორი შვილი: ვაჟი – ფრიქსე და ქალი – ჰელე. შემდეგში ათამასი შეეუღლა თებეს მეფის კადმოსის მოკვდავ ქალს ინოს. ბოროტმა დედინაცვალმა ინომ მოინდომა გერების თავიდან მოშორება. ამისათვის მან შემდეგი ხერხი მოიგონა: ბეოტიელ ქალებს დასათესად გამზადებული ხორბალი გაახმობინა. გაფუჭებულმა თესლმა ნაყოფი არ გამოიღო. შიმშილის აჩრდილი დაადგა თავს ოქრომენს! ათამანტმა კაცები გააგზავნა დელფოს სამისნოში მოუსავლიანობის მიზეზის გასაგებად. ცბიერმა ანომ მოისყიდა დელფოს სამისნოდან დაბრუნებული კაცები და ათქმევინა, რომ უბედურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრიქსეს მსხვერპლად შეწირვა ზევსისადმიო. მეფე ათამანტი ინოს ქსელში გაება. ფრიქსე უკვე გამზადებული იყო სამსხვერპლო საკურთხეველზე დასაკლავად, რომ უეცრად ქალღმერთმა ნეფელემ განწირულ შვილებს მოუვლინა ჰერმესის ნაბოძები ოქროსმატყლოვანი ვერძი. ვერძმა ზურგზე შეისვა ნეფელეს ქალ-ვაჟი და გაფრინდა. როცა ვერძი ეგეოსის ზღვის და პროპონტიდის სრუტეს მიუახლოვდა, გოგონა ჰელე ზღვაში ჩავარდა ამ ადგილს ამიერიდან ჰელეს ზღვა ანუ ჰელესპონტი (აწინდელი დარდანელის სრუტე) ეწოდა. ვერძმა, რომელსაც ლაპარაკის უნარი ჰქონდა, ფრიქსეს ნუგეში სცა და გზა განაგრძო. ვერძმა ათამანტის ვაჟი შავი ზღვის მახლობლად მდებარე მზიურ ქალაქ ეაში (აიაში) მიიყვანა. აქ მეფობდა მზის ღმერთის ჰელიოსის ვაჟი აიეტი. მას ჰყავდა ორი ასული: მშვენიერი მედეა და ქალკიოპე და ვაჟი – აფსირტე. აიეტმა ფრიქსე კარგად მიიღო. ფრიქსემ დედინაცვლის ვერაგობისაგან თავის დაღწევის აღსანიშნავად ვერძი მსხვერპლად შესწირა ლტოლვილთა მფარველ ზევსს, ოქროს საწმისი კი მადლიერების გრძნობით მეფე აიეტს უბოძა. აიეტმა დავაჟკაცებულ ფრიქსეს მიათხოვა თავისი უფროსი ასული ქალკიოპე, რომლისაგან ფრიქსეს შეეძინა ოთხი ვაჟი: არგოსი, მელასი, კიტისორე და ფრონტისი. ფრიქსე მოხუცდა და კოლხეთში გარდაიცვალა.

ამ თქმულებასთან გადაწნულია მეორე თქმულებაც. იგი უკვე უშუალოდ ეხება იაზონის კოლხეთში ლაშქრობას და ფრიქსეს მიერ იქ შეწირული საწმისის ელადაში დაბრუნებას: ეოლოსის ერთ-ერთმა შვილმა, ათამასის ძმამ, კრეთევსმა თესალიაში, ზღვის უბესთან, დააარსა ქალაქი იოლკოსი. სიბერეში შესულმა კრეთევსმა ტახტი გადასცა თავის უფროს ვაჟს ეზონს. ეზონის ძმამ (მამით პოსეიდონის ძე იყო), პელიასმა, მას ტახტი წაართვა. მემკვიდრეობა აღკვეთილ ეზონს და მის მეუღლე ალკიმედეს ჰყავდათ ვაჟი იაზონი. მშობლებმა იგი მრისხანე პელიასს დაუმალეს და აღსაზრდელად კენტავრ ქირონს მიაბარეს. როცა იაზონი ოცი წლის გახდა, იოლკოსში გაემართა ტახტის დასაბრუნებლად. გზად მას შემდეგი ამბავი გარდახდა: როცა მან მდინარე ანავროსს მიაღწია, მდინარის ნაპირზე მას გამოეცხადა ქალღმერთი ჰერა მოხუცი ქალის სახით და სთხოვა, აბობოქრებულ მდინარეზე გადაეყვანა. იაზონმა მოწიწებით გადაიყვანა ქალღმერთი და მისი სამარადისო სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ ცალი წაღი მდინარის ტალღებში ჩარჩა. ამგვარად მივიდა იაზონი იოლკოსში. ხელთ მას ორი შუბი ეპყრა; მხარზე ვეფხვის ტყავი ჰქონდა მოსხმული და ყველას ყურადღებას იპყრობდა. როცა მეფე პელიასმა იგი დაინახა, ელდა ეცა. მას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ცალწაღიანი კაცი დაღუპავდა. იაზონმა პელიასს ტახტი მოსთხოვა. პელიასმა იაზონს განუცხადა, რომ იგი ტახტს დაუბრუნებს, თუ იაზონი კოლხეთიდან ფრიქსეს მიერ გატაცებულ ოქროს საწმისს ელადაში ჩამოიტანს. ქალღმერთ ჰერას შეგონებით, იაზონმა ამაზე თანხმობა განაცხადა. პელიასი იმედოვნებდა, რომ იაზონი უკან ვეღარ დაბრუნდებოდა და ტახტი მას დარჩებოდა. იაზონი კოლხეთში გამგზავრების თადარიგს შეუდგა. მან საბერძნეთის გამოჩენილი გმირები მოაგროვა. არისტორის ძემ, არგოსმა, ქალღმერთ ათენას დახმარებით ააგო ორმოცდაათხოფიანი ხომალდი „არგო“. ანტიკური ავტორები ხომალდის სახელს სხვადასხვანაირად ხსნიან. ზოგი ამბობს, იმიტომ დაერქვა ხომალდს „არგო“, რომ არგოსმა ააგოო. ზოგიერთთა მიხედვით კი ხომალდი ძალიან სწრაფი იყო და ამიტომ უწოდეს ეს სახელი, რაც ნიშნავს „სწრაფს“. ამ ხომალდში ჩასხდნენ ელადის გამოჩენილი გმირები. ზოგიერთი მათგანი ტროას ომში მონაწილე ვაჟკაცთა მამა იყო. კოლხეთში გალაშქრების მონაწილე გმირებს ხომალდ არგოს მეზღვაურები ანუ არგონავტები ეწოდათ. ხომალდი იოლკოსის ნავსადგურიდან აღმოსავლეთისაკენ გაემართა. ლაშქრობის წინამძღოლობა იაზონის ხვდა წილად.

დანარჩენი ამბავი უკვე აპ. როდოსელის პოემაში მოიპოვება და აქ აღარ მოვიყვანთ. პოეტი პოემას ლაშქრის შეკრების მომენტიდან იწყებს, ასე რომ მითის პირველი ნაწილი მას დამუშავებული არ აქვს. პოემა მთავრდება კოლხეთიდან გმირების სამშობლოში დაბრუნებით, მაგრამ არგონავტების მითი აქ არ წყდება. შემდეგი ამბები ეხება იაზონის და მედეას ცხოვრებას საბერძნეთში, მათ დაშორებას, მედეას შურისძიებას და იაზონის სიცოცხლის დასასრულს.

როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, არგონავტების თქმულება ისტორიული ფაქტის ანარეკლია. თუ რა უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, ჯერჯერობით მთლად ნათელი არ არის. მიუხედავად ლეგენდარული ელემენტებისა, არგონავტების თქმულებაში ჩვენ უნდა დავინახოთ რომელიღაც ისტორიული სინამდვილე, სახელდობრ, ის საწარმოო ურთიერთობა, რომელიც კოლხეთს და ელინურ მსოფლიოს აკავშირებდა. ეჭვი არ არის, რომ თქმულება არგონავტების შესახებ მრავალი სხვადასხვა დროისა და წარმოშობის ფენითაა შემოგარსული. ამ მრავალკეც გარეშრეებს ქვეშ ისტორიული ჭეშმარიტების მარცვალი მაინც შეიძლება აღმოვაჩინოთ.

ეს თქმულება ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ცხოვრებისა და ბუნების ანარეკლზე არის აშენებული, ოღონდ აქ ჭეშმარიტება შეფერადებულ-გაზღაპრებულია. ყველაზე უფრო სარწმუნოდ ის მოსაზრება უნდა ჩაითვალოს, რომლის მიხედვითაც არგონავტების თქმულება ქართველ ტომთა დასავლური გაერთიანების, კოლხეთის, ძირითად საქმესთან, სამთამადნო საქმესთან, არის დაკავშირებული. რკინის ინდუსტრიის განვითარების ზოგადი ისტორია ჩვენში ჯერ კიდევ არ არის სავსებით ნათლად გათვალისწინებული, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მადნეულობის დამუშავების საქმე ქართველთა უძველეს ტომებს დაუწყიათ. დაწყებული ბიბლიური თობელით, რომელიც იყო „კვერით ხურო“, ასურული ტაბალით, ბერძნული ტიბარენით ქართველ ტომებს სახელი ჰქონიათ განთქმული ლითონის დამუშავების წყალობით. ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველი განათლებული კაცობრობის წინაშე.

არგონავტების მითი, რომლის შექმნას პირველი ათასეულის VIII საუკუნის აქეთ ვერ ვიგულისხმებთ, თავისი ოქროს საწმისით, ლემნოსის ეპიზოდით, სპილენძისჩლიქებიანი ხარებით, ფოლადისაგან გაჭედილი გუთნით გვიდასტურებს, რომ იგი კოლხეთის ხელოსნობისადმი ინტერესის ბაზაზე აიგო. ანტიკური ხანის ავტორთა უმრავლესობა არგონავტთა კოლხეთში ლაშქრობას ისტორიულ ფაქტად მიიჩნევდა (ჰეროდოტე, სტრაბონი, აპიანე, არიანე, ხარაქს პერგამონელი და სხვ.) და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას იძლეოდა. ყველაზე უფრო თავგამოდებული დამცველი არგონავტთა ლაშქრობის ისტორიულობისა იყო გეოგრაფი სტრაბონი. სტრაბონის აღწერილობით კოლხეთი იყო მდიდარი ქვეყანა. აქ ყველაფერი მოიპოვებოდა ზღვაოსნობისათვის და, რაც მთავარია, მდიდარი იყო იგი ოქროს, ვერცხლის და რკინის მადნეულობით. ოქროს საწმისზე თქმულებას სტრაბონი ხსნიდა იმით, რომ კოლხეთის მდინარეებით ჩამოტანილ ოქროს ქვიშას ადგილობრივი მცხოვრებლები გრძელბეწვიანი საწმისით აგროვებენო. ასეთმა სიმდიდრემ გააქცია ფრიქსე კოლხეთში და არგონავტებმაც მას მიბაძესო. სტრაბონის აზრით არგონავტების ლაშქრობამ გაუღო ბერძნებს ევქსინის პონტოს კარი. მეტად საგულისხმო ცნობა მოეპოვება ახ.წ. II საუკუნის ისტორიკოსს, ჩვენამდე არ მოღწეული „ქრონიკის“ ავტორს, ხარაქს პერგამონელს, რომელიც არგონავტების მითის ოქროთდამწერლობას – ხრიზოგრაფიას უკავშირედა. ხარაქსის სიტყვებს ევსტათი თესალონიკელი (XII საუკ.) ასე გადმოგვცემს: „ხარაქსი ამბობს, რომ ოქროს საწმისი იყო ოქროთდამწერლობის მეთოდი ტყავებზე აღწერილი. ამ ღირსშესანიშნავი წესის გულისათვის იყო სწორედ ლაშქრობა მოწყობილი ხომალდ არგოთი“-ო. ოქროს საწმისზე თქმულების ასეთივე ინტერპრეტაცია მოეპოვება ახ.წ. X საუკუნის ლექსიკოგრაფ სვიდასაც თავის ლექსიკონში.

ახალი დროის ბევრ მეცნიერს ეჭვი შეჰქონდა არგონავტთა თქმულების ისტორიულ რეალობაში და გადაჭარბებულ კრიტიციზმს იჩენდა. არაერთი მეცნიერი არგონავტთა მითია ტოპონიმიკას: ეას, კუტაიას, ფასისს და სხვ. მოგონილად მიიჩნევდა და მათ გეოგრაფიულ ძიებას სისულელედ თვლიდა. არგონავტთა მითის ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მასში არის ისტორიული ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც დამატებით ჰფენენ შუქს ჩვენი ქვეყნის წარსულს. იყო დრო, როცა ტროაც და ტროას ომიც ლეგენდად მიაჩნდათ, მაგრამ შემდეგში მისი ისტორიულობა სავსებით დადასტურდა.

1984 წელს ინგლისელმა მეცნიერმა და მოგზაურმა ტომ სევერინმა ააგო ზუსტად „არგოს“ მსგავსი ხომალდი, რომლითაც არგონავტების გზა გაიმეორა და დაადასტურა, რომ მსგავსი ხომალდით დიდი ექსპედიციის მოწყობა შესაძლებელი იყო.

თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მითში აღწერილი ამბები სინამდვილის ანარეკლი უნდა იყოს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ქ. იოლკოსის არსებობა თესალიის ეგეოსის ზღვისპირა ზოლში, რომელიც არაუგვიანეს XV-XIV საუკუნეებიდან უნდა არსებულიყო (ეს ამბავი ჰომეროსის დროს უკვე ცნობილი იყო, ანუ ძვ.წ. VIII საუკუნეზე ადრე უნდა მომხდარიყო).

დადასტურებული აგრეთვე კოლხეთის, როგორც ოქროთი მდიდარი ქვეყნის არსებობაც. რაც შეეხება ცხვრის ტყავის ფაქტს: დღემდე შემორჩენილია საქართველოს მთიანეთში წარმართული დღესასწაული (უკვე ქრისტიანობაზე მორგებული), როდესაც ცხვარს წარმართულ ღმერთს სწირავენ და ტყავს ხეზე ჰკიდებენ, სვანეთში კი დღემდეა შემორჩენილი ხალხური სიმღერა, რომელიც მზის ღმერთს ეძღვნება. ამას თუ დაუმატებთ წინა თავში („უძველესი ქართული იეროგლიფები“) ნაჩვენებ ფაქტს, რომელიც ადასტურებს კოლხებში იეროგლიფური დამწერლობისა და ღვთის საგალობლების ჯერ კიდევ ძვ. წ. XVII საუკუნეში არსებობას – ყველაფერი ნათელი გახდება.

ამდენად სრულიად დასაშვებია იმ პერიოდში, ან თუნდაც მოგვიანო ხანაში (მაგ. ძვ. წ. X ან სულაც VI საუკუნეში, ეს სულაც არ აკნინებს კოლხეთის სიდიადეს) არგონავტების მოსვლა და მასთან დაკავშირებული ამბის რეალობა. ოღონდ რეალურად ისინი არა ღვთაებრივი მისიით გამოგზავნილი გმირები, არამედ ტიპიური ყაჩაღები იყვნენ, როგორც მოგვიანო ხანის ესპანელი კონკისტადორები, რომლებიც ამერიკაში „ელდორადოს“ ანუ ოქროთი მდიდარ მხარეს ეძახდნენ. მითუმეტეს, რომ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ კოლხეთში ამერიკულ ელდორადოზე მეტი ოქრო იყო.

დაწყებული ჰომეროსიდან ახალ დროებამდე არგონავტების მითი მუდამ აქტუალური იყო მხატვრულ ლიტერატურაში თუ სახვით ხელოვნებაში. ჰომეროსი მრავალგზის იხსენიებს არგონავტების მითთან დაკავშირებულ ეპიზოდებს. „ოდისეაში“ მოხსენიებული „ზღვის გამკვეთი, ყველასათვის ცნობილი ხომალდი არგო“ (XII, 69) იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ არგონავტთა მითი ეპოსის კოცონში ჰომეროსზე ადრე უნდა გაღვივებულიყო. არგონავტთა თქმულებას იცნობს ჰესიოდეც („თეოგონია“) და აპ. როდოსელის სქოლიასტის წყალობით შემონახულ ფრაგმენტში („ქალთა კატალოგიდან“) ამბობს, რომ არგონავტები ფასისში შენავდნენო. ჰესიოდეს შემდეგ არგონავტთა თქმულებას შეხებია ძვ.წ. VIII საუკუნის ეპიკოსი ევმელოსი პოემაში, რომლის სახელი „კორინთიაკა“ ყოფილა. დიოგენე ლაერტის ცნობით კრეტელ პოეტ ეპიმენიდეს შეუთხზავს დიდი პოემა „არგონავტიკა“. იგი ჩვენამდე არ მოღწეულა, – ორიოდე ძუნწი ფრაგმენტიღაა შემორჩენილი.

არგონავტთა ლაშქრობასთან მეტნაკლებად დაკავშირებულ ამბებს თითქმის ყველა ბერძენი ლირიკოსი ეხება. განსაკუთრებით აღსანიშნავი არიან აქ მიმნერმე და ანტიმაქე. მაგრამ პირველად და ყველაზე უფრო ვრცლად არგონავტების თქმულება გადმოგვცა გუნდური ლირიკის უდიდესმა წარმომადგენელმა პინდარემ თავის IV პითიურ ეპინიკში. რაც შეეხება ბერძნულ დრამას, არგონავტთა თქმულებიდან მან უშრეტ წყაროდ გამოიყენა სამი მომენტი: ლემნოსის ეპიზოდი, ფინევსის თავგადასავალი და იაზონ-მედეას ტრაგიკული რომანი. ფრაგმენტულად ცნობილია, რომ ესქილეს უნდა ჰქონოდა არგონავტთა თქმულებაზე აგებული ტრილოგია: „არგო“, „ჰიფსიპილე“ და „კაბირები“, და ტრაგედიები „ფინევსი“ და „ლემნოსელები“. სოფოკლეს, როგორც გადმოგვცემენ, შეუთხზავს „ლემნოსელი ქალები“, „ბრმა ფინევსი“, „კოლხები“, „სკვითები“, „პელიასი“ და „რიძოტომოი“. ჩვენამდე არც ერთი არაა მოღწეული.

სინონიმი: არგონავტები
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9