A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – X

ბერძნ.

ზეფირის კეთილმა ქარმა თრინაკიის ზღვიდან (ტირენის ზღვა) გამოსული მრავალტანჯული არგონავტები ფეაკების კუნძულთან მიიყვანა. აქაურმა მეფე ალკინოემ და ფეაკებმა არგონავტები სიხარულით მიიღეს. სტუმრების მოსვლის აღსანიშნავად მსხვერპლი შესწირეს და საზეიმო ლხინი მოაწყვეს. ფეაკების მთელი ქალაქი არგონავტების დაბრუნებას ზეიმობდა. კაცი იტყოდი, ფეაკები თავის საკუთარ ბავშვებს დაჰხარიანო. ძლევამოსილი ვაჟკაცებიც უზომოდ ხარობდნენ. ასე ეგონათ, შუაგულ ჰემონიაში (თესალიაში) ვართო შესული. არგონავტების სიხარული დიდხანს აღარ გაგრძელებულა. ისინი ჩქარა იქნენ იძულებულნი ბრძოლისათვის მომზადებულიყვნენ. არგონავტების მდევარმა კოლხთა მეორე ჯგუფმა კიანეს კლდეების გამოვლით ევქსინის პონტოდან გამოსვლა მოახერხა და კუნძულ დრეპანეს მოადგა. კოლხთა ურიცხვი ლაშქარი მედეას დაბრუნებას თხოულობდა და იმუქრებოდა, რომ სავალალო ომს დაიწყებდა ახლაც და შემდეგ აიეტთან ერთად! მეფე ალკინოემ კოლხები დაამშვიდა. მას სურდა ბრძოლის გარეშე გადაეწყვიტა ეგზომ სასტიკი დავაი საზარელი. შიშით შეძრწუნებული მედეა ხან არგონავტებს ემუდარებოდა, ხან კი ალკინოეს მეუღლე არეტეს მუხლებზე ეხვევოდა და ასე ეუბნებოდა: მუხლმოდრეკილი გევედრები, დედოფალო, შემიბრალე! ნუ მიმცემთ კოლხებს მამაჩემთან წასაყვანად! შენ ხომ ადამიანი ხარ და იცი, მსუბუქი შეცოდება ვით მიაქანებს ადამიანს უბედურებისაკენ! ჩემი უბედურების მიზეზიც ასეთი პატარა შეცოდებაა; სამშოგლოდან ვნებიანობის გამო არ გამოვქცეულვარ! ვფიცავ ჰელიოსის წმინდა შუქს და პერსეს ასულის, ღამითმოხეტიალე ჰეკატეს წმინდა საიდუმლოებებს, ჩემი სურველის გარეშე გამოვყევი უცხოელებს! მე შევცოდე და შეცოდების შიშმა მაიძულა სამშობლო მიმეტოვებინა. სხვა განზრახვა არა მქონია! დილებულო დედოფალო, მერწმუნე, სიქალწულე, ვით მამაჩემის სასახლეში, ისე ახლაც ხელუხლებელი მაქვს! შემიბრალე, კეთილო დედოფალო! სთხოვე შენს მეუღლეს დახმარება აღმომიჩინოს! სამაგიეროს უკვდავი ღმერთები გადაგიხდიან. ისინი გიბოძებენ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ბრწყინვალებას, შვილებით გაბედნიერებას და თქვენს შეურყეეელ ქალაქს დიდებით შემოსავენ!“.

ცრემლმორეული მედეა ახლა არგონავტებთან მიიჭრა და ბრწყინვალე გმირებს სათითაოდ ეუბნებოდა: „დიდებულო ვაჟკაცებო, თქვენი წყალობითა ვარ ასეთ საზარელ მდგომარეობაში ჩავარდნილი! თქვენ ხომ ჩემი დახმარებით დაუღლეთ აიეტის ცეცხლისმფრქვეველი ხარები? თქვენ ხომ ჩემი შემწეობით დასთრგუნეთ არესის ველზე აღმოცენებული გოლიათები? იცოდეთ, მედეას წყალობითაა, რომ ოქროს საწმისს სადაც არის ჰემონიაში მიიტანთ! მე თქვენი გულისათვის დავკარგე სამშობლო, მშობლები, სასახლე და ყოველგვარი განცხრომა! მე თქვენთვის ვცდილობდი, სამშობლოში დაბრუნებულიყავით და კვლავ გეხილათ საყვარელი მშობლები! მე კი სასტიკმა ბედმა ყოველგვარი ღირსება ამხადა და განუწყვეტელ შიშში ჩამაგდო. ვაჟკაცებო, გეშინოდეთ თქვენი პირობის და ფიცის დარღვევისა! გეშინოდეთ მავედრებელთა მფარველი ერინიასი და ყოვლისშემძლე ღმერთების რისხვისა! ნუ იზამთ იმას, რომ თქვენდა სამარცხვინოდ აიეტის სასტიკ ხელებში მოვხვდე და დავიღუპო! ჩემს დახმარებას მხოლოდ თქვენგან მოველი! მე არც ტაძარს ვაფარებ თავს და არც რომელიმე ციხე-სიმაგრეს. საბრალო მედია თქვენ შემოგყურებთ!.. ოჰ, შეუბრალებელო არგონავტებო! განა არ გრცხვენიათ, ეგზომ შეშინებულს რომ მხედავთ? განა არ გრცხვენიათ, უცხო დედოფალს რომ ვუშვერ ხელს დახმარებისათვის? ოქროს საწმისის მოტაცების მსურველები თითქოს მზად იყავით მთელ კოლხებს შერკინებოდით და თვით ამაყ აიეტს გამკლავებოდით? განა ახლა დაგავიწყდათ თქვენი მამაცობა? სად არის თქვენი ძლევამოსილება? აქ ხომ კოლხთა მცირე ნაწილია მოსული!“

არგონავტებმა მედეა დაამშვიდეს. მახვილები იშიშვლეს და საბრალო ქალწულს დახმარება აღუთქვეს, თუ მეფე ალკინოე მის საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანდა.

არგონავტების აღელვებულ ლაშქარს ადამიანთა საქმეების შემწყვეტმა ღამემ მოუსწრო და მთელი დედამიწა დააწყნარა. მხოლოდ მედეა ვერ დაემორჩილებინა ტკბილ ძილს. საბრალო ქალწულს ისე უბრუნავდა მკერდში გული, ვით თითისტარი, რომელსაც წვრილი შვილების ქვრივი დედა ატრიალებს ხოლმე. ამ საბრალო ქალივით ტიროდა მედეა და ნაზი ლოყები ცხარე ცრემლებით უსველდებოდა.

მეფე ალკინოე და დედოფალი არეტე ჩვეულებისამებრ სასახლის სიღრმეში განისვენებდნენ და სარეცელში მედეას შესახებ საუბრობდნენ. „ძვირფასო მეუღლევ, – ნაზად მიმართა არეტემ მეფე ალკინოეს, – გაუწიე მფარველობა არგონავტებს და მრავალტანჯული მედეა დაიხსენი კოლხთა დევნისაგან! არგოსი და ჰემონიელი მამაცები ჩვენი კუნძულის მეზობლებია. რაც შეეხება აიეტს, იგი ჩვენგან მოშორებით ცხოვრობს და მისი სახელის მეტი არაფერი ვიცით. საბრალო ქალწული ცხარე ცრემლებით შემევედრა და გული მატკინა. ნუ გადასცემ, მეფეო, მედეას კოლხებს მრისხანე მამასთან წასაყვანად! მისი პირველი ცოდვა იაზონისათვის დახმარების აღმოჩენა ყოფილა. მერე კი (რაც ყველას მოგვდის ხოლმე) ამ ცოდვის გამოსასწორებლად მეორე ცოდვაც ჩაუდენია და მრისხანე მამას გამოქცევია. როგორც ვფიქრობ, იაზონს მისთვის დიდი ფიცი აქვს მიცემული, რომ კანონიერ მეუღლედ შეიყვანოს სახლში. ძვირფასო მეუღლევ, ნუ დაუშვებ იმას, რომ ძლევამოსილი იაზონი ფიცის გამტეხი აღმოჩნდეს და მრისხანე აიეტმა თავისი ასული შეუბრალებლად დასაჯოს! ოჰ, რა სასტიკნი არიან მამები საკუთარი ასულებისადმი! ხომ გახსოვს, რა უქნა ნიქტევსმა ლამაზთვალება ანტიოპეს? ან რაოდენი ტანჯვა გადაიტანა ზღვის ბობო-ქარ ზვირთებში მამის უგნურების წყალობით საბრალო დანაემ? ისიც ხომ იცი, ჩვენს მახლობლად მცხოვრებმა თავხედმა ექეტოსმა რომ ახლახან სპილენძის წვეტიანი ჯოხი ატაკა თვალებში თავის ქალიშვილს? საბრალო ქალწული ახლაც ბნელ საპყრობილეში ზის და საზარელი ტანჯვით სპილენძს ფქვავს!“.

არეტეს სიტყვებმა მეფე ალკინოეს გული მოულმობიერა. კეთილმა მეფემ თავის მეუღლეს ასე მიუგო: „ძვირფასო არეტე, დიდი სიამოვნებით შევასრულებდი შენს თხოვნას და საბრალო ქალწულის ხათრისათვის არგონავტებს კოლხთა მოსაგერიებლად იარაღით დავეხმარებოდი, რომ ზევსის მიერ დადგენილი სტუმართმოყვარეობის კანონის შეურაცხყოფის არ მეშინოდეს. მეორე მხრით არც თუ მეფე აიეტის მოურიდებლობა იქნება კარგი. აიეტზე უძლიერესი მეფე არავინ არის. მართალია, შორს ცხოვრობს, მაგრამ თუ მოისურვა, ელადას ომს გამოუცხადებს. საჭიროა ისეთი გადაწყვეტილება გამოვიტანო, რომელიც ყველას სამართლიანად მოეჩვენება. ჩემი აზრი ასეთია: თუ მედეა ქალწული არის, მაშინ ვბრძანებ იგი მამამისს წაუყვანონ, მაგრამ თუ მას იაზონთან უკვე გაზიარებული აქვს სარეცელი, მის ქმარს არ მოვაცილებ და მტერს ხელში არ ჩავუგდებ. შეიძლება მედეა უკვე ორსულადაც არის!“ ამ სიტყვებზე ალკინოეს ჩაეძინა. ალკინოეს გადაწყვეტილება არეტეს მეტად მოეწონა. იგი საწოლიდან სწრაფად წამოდგა, სამეფო ოთახიდან გამოვიდა და მხევალი ქალებით გარსშემორტყმული დედოფალი შიკრიკთან მივიდა. არეტემ შიკრიკს უბრძანა იაზონს ხლებოდა და მისთვის გადაეცა, სასწრაფოდ შეუღლებოდა მედეას და ალკინოეს გადაწყვეტილება მოეხსენებინა.

სასახლის შიკრიკი მყისვე გაეშურა არგონავტებისაკენ, რათა იაზონისათვის არეტეს კეთილი რჩევა და მეფე ალკინოეს განზრახვა გადაეცა. იგი ქალაქის მახლობლად მდებარე ჰილიკოსის ნავსადგურში მივიდა. არგონავტები იარაღში ჩამსხდარიყვნენ და ხომალდთან ფხიზლობდნენ. შიკრიკის მიერ მოტანილმა ამბავმა არგონავტები უსაზღვროდ გაახარა და ყოველი მათგანი იაზონის და მედეას ქორწილისათვის მზადებას შეუდგა.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9