A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – XI

ბერძნ.

იაზონმა ამ სიტყვებთან ერთად ფრიქსეს ვაჟებს ხომალდიდან მოტანილი ტანსაცმელი გადასცა. საბრალო ყმაწვილები მყისვე შეიმოსნენ და არგონავტებთან ერთად არესის ტაძრისაკენ გაემართნენ, სადაც მსხვერპლი უნდა შეეწირათ. არგონავტები უსახურავო ტაძრის გარეთ ქვისაგან აგებულ საკურთხეველთან გაჩერდნენ. ტაძრის შიგნით შუა ადგილას შავი წმინდა ქვა იყო ჩაჭდობილი. ამ ქვასთან ამაზონები ლოცულობდნენ ხოლმე, როცა ხმელეთიდან ამ კუნძულზე მოვიდოდნენ. ამაზონებს წესად არ ჰქონდათ, რომ ამ საკურთხეველზე ცხვრების ან ხარების წმინდა ნაწილები შეეწირათ მსხვერპლად. ისინი ამისათვის ცხენებს იყენებდნენ, რომელთაც წინასწარ კარგად კვებავდნენ და ასუქებდნენ. როცა არგონავტებმა მსხვერპლი შესწირეს, ლხინი გამართეს და საჭმელ-სასმელს შეექცეოდნენ. ლხინის დროს იაზონმა ფრიქსეს ვაჟებს ასე მიმართა: „ნეტარი ზევსი ყველაფერს ხედავს. მას არასოდეს არ ავიწყდება სამართლიანი და ღვთისმოშიში ადამიანი. როგორც მამათქვენი იხსნა მან დედინაცვლის ვერაგობისაგან და შემდეგში ურიცხვი სიმდიდრე უბოძა, ისე თქვენ გადაგარჩინათ მრისხანე ქარიშხალისაგან და ჩვენს მძლავრ ხომალდს შეგახვედრათ. ჩვენი ხომალდით ყველგან შეიძლება გამგზავრება, საითკენაც კი მოისურვებთ, გინდ ეასაკენ გასცურავთ, გინდ ღვთაებრივ და მდიდარ ქალაქ ორქომენისაკენ. ეს ხომალდი თვით ქალღმერთმა ათენამ ააშენა. სახომალდე მასალა მან პელიონის მთის მწვერვალზე გამოჭრა. ქალღმერთს ამ საქმეში ჩვენი თანამეგზური არგოსი ეხმარებოდა. თქვენი ხომალდი კი ძალზე სუსტი ყოფილა, ბობოქარმა ტალღებმა იგი დაამსხვრიეს მანამ, სანამ მიუახლოვდებოდით პირქუშ კლდეებს, რომლებიც ამ ზღვის სრუტეში განუწყვეტლივ მოძრაობენ და ერთმანეთს ეხეთქებიან. ყმაწვილებო! შეუერთდით ჩვენს ლაშქარს, რომელსაც სურს ელადაში ოქროს საწმისი მიიტანოს. წამოდით ჩვენთან ერთად და ნაოსნობაში მეგზურობა გაგვიწიეთI მე ხომ იმიტომ მივემართები ეაში, რომ ფრიქსეს მიერ იქ შეწირული საწმისი ელადაში დავაბრუნო და ამით დავასრულო ყოვლისშემძლე ზევსის რისხვა ეოლოსის მოდგმაზე“.

იაზონის სიტყვებმა ფრიქსეს ვაჟები შეაძრწუნა. მათ იცოდნენ, რომ აიეტი რბილი ხასიათის კაცი არ იყო და ეგზომ ადვილად არ დაანებებდა არგონავტებს ოქროს საწმისს. არგოსმა, რომელსაც ზედმეტად მიაჩნდა ამ ლაშქრობის მიზნის მიღწევაზე ფიქრიც კი, არგონავტებს უთხრა: „მეგობრებო, ჩვენ რამდენადაც შეგვიძლია, დაგეხმარებით, თუ ამის საჭიროება დადგება. უარს ამაზე არასოდეს არ გეტყვით; მაგრამ იცოდეთ, რომ აიეტი საშინელი სისასტიკითაა ცნობილი. ამიტომ მეშინია მასთან საწმისისათვის გამგზავრება. აიეტი ამტკიცებს, რომ ჰელიოსის შვილია. მის ირგვლივ კოლხთა ურიცხვი ტომი ცხოვრობს. კოლხეთის მბრძანებელი თავისი საზარელი ხმით და უსაზღვრო ღონით შეიძლება არესს შეედაროს. ცხადია, მისი სურვილის გარეშე ადვილი არ იქნება ოქროს საწმისის ხელთგდება. თქვენთვის სანუკვარ ოქროს საწმისს იცავს უკვდავი და მარად ფხიზელი გველეშაპი, რომელიც თვით დედამიწამ წარმოშვა კავკასიის მთებში იქ, სადაც ტიფაონის კლდეა აღმართული. ამბობენ, რომ აქ ურჩხულმა ტიფონმა, როცა მან ზევსის წინააღმდეგ თავისი ღონიერი ხელები აღმართა და ამისათვის ოლიმპოს მპყრობელმა მეხი დასცა, თავიდან ცხელი სისხლი დაღვარაო. დაკოდილი ურჩხული ნისეიის მთა-ველთან მივიდა და იქ სერბონის ტბაში (ეგვიპტეში) ჩაიძირა“. არგოსის სიტყვებმა არგონავტები მეტად შეაშფოთა და მრავალ მათგანს შიშისაგან სახე გაუფითრდა. მყისვე წამოიჭრა ადგილიდან გმირი პელევსი და არგოსს თავმომწონედ შეესიტყვა: „ძვირფასო მეგობარო, მეტისმეტად ნუ დაეცემი სულით; ჩვენ ძალ-ღონე არ გვაკლია, რომ აიეტს ვერ შევებრძოლოთ. იცოდეთ ისიც, რომ ჩვენ თითქმის ნეტართა სისხლისაგან ვართ და ომშიაც საკმაოდ გამოწრთობილნი მივემართებით კოლხეთისაკენ. თუ აიეტი ოქროს საწმისს ნებაყოფლობით არ დაგვითმობს იმედი მაქვს, რომ, მას კოლხთა ტომები ვერ უშველიან!“.

ასე საუბრობდნენ არგონავტები და ფრიქსეს ვაჟები ლხინის დროს; ხოლო შემდეგ, როცა ვახშმით თავი დაიკმაყოფილეს, ვაჟკაცებმა თავი ძილს მისცეს. დილით ადრე გამოიღვიძეს და საამო ქარმაც დაუბერა. არგონავტებმა იალქნები გაშალეს და არესის კუნძული სასწრაფოდ დატოვეს.

მთელი დღე მიჰქროდა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, ღამით კი არგონავტებმა კუნძულ ფილირეს ჩაუცურეს. აქ ურანოსის ძე კრონოსმა მაშინ, როცა ოლიმპოზე ტიტანებს მბრძანებლობდა და ზევსი ჯერ კიდევ კრეტას გამოქვაბულში იდეელ კურეტთა შორის იზრდებოდა, მოატყუა თავისი მეუღლე რეა და ნიმფა ფილირეს მიუწვა. ქალღმერთი რეა მათ შუა კავშირში წააწყდა. კრონოსი წამოხტა საწოლიდან; მან ფაფარაყრილი ცხენის სახე მიიღო და გაიქცა. ოკეანეს ასულმა ფილირემ კი სირცხვილის გამო ეს კუნძული მიატოვა და პელაზგთა დიდ მთებში წავიდა. აქ მან კრონოსთან საეჭვო კავშირის შედეგად შვა კენტავრი ქირონი ნახევრად ცხენის და ნახევრად ღმერთის მსგავსი ურჩხული.

კუნძულ ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. საამური ქარი სწრაფად მიაქროლებდა არგონავტებს და ისინიც განუწყვეტლივ მიაპობდნენ ზღვის ტალღებს. აი უკვე გამოჩნდა პონტოს უკიდურესი ყურე და მათ თვალწინ კავკასიის მთების მაღალი მწვერვალები აღიმართნენ. აქ სპილენძის ბორკილებით პირქუშ კლდეებზე მიჯაჭვული პრომეთე თავისი ღვიძლით კვებავდა არწივს, რომელიც განუწყვეტლივ მოისწრაფოდა ხოლმე მისკენ. საღამოს არგონავტებმა ეს არწივი დაინახეს. მან ღრუბლები გაკვეთა და გამგმირავი სტვენით გადუქროლა ხომალდს. იგი ისე მძლავრად მიაპობდა ჰაერს, რომ ზღვაზე ქარს აყენებდა და იალქნებს ბერავდა. ამ ფრთოსანს ჩვეულებრივი ფრინველის სახე არ ჰქონდა. მისი მალი ფრთები კარგად გათლილი ხოფებივით სერავდა ჰაერს. ცოტა ხნის შემდეგ არგონავტებმა პრომეთეს გულგამგმირავი კვნესა გაიგონეს. არწივი ტანჯულ გმირს ღვიძლს უკორტნიდა ჰაერი საზარელი კვნესით ივსებოდა მანამ, სანამ არგონავტებმა კვლავ არ დაინახეს სისხლისმსმელი არწივი, რომელიც კავკასიის მთებიდან უკან ბრუნდებოდა.

არგონავტებმა ღამით ფრიქსეს ვაჟიშვილის არგოსის გამოცდილების წყალობით ფართოდ მომდინარე ფასისს და პონტოს უკიდურეს საზღვარს მიაღწიეს. მოლაშქრეებმა სასწრაფოდ შეხვიეს იალქნები, ანძა დაუშვეს და წესისამებრ ამოღარულ საცავში შეინახეს. შემდეგ ხოფები მოუსვეს და მყისვე მდინარის ფართო კალაპოტში შეცურდნენ. ხომალდი მძლავრად მიაპობდა ფასისის მღელვარე ტალღებს. არგონავტებს ხელმარჯვნივ ეკავათ მაღალი კავკასიონი და მას ქალაქი კუტაისი, მარცხნივ გადაშლილიყო არესის ველი და ამ ღმერთის სახელობაზე შეწირული წმინდა ჭალაკი. აქ გველეშაპი ფხიზლად დარაჯობდა მუხის შეფოთლილ შტოებზე ჩამოკიდებულ საწმისს. იაზონმა ოქროს თასით მდინარეზე დაღვარა წყალნარევი და ტკბილი ღვინო ქალღმერთ გეას, ადგილობრივი ღმერთების და განსვენებულ გმირთა სულების პატივსაცემად. იგი მუხლმოდრეკილი ევედრებოდა მათ მოწყალე თვალი მოევლოთ არგონავტებისთვის, დახმარებოდნენ მათ და ვაჟკაცების კოლხეთში მოსვლა კეთილად მიეღოთ. გმირმა ანკევსმა არგონავტებს ასე უთხრა: „ჩვენ უკვე მოვედით კოლხეთის მიწაზე და ფასისის მდინარებასთან. დროა, მოვიფიქროთ, თავაზიანად მივმართოთ აიეტს თუ სხვა გზით ავისრულოთ საწადელი?“ სანამ ანკევსი ამას ამბობდა, იაზონმა, არგოსის რჩევით, არგონავტებს უბრძანა, ხომალდი მახლობლად მდებარე ლერწმით დაფარულ ჭაობში შეეცურებინათ და ღუზაც ჩაეგდოთ. ვაჟკაცებმა ხომალდი ნაჩვენებ ადგილას შეაცურეს და დასაძინებლად დაწვნენ. დიდი ხანი არ გასულა და არგონავტებისათვის სანუკვარმა ეოსმაც გამოანათა.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9