A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – IV

ბერძნ.
ამასობაში სახელოვანმა არგონავტებმა საბრალო მოხუც ფინევსს ჭუჭყიანი სხეული გაუსუფთავეს. შემდეგ კი ამიკოსის ფარეხიდან ნადავლად წამოყვანილი არჩეული ცხვრები მსხვერპლად შეწირეს და ბრწყინვალე სუფრას შემოუსხდნენ ფინევსის სახლში. საბრალო მოხუცი ხარბად შეექცეოდა ნუგბარ საჭმელებს და თავი სიზმარში ეგონა. როცა ვაჟკაცები საჭმელით და სასმელით გაძღნენ, კერასთან მოგროვდნენ და მთელი ღამე ელოდებოდნენ ბორეასის ბრწყინვალე ძეებს. ვაჟკაცებმა შუაში ფინევსი ჩაისვეს, რომელიც მათ წინმდებარე გზისა და ნაოსნობის დასასრულის შესახებ შემდეგს მოუყვა: „ახლა კი მისმინეთ, ვაჟკაცებო, წესი არაა, რომ თქვენ ყველაფერი იცოდეთ, რაც თავს გარდაგხდებათ! იმას კი, რაც ღმერთებსაც საამოდ დაურჩებათ, ახლავე გიმისნებთ. მე უკვე საკმარისად დავისაჯე იმიტომ, რომ ზევსის განზრახვებს დაუფარავად ვაცხადებდი თავიდან ბოლომდე. ნეტარ ზევსს სურს, რომ მოკვდავებს განეცხადოთ წინასწარმეტყველების მხოლოდ ნაწილი, რათა ადამიანებს დარჩეთ გაუგებრად ისეთი რამ, რაც ღმერთებს მათ თვალში პატივსა და ღირსებას შეუნარჩუნებს. ჩემგან რომ წახვალთ, უწინარეს ყოვლისა ზღვაში სრუტესთან თქვენ დაინახავთ ორ პირქუშ კლდეს; ამ კლდეთა შორის ჯერ არც ერთი მოკვდავი არ გასულა. ძირი ამ კლდეებს არაფერზე არა აქვთ დადგმული და საოცარი სისწრაფით მოძრაობენ. კლდეები მარად ეჯახებიან და მყისვე შორდებიან ერთმანეთს. ზღვის ბობოქარი და ქაფმორეული ტალღები ამ კლდეთა მწვერვალებამდე აღიმართება. კლდეების შეხეთქება ისეთი ძლიერია, რომ იქაურობა შემაძრწუნებლად გუგუნებს. თუ თქვენ ღმერთებს თაყვანს სცემთ და გონიერები ხართ, დაუჯერეთ ჩემს რჩევას: ახალგაზრდობის ცეცხლით გატაცებულებმა უცბად არ მიიტანოთ იერიში ამ კლდეებში გასაცურავად, თორემ თქვენივე ხელით გაიმზადებთ საზარელ სიკვდილს! სანამ თქვენ ეცდებოდეთ კლდეებში გასვლას, მანამ ფრთოსანი მტრედი გაუშვით ხომალდიდან და თუ ფრინველი უვნებლად გადაჰკვეთს კლდეებს, თქვენც ნუ დააყოვნებთ, მძლავრად მოუსვით ხოფებს და სასწრაფოდ გადალახეთ სრუტე. თქვენი ხსნა იმდენად ლოცვა-მუდარაზე არ იქნება დამოკიდებული, რამდენადაც თქვენი ხელების ძალაზე. ყველაფერს თავი დაანებეთ მაშინ და მხოლოდ თქვენს სიმამაცეს დაეყრდენით. მე, რა თქმა უნდა, არ გიკრძალავთ წინასწარ ღმერთებს შეევედროთ. თუ მტრედი კლდეებში დაიღუპა, დაუყოვნებლივ გამობრუნდით უკან და უმჯობესია დაემორჩილოთ უკვდავ ღმერთებს. კლდეთა შეხეთქებას ღმერთთა სურვილის გარეშე ვერ გადაურჩება თქვენი ხომალდი არგო, თუნდაც რკინისაგან იყოს აგებული. გიმეორებთ, თუ მტრედი, გამოსაცდელად გაშვებული, დაიღუპა კლდეებში, ნუ წახვალთ ჩემი წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ნუღარ ეცდებით გზის გაგრძელებას! თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მე სამგზის მეტად წყეული ვარ იმაზე, რამდენადაც ზეციური ღმერთებისათვის ვითვლები, მაინც დამიჯერეთ, რადგანაც ყველაფერი ისე აღსრულდება, როგორც მე ვამბობ. თუ თქვენ უვნებლად გასცურავთ ამ მოძრავ კლდეებს, მყისვე პონტოში აღმოჩნდებით. ბითინელთა მხარე ხელმარჯვნივ დაიკავეთ და იცურეთ. ნურც ერთ ნაპირს ნუ მიადგებით მანამ, სანამ არ გადაჰკვეთთ სწრაფ მდინარე რებას,(ბითინიაში) სანამ არ ჩაუვლით შავ კონცხს (ბითინიაში) და კუნძულ თინიას (შავ ზღვაში) ნავსადგურს არ მიაღწევთ, აქედან გამგზავრებულნი დიდხანს არ იცურებთ და მიადგებით მარიანდინების მხარეს. აქ საიქიოს სამეფოში ჩასასვლელი გზა მიდის და აქერუსიას კონცხია აღმართული, რომლის მწვერვალიდანაც ჩამოდის მორევიანი აქერონი (საიქიოს მდინარე). იგი მის მიერ გაკვეთილ უფსკრულში ისვრის თავის ტალღებს. ამის შემდეგ თქვენ ჩაუცურავთ პაფლაგონიის მთებს. პაფლაგონია ის მხარეა, რომელზედაც თავდაპირველად ენეტეიოსი12 პელოფსი მეფობდა. პაფლაგონიელები ამიტომ ამაყობენ, რომ ისინი პელოფსის სისხლისანნი არიან. აქ თქვენ ნახავთ ზღვიდან ცამდე აზიდულ კონცხს. იგი ჰელიკეს დათვამდე13 აღიმართება და მის მწვერვალს ბორეასის ქარები ეხეთქებიან. ამ კონცხს კარამბისს უწოდებენ. ამ კონცხის მოშორებით მდებარე უფრო პატარა კონცხს საზარლად ეხეთქება მდინარე ჰალისის ტალღები. მის მახლობლად მდინარებს პატარა ირისი ქათქათა ტალღებს ზღვაში ისვრის. ირისის შესართავს ზემოთ ზღვას იდაყვის მსგავსი, მოხრილი ნაპირი აკრავს. ამ ნაპირის კიდეზე არის კონცხი თემისკირა. აქ ზღვის წყნარ უბეს ერთვის შორიდან მომავალი მდინარე თერმოდონტი. თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტაიოსის კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები, რომლებიც ხის კოშკებში იმართავენ ბინებს კარგად შეკრული ღობეებით, რომლებსაც მოსინებს უწოდებენ: აქედან მოდის თვით მათი სახელიც – მოსინიკები. მათ რომ ჩაუვლით, თქვენ მიადგებით ერთ მწირ კუნძულს, (არესის კუნძული ანუ არეტიადა) ათასგვარი ხერხით რომ მოიგერიებთ თავხედ ფრინველებს რომლებიც მრავლად დასტრიალებენ თავს ამ უდაბურ კუნძულს. ოდესღაც მასზე ამაზონების დედოფლებმა, ოტრერემ და ანტიოპემ არესს აუგეს ქვის ტაძარი, როცა ისინი ლაშქრად მიდიოდნენ. ამ კუნძულზე მიდგომა თქვენთვის მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდება; ამიტომ მეგობრულად გირჩევთ, იქ აუცილებლად მიაცუროთ ხომალდი. მაგრამ რატომ უნდა გითხრათ რა მოხდება იქ? ეს ხომ კვლავ ღვთის წყრომას გამოიწვევს! ამ კუნძულის გადაღმა ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ. მაგრამ თქვენ განაგრძეთ ხომალდით ცურვა, სანამ ზღვის კიდეს არ მიაღწევთ. იქ კუტაიის14 ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან15 გამომდინარე მორევიანი ფასისი მიაგორებს თავის ფართო ნაკადს ზღვისაკენ. ამ მდინარის შესართავთან რომ მიაცურებთ ხომალდს, თქვენ დაინახავთ კუტაიელ აიეტის კოშკს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს. ამ ჭალაკში მუხაზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს საზარელი სანახავი ურჩხული დრაკონი დარაჯობს. მის საშინელ თვალებს ვერც დღისით და ვერც ღამით ვერ იმორჩილებს ტკბილი ძილი“.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9