A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VII

ბერძნ.

ერიდანოსში შენავებული არგონავტები მწუხარებამ შეიპყრო. დღის განმავლობაში მათ მოსვენებას არ აძლევდა დამწვარი ფაეთონის გვამის სუნი, ერიდანოსის მდინარებას რომ ამოჰქონდა, საღამოს კი მათი გული სიბრალულით აავსო ჰელიოსის ასულთა გამგმირავმა ქვითინმა. ფაეთონის საბრალო დების ცრემლები ზეთისებურ წვეთებად იღვრებოდა მდინარის ზედაპირზე.

ერიდანოსიდან გამოსული არგონავტები ღრმა მდინარე როდანოსში შენავდნენ. ეს ორი მდინარე საშინელი ზათქით და მღელვარებით უერთდება ერთმანეთს. როდანოსი დედამიწის უკიდურესი ნაწილიდან მომდინარეობს. მისი სათავე იქ არის, საიდანაც ღამე ეფინება ქვეყანას. ამ მდინარის ერთი ტოტი ოკეანეს ნაპირებისაკენ მიემართება, მეორე ტოტი ერიდანოსს უერთდება და იონიის ზღვაში შედის, მესამე ტოტი კი შვიდი შესართავის საშუალებით სარდონიის ზღვის (ტირენის ზღვა) დიდ უბეში ვარდება.

არგონავტები როდანოსის პირველ ტოტს აჰყვნენ და მღელვარე ტბების შუაგულში აღმოჩნდნენ. ამ ტბებით კელტების მთელი ქვეყანაა მოფენილი. არგონავტების ხომალდი როდანოსის ამ ტოტით ტბიდან ტბაში გადადიოდა და ოკეანესაკენ მიჰქროდა. გზაარეულმა არგონავტებმა აღარ იცოდნენ, საით მიცურავდნენ. ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ, მათი ხომალდი რომ ოკეანეში შესულიყო და აუცილებლად დაიღუპებოდნენ; მაგრამ ყოვლისშემძლე ქალღმერთი ჰერა ზეციდან ჩამოეშვა და ერკინიოსის მთიდან მძლავრად დაიყვირა. ჰაერში გუგუნი გაისმა და არგონავტები შიშისზარმა აიტაცა. შემდეგ ჰერამ ხომალდი შემოაბრუნა და არგონავტებმაც გაიგნეს გზა, რომლითაც სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ქალღმერთმა მთელ დღეს ნისლით შებურა არემარე და არგონავტებმა შეუმჩნეელად ჩაუცურეს კელტების და ლიგურების მრავალი ტომით დასახლებულ მხარეს. დიდი ხნის ცურვის შემდეგ არგონავტებმა მდინარის შუაგული შესართავი გადაჰკვეთეს, ზღვაში შენავდნენ და დიოსკურების წყალობით სტექადების კუნძულს უვნებლად მიაღწიეს. ზევსმა ამის შემდეგ თავის სახელოვან ვაჟებს საერთოდ ხომალდების მფარველობა მიანდო. ამიტომაა, რომ ტინდარიდებს განუწყვეტლივ უგებენ საკურთხევლებს და მსხვერპლს სწირავენ.

სტექადების დატოვების შემდეგ არგონავტები მიადგნენ ეთალიის კუნძულს (კ. ელბა). დაქანცულმა ვაჟკაცებმა ღვარივით მოდენილი ოფლი ამ კუნძულზე კენჭებით ჩამოიწმინდეს. ეს კენჭები ეხლაც ჰყრია იქ და არგონავტების კანის ფერი აქვთ მიღებული. ვაჟკაცებმა აქ ყოფნის აღსანიშნავად სავარჯიშო დისკოები და ზოგიერთი ბრწყინვალე იარაღი ამ კუნძულზე დატოვეს. ეთალიის ნავსადგურს კი დღესაც არგოს ნავსადგური ეწოდება.

აქედან სწრაფად გაცურდნენ არგონავტები დავსონიის ზღვის ტალღებზე, ჩაუარეს ტირსენისის ნაპირებს და აიაიას სახელგანთქმულ ნავსადგურში შეცურდნენ. ვაჟკაცები ხომალდიდან გადმოვიდნენ, ბაგირები ნაპირზე დაამაგრეს და დაინახეს გრძნეული კირკე. იგი ღამის სიზმრებით იყო შეშინებული და ზღვის წყლით თავს იბანდა, რათა ცოდვებისაგან განწმენდილიყო. კირკეს ეზმანა, ვითომ მთელი მისი სასახლე სისხლით იყო გავსებული, უცხოელთა მოსაჯადოებელი წამლები ცეცხლში გახვეულიყო, თვითონ კი ხელით წითელ სისხლს იღებდა და ხანძარს აქრობდა. საზარელმა სიზმარმა კირკე შეაძრწუნა. იგი განთიადზე წამოდგა და ზღვის ნაპირისაკენ გაემართა თმების და ტანსაცმელის ზღვის წყლით განსაწმენდად. ვით მწყემსს მისდევს ხოლმე ნახირი, ისე ზღვისაკენ მიმავალ კირკეს მისდევდნენ სხვადასხვანაირი ქმნილებები, რომლებიც არც მტაცებელ მხეცებს ჰგავდნენ და არც ადამიანებს. გაურკვეველი ბუნების მქონე ცხოველებს სხეულის ასოები საოცრად ჰქონდათ აღრეული. ასეთი ქმნილებები, საკვირვლად რომ ჰქონდათ სხეულის ნაწილები დაკავშირებული, თავდაპირველად ტალახიდან წარმოქმნა დედამიწამ, როცა იგი ჯერ კიდევ არ იყო ჰაერით გარსმოცული და არც სინესტე ჰქონდა მოშორებული მზის მწველი სხივების საშუალებით. დედამიწისაგან წარმოშობილი საბრალო ქმნილებები მხოლოდ დრომ მოიყვანა წესიერ კავშირში.

ხმელეთზე გადმოსული არგონავტები უსაზღვრო გაკვირვებით შესცქეროდნენ საოცარ ცხოველებს, ხოლო როცა კირკეს გარეგნობა და სახე იხილეს, მყისვე შეიცნეს აიეტის გრძნეული და. კირკე ამასობაში განიწმინდა და ღამის სიზმარის შიშისაგან განთავისუფლდა. მან არგონავტებს ჯადოქრულად ანიშნა ხელით, გაჰყოლოდნენ და სასახლისაკენ გაემართა იაზონმა არგონავტებს უბრძანა, ფეხი არ მოეცვალათ; თვითონ კი მედეა გაიყოლა და კირკეს ნაბიჯს გაჰყვა, უცხოელების მოსვლით გაკვირვებულმა კირკემ იაზონი და მედეა სასახლეში შეიწვია და სთხოვა ბრწყინვალე სავარძლებზე დამსხდარიყვნენ. ისინი კი კერასთან მივიდნენ და საბრალო მავედრებელთა წესის მიხედვით მდუმარედ ჩამოსხდნენ. მედეამ სახეზე ხელები აიფარა, იაზონმა დიდტარიანი მახვილი, რომლითაც აფსირტე მოჰკლა, წვერით ძირს ჩააგო და თვალები დახარა. კირკე მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ლტოლვილნი იყვნენ და მკვლელობა ჰქონდათ ჩადენილი. ყოვლისშემძლე ზევსი კაცისმკვლელებს თავზარს სცემს, მაგრამ თუ ისინი მძიმე დანაშაულს აღიარებენ და ცოდვისაგან განიწმინდებიან, დიდ მფარველობასაც უწევს. გრძნეულმა კირკემ მოიგონა მავედრებელთა მფარველი ზევსის ეს წესი და მსხვერპლის შეწირვა დაიწყო. მან კერაზე ძუძუმწოვარა გოჭი დაჰკლა და მისი სისხლით იაზონს და მედეას ხელები მოჰბანა. შემდეგ მავედრებელთა მფარველ ზევსს მოუწოდა, რათა ცოდვილები მკვლელობისაგან განეწმინდა და ზედაშე დაუქცია. კირკეს მოახლე ნეიადებმა, რომლებიც მას ამ საქმეში ეხმარებოდნენ, ყველა განსაწმენდელი საგანი გარეთ გაიტანეს, კერასთან მდგომმა კირკემ კი ლოცვა წარმოსთქვა, საღვთო კვერი დასწვა და ზედ უღვინო ნარევი სითხე დაასხა, რათა დაემშვიდებინა მრისხანე ერინიები და ყოვლისშემძლე ზევსიც მოელმობიერებინა. კირკე მხურვალედ შეევედრ მათ მოწყალება მოეღოთ პატიების მთხოვნელ ცოდვილებზე და არ მიეღოთ მხედველობაში ის, თუ ვისი სისხლით ჰქონდათ ხელები შებღალული – უცხოელის თუ თვისტომის.

როცა კირკემ ყეელაფერი დაასრულა, კერასთან ჩამჯდარი იაზონი და მედეა წამოაყენა, გაკრიალებულ სავარძლებზე დასხა, თვითონაც ახლო მიუჯდა და დაუწყო გამოკითხვა, თუ საიდან მოხვდნენ მის სასახლეში. კირკე ფიქრობდა, ღამის სიზმარი აღსრულდაო. როგორც კი ასწია მედეამ თვალები, მის ელვარებაში მყისვე შეიცნო კირკემ, ჰელიოსის ნაშიერი რომ იყო მის წინ. ჰელიოსის შთამომავალნი ხომ ოქროსავით მოელვარე სხივებს ისვრიდნენ თვალთაგან! გრძნეულ კირკეს სურდა ქალწულის პირიდან მშობლიური ხმა გაეგონა. მართლაც, მრისხანე აიეტის ასულმა კირკეს წყნარი ხმით უამბო ყველაფერი კოლხურ ენაზე. უთხრა მას, თუ რას წარმოადგენდა არგონავტების ლაშქარი, თუ რარიგ მძიმე განსაცდელი გადაიტანეს ვაჟკაცებმა და როგორ შეაცდინა იგი საკუთარმა დამ. შემდეგ უამბო, თუ ვით გამოექცა მამის მუქარას ფრიქსეს ვაჟებთან ერთად. აფსირტეს მკვლელობის ამბავს მედეამ გვერდი აუარა მაგრამ კირკეს გონებას ეს არ დაემალა. ჰელიოსის გრძნეულ ასულს მაინც შეეცოდა სევდით მოცული მედეა და ასე უთხრა: „უბედურო ქალწულო, შენი სამშობლოდან სამარცხვინო გამოქცევა და შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება! მრისხანე აიეტი ჩქარა მოევლინება ელადას და შვილის სისხლს აიღებს. რადგან შენ პატიების სათხოვრად მოსულხარ და ჩემი ნათესავიც ხარ, ცუდს არაფერს შეგამთხვევ! მაგრამ დაუყოვნებლივ დატოვე ჩემი სასახლე და გაჰყევი ამ უცხოელს, რომლის გულისათვისაც სამშობლო და მამა მიატოვე! ნუღარ მომეხვევი მუხლებზე ლოცვა-მუდარით! შენს სამარცხვინო საქციელს ვერც მე მოგიწონებ და დახმარებას ვერ აღმოგიჩენ!“

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9