A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა – შესავალი

მითოლ.

აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ კოლხურ-ელინური თქმულების მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურულ დამუშვებას წარმოადგენს. ეს თქმულება ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული; მისი ეპიკური ანარეკლი კი კოლხეთის ერთ-ერთ უცხო საისტორიო წყაროდ უნდა ჩაითვალოს.

აპოლონიოს როდოსელი ელინისტური ანუ ალექსანდრიული ხანის მწიგნობარი პოეტია. იგი III ძვ.წ. საუკუნეში მოღვაწეობდა. აპოლონიოს როდოსელი დაიბადა ალექსანდრიაში პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს დაახლოებით ძვ.წ. 273 წელს. მამამისი პტოლემაის ფილედან ყოფილა და სახელად რქმევია სილევსი თუ ილევსი, დედას კი – როდე. სვიდა (ახ.წ. X ს.) გადმოგვცემს: „აპოლონიოს სილევსის ძე ალექსანდრიელი გადასახლდა როდოსზე. იგი იყო კალიმაქეს მოწაფე. ერატოსთენეს, ევფორიონის და ტიმარქოსის თანამედროვე. სახელი გაითქვა პტოლემაიოს ევერგეტის დროს (ე.ი. 246-221 წლებში) და შეცვალა ერატოსთენე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მოთავეობაში“. სვიდას გარდა ორი სხვა წყაროც გვიმოწმებს, რომ პოეტი ალექსანდრიელი იყო. ამასვე ამბობს სტრაბონიც: „დიონისე თრაკიელი და „არგონავტიკის“ შემთხზველი აპოლონიოსი ალექსანდრიელები იყვნენ, მაგრამ როდოსელებად იწოდებოდნენ“. ზოგიერთ და ნაკლებ სარწმუნო ცნობების მიხედვით პოეტის სამშობლოდ ნავკრატისი ითვლება. III საუკუნის ენციკლოპედისტი, ეგვიპტელი ბერძენი ათენაიოსი ერთ ადგილას ამბობს: „აპოლონიოს როდოსელი ანუ ნავკრატისელი“. აპოლონიოს როდოსელს მართლაც აკავშირებდა რაღაც ნავკრატისთან. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ, ათენაიოსის მოწმობით, მას შეუთხზავს პოემა ამ ქალაქის დაფუძნების შესახებ. ამიტომ ნავკრატისის მცხოვრებთა მიერ პოეტი ნავკრატისის მოქალაქედაც იქნა აღიარებული.

აპოლონიოს როდოსელი ყველა არსებული ცნობის მიხედვით კალიმაქეს მოწაფე ყოფილა. კალიმაქე კვირენელი (310-240) ალექსანდრიზმის დიდი წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და გრამატიკოსი ალექსანდრიული გაგებით. პტოლემაიოს I თუ პტოლემაიოს II ფილადელფოსის მიერ კალიმაქე მიწვეულ იქნა ალექსანდრიის სამეფო კარის მგოსნად. ამიერიდან იგი პტოლემაიოსთა საყვარელი მგოსანი გახდა და თავის მფარველებს ხოტბას ასხამდა. სვიდას მოწმობით მას 800 წიგნი დაუწერია. კალიმაქეს პოეტური პროდუქცია მეტად უხვი იყო და ამასთანავე მეტად მრავალმხრივი: ტრაგედია, კომედია, სატირული დრამა, საგმირო ჰიმნები, ლირიკული ლექსები და თვით ეპოსიც კი „ჰეკალეს“ სახითი. კალიმაქეს ცხოვრებაში ყველაზე უფრო საპატიო ადგილი მის ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მოღვაწეობას უჭირავს. ამიტომაა იგი უფრო მეტად ცნობილი, როგორც ფილოლოგი, ვიდრე პოეტი.

ალიმაქე ალექსანდრიის ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა 260 წელს. ამ დროს შეთხზა მან თავისი ცნობილი „პინაკები (120 წიგნად), რომელიც ლიტერატურის თავისებურ ისტორიას წარმოადგენდა. კალიმაქეს მთელი ცხოვრება მეცნიერებასთან და პოეზიასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი ავტორიტეტიც ორმხრივი იყო. მისი სკოლიდან გამოვიდნენ ალექსანდრიული ხანის ისეთი დიდი წარმომადგენლები, როგორიც იყვნენ: ერატოსთენე, არისტოფანე ბიზანტიელი, ჩვენი პოეტი – აპოლონიოს როდოსელი და სხვები. ერთი სიტყვით, კალიმაქე თავისი დროის განათლებული პიროვნება იყო. ასეთი მასწავლებლის, გაკვეთილებმა მალე გაფურჩქნეს ჭაბუკი აპოლონიოსის ტალანტი. როცა აპოლონიოსმა კალიმაქესთან მეცადინეობა დაამთავრა, ხელი მიჰყო ლიტერატურულ მოღვაწეობას. მან თავის შემოქმედებაში კალიმაქეს მიერ აღებული გეზი დაიკავა. კალიმაქეს აზრით პოეზია მჭიდრო კავშირში უნდა ყოფილიყო მეცნიერებასთან. აპოლონიოსიც მასწავლებლის გზას მიჰყვებოდა, მაგრამ მან კალიმაქეს ზოგიერთი პოეტური პრინციპის წინააღმდეგ გაილაშქრა და მასთან ძლიერი დავა გააბა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტმა ალექსანდრიაში შეთხზა თავისი პოემა „არგონავტიკა“. იგი ცდილობდა ალექსანდრიის განათლებულ წრეებში პატივი მოეპოვებინა.

საეჭვო არაა, რომ ზოგიერთთა მხრიდან ეს პატივი კიდეც მიიღო, მაგრამ სწორედ ამ ეპოსის გამოქვეყნებამ გამოიწვია მასსა და კალიმაქეს შორის ლიტერატურული ხასითის პაექრობა. აპოლონიოს როდოსელი იმის მომხრე იყო, რომ თანამედროვე მწერლობა ძველის გაგრძელება ყოფილიყო. იგი ცდილობდა თავისი დროის ჰომეროსი გამხდარიყო და საგმირო ეპოსი აეღორძინებინა. მისი „არგონავტიკა“ ამის ცდას წარმოადგენდა. აპოლონიოსმა თავისი ეპოსით თავდაყირა დააყენა კალიმაქეს შეხედულებები პოეზიის თანამედროვე ამოცანებზე. კალიმაქე მართებულ თვალსაზრისზე იდგა. მისი აზრით თანამედროვე დროისთვის სრულიად შეუსაბამო იყო დიად საგმირო სიუჟეტებზე მუშაობა და საგმირო ეპოსის შექმნის ცდაში ჰომეროსის უსიცოცხლო და მონურ მიბაძვას ხედავდა. იგი თვლიდა, რომ საგმირო ეპოსის საუკუნემ განვლო და მოითხოვდა წვრილი ჟანრების განვითარებას. კალიმაქეს პოეტური პრინციპით, პოეტი მწიგნობარი უნდა ყოფილიყო და მეტისმეტ ფანტასტიკურობას არ მიჰყოლოდა.

ლიტერატურული ხასიათის დავა კალიმაქესა და აპოლონიოსს შორის მეტისმეტად გამწვავდა და პირად სიძულვილში გადაიზარდა. აპოლონიოსის წინააღმდეგ კალიმაქეს მომხრე პოეტმა თეოკრიტემაც გაილაშქრა. აპოლონიოსი იძულებული გახდა ალექსანდრია დაეტოვებინა ყველა არსებული ცნობის მიხედვით, პოეტმა დატოვა სამშობლო და კუნძულ როდოსზე გადასახლდა. კუნძული როდოსი III-II საუკუნეებში ძლიერი სავაჭრო რესპუბლიკა და ელინისტური კულტურის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი იყო. აპოლონიოსი როდოსზე კარგად მიიღეს. აქ მან შექმნა სკოლა და გრამატიკას ასწავლიდა. ამჯერად მან გამოიყენა ალექსანდრიაში გაწეული კრიტიკა, გადაამუშავა „არგონავტიკის“ I გამოცემა და გამოსცა მეორე. პოეტმა როდოსზე დიდი სახელი მოიხვეჭა და როდოსელ მოქალაქედ იქნა აღიარებული. ამიერიდან იგი როდოსელად იწოდა. არსებული ბიოგრაფიების მიხედვით, აპოლონიოსი ალექსანდრიაში სიბერის ჟამს დაბრუნებულა. პტოლემაიოს V ეპიფანეს დროს (204-181) მოხუცი პოეტი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მეთაურად აურჩევიათ. ამის შემდეგ იგი მალე გარდაცვლილა და მიუხედავად წარსული მტრობისა მასწავლებლის გვერდით დაუკრძალავთ.

სინონიმი: არგონავტები
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9