A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მესამე – I

ბერძნ.

ქალღმერთმა აფროდიტემ ეროსი ზევსის აყვავილებულ ბაღნარში იპოვა. ეროსთან ერთად აქ იყო განიმედეც, რომელიც ყრმის სილამაზით მოხიბლულმა ზევსმა ოდესღაც მოიტაცა და უკვდავთა შორის ზეცაზე დაასახლა. ეროსი და განიმედე ვით ტოლი ბავშვები, ოქროს კოჭებით თამაშობდნენ. ხარბი ეროსი ფეხზე იდგა, კოჭებით სავსე მარცხენა ხელის მუჭი გულთან მიეჭირა და ლოყები საამური სიწითლით ალანძოდა. განიმედე კი იქვე ჩაცუცქებულიყო და ჩუმად სწუხდა. მას ორი კოჭიღა შერჩენოდა, რომელთაც ერთი-მეორეზე მიყოლებით მოუფიქრებლად აგდებდა და ხმამაღლა მოხარხარე ეროსზე ბრაზობდა. როცა განიმედემ ეს კოჭებიც მალე წააგო, წამოდგა და დანაღვლიანებული ცარიელი ხელებით წავიდა. მან ვერ შენიშნა უკვე მოახლოებული კიპრიდა, რომელიც თავის ვაჟს წინ დაუდგა. ქალღმერთმა ეროსს ნიკაპზე წაავლო ხელი და უთხრა: „რატომ დასცინი, ცბიერო, განიმედს? განა ასე მოატყუე იგი და გამოუცდელი ყრმა დაჩაგრე? მე შენ ერთი საქმე უნდა შემისრულო და სამაგიეროდ ზევსის ნაქონ ლამაზ სათამაშოს მოგცემ. აი იმას, საყვარელმა ძიძამ ადრესტიამ რომ გაუკეთა ზევსს, როცა იგი იდის გამოქვაბულში იზრდებოდა და სათამაშოებით ერთობოდა. ამაზე კარგ საჩუქარს შენ თვით ჰეფესტოსაგანაც ვერ მიიღებ. იგი მრგვალი და გამჭვირვალე ბურთია. მას გარს არტყია ოქროს წრეები და შიგნით ლურჯი ხვეული აქვს. თუ ამ ბურთს ჰაერში აისვრი, ვარსკვლავივით დაიწყებს ციმციმს და მბრწყინავ კვალს დატოვებს. მე ამ ბურთს შენ გაჩუქებ, ოღონდ, აიეტის ქალწულს იყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნე და იაზონით მოხიბლე. იცოდე, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო!“ ეროსს ძალზე ეამა დედის სიტყვები. მყისვე დაყარა მიწაზე კოჭები, ქალღმერთის მოსასხამს ჩაეჭიდა და შეევედრა ახლავე მიეცა მისთვის ბურთი. აფროდიტემ შვილს ლოყებზე ხელი წაავლო, ჩაეხვია, აკოცა, გაიღიმა და ტკბილი სიტყვებით უთხრა: „ვფიცავ შენს ძვირფასს თავს და ჩემს თავსაც, რომ არ მოგატყუებ და საჩუქარს მოგცემ, თუ აიეტის ქალწულს სიყვარულის ამგზნებ ისარს სტყორცნი“. ეროსმა მიწაზე დაყრილი კოჭები აჰკრიფა, გულდასმით დაითვალა და ბრწყინვალე დედას კალთაში ჩაუყარა. მერე ხეზე მიყუდებული კაპარჭი აიღო, ოქროს სარტყელით მხარზე მიიმაგრა და მოხრილი მშვილდიც აიტაცა. ეროსმა ზევსის ყვავილნარი დატოვა, ოლიმპოს ჰაეროვან ჭიშკართან მივიდა და დაეშვა იმ გზაზე, რომელიც ეთერიდან დედამიწაზე ეშვება. ჯერ მან ორი მთა დაინახა, რომელთა ცამდე აზიდული მწვერვალებიდან აღმომავალი მზე თავის შუქმფინარ სხივებს დედამიწას სტყორცნის. შემდეგ კი ეროსის თვალწინ გადაიშალა ნოყიერი დედამიწა, ადამიანთა ქალაქები, წმინდა მდინარეები, დანარჩენი მთების მწვერვალები და ზღვა, რომელიც დედამიწას გარს ევლება.

დაამთავრა თუ არა ათენამ სიტყვა, ქალღმერთები სწრაფად გაემართნენ კიპრიდასაკენ და დიდ სასახლესთან მივიდნენ. ეს სასახლე აფროდიტეს მისმა კოჭლმა მეუღლე ჰეფესტომ აუგო მაშინ, როცა ზევსისაგან ცოლად წამოიყვანა. ჰერა და ათენა ეზოში შევიდნენ და ცოლ-ქმრის საწოლი ოთახის შესასვლელთან გაჩერდნენ. ამ ოთახში ქალღმერთი აფროდიტე ჰეფესტოს სარეცელს ამშვენიერებდა ხოლმე. ჰეფესტო სასახლეში არ იყო. დილით იგი მოხეტიალე კუნძულზე წასულიყო. აქ მას სამჭედლო ჰქონდა და ცეცხლის ძალით ბევრ მშვენიერ საგანს ჭედდა. კიპრიდა სახლში მარტო იყო. იგი ოთახში კარების პირდაპირ მოთავსებულ მრგვალ ტახტზე იჯდა; თეთრ მხრებზე მშვენიერი თმები ჩამოეშალა და ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა, რათა შემდეგ გრძელი კულულები დაეწნა. როცა მან ჰერა და ათენა დაინახა, შეჩერდა, ტახტიდან წამოდგა, ქალღმერთები ოთახში შეიწვია, სავარძლებზე დასხა და თვითონაც დაჯდა. შემდეგ დაუვარცხნელი თმები სასწრაფოდ აიკრა, გაიღიმა და სტუმრებს ტკბილი სიტყვებით ჰკითხა: „ძვირფასო ქალღმერთებო, რამ გაიძულათ, რომ აქ მოხვედით? თქვენ უბრწყინვალესი ქალღმერთები ხართ ქალ-ღმერთთა შორის და ამიტომაც არა ვარ დაჩვეული თქვენს ხშირ სტუმრობას“. ქალღმერთმა ჰერამ მას ასე მიუგო: „შენ დაგვცინი, ჩვენ კი დარდი გვაწუხებს. ოქროს საწმისის გულისათვის ელადიდან წამოსული გმირები უკვე კოლხეთში არიან და მათი ხომალდი მდინარე ფასისში დგა. არგონავტების წინაშე საშინელი საფრთხეა აღმართული. ჩვენ გვეშინია მათი ბედის გამო, მაგრამ ყველაზე მეტად იაზონის მდგომარეობა გვაღელვებს. მე მას, თუნდაც ჰადესის ბნელეთში გაემართოს სპილენძისა ბორკილებიდან იქსიონის დასახსნელად, მაინც დავეხმარები მთელი ჩემი ძალებით, რათა მისი დაღუპვით არ გაიხაროს მეფე პელიასმა და არ იფიქროს, რომ დაუსხლტა სასტიკ ბედისწერას. იგი ხომ თავხედურად მომექცა და მსხვერპლთშეწირვის დროს პატივი არ დამდვა! გარდა ამ მიზეზისა, იაზონს მე იმიტომაც ვმფარველობ, რომ მან სათნოება გამოამჟღავნა. მე ერთხელ ადამიანთა სამართლიანობის გამოცდა მოვისურვე, დედამიწაზე ჩავედი და მოხუცი ქალის სახე მივიღე. ნადირობიდან მომავალი იაზონი მე ადიდებული მდინარის ანავროსის შესართავთან შემხვდა. ზამთარი იყო. მთები და მაღალი გორები თოვლით იყო გადაპენტილი და მათგან წამოსული ნიაღვრები გრიალით ასკდებოდნენ არემარეს. იაზონს მე შევებრალე და თავისი მხრებით გადამიყვანა ბობოქარი მდინარის მეორე ნაპირზე. ამიერიდან მან ჩემი წყალობა დაიმსახურა. თუ ახლა შენც არ დაეხმარე იაზონს, რომ უვნებლად დაუბრუნდეს სამშობლოს, მაშინ პელიასი ვერ დაისჯება საზიზღარი დანაშაულისათვის“. ჰერას სიტყვებმა მშვენიერი კიპრიდა განცვიფრებაში მოიყვანა. როცა მან დაინახა, რომ ჰერა მისგან მოწყალებას თხოულობდა, თაყვანი სცა და ნაზი სიტყვებით უპასუხა:“ყოვლის შემძლე ქალღმერთო, რა იქნება კიპრიდასათვის იმაზე უფრო დიდი ბოროტება, რომ შენი თხოვნა არ შეიწყნაროს და სიტყვით ან საქმით არ დაგეხმაროს? აი, გამოიყენე ეს ჩემი სუსტი ხელები, თუ რამეს შესძლებენ. დაე შენს დახმარებაზე უფრო საამო ნურაფერი ნუ იქნება ჩემთვის!“ აფროდიტეს კვლავ ჰერა შეესიტყვა: „ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოვსულვართ, რომ შენი ხელების დახმარება გვჭირდებოდეს, არა! ჩვენ გთხოვთ, რომ უბრძანო შენს ვაჟს, მოაჯადოვოს აიეტის ასული იაზონის სიყვარულით. თუ აიეტის ქალიშვილი იაზონს დაუკავშირდა, ვფიქრობ, რომ იაზონი ადვილად იგდებს ხელთ ოქროს საწმისს დაღ იოლკოსშიც დაბრუნდება, ვინაიდან აიეტის ასული გრძნეულებაში კარგადაა დახელოვნებული“. „ჰერა და ათენა, – მიმართა ქალღმერთებს კიპრიდამ, – ჩემი ვაჟი ეროსი თქვენ უფრო დაგიჯერებთ, ვიდრე მე. მართალია, ძალზე თავხედია იგი, მაგრამ თქვენს წინაშე მაინც გამოიჩენს მცირეოდენ მოკრძალულობას. ჩემი სულ არ ერიდება, მუდამ მედავება და ვეზიზღები კიდევაც. ერთხელ ისე გამაბრაზა, რომ მოვინდომე მისი საშინელი მშვილდისარი დამემტვრია. ეროსი გაჯავრდა და დამემუქრა, რომ, თუ მე ხელებს შორს არ დავიჭერდი მისგან, იგი თავის რისხვას არ შესწყვეტდა მეც იძულებული გავხდი უარი მეთქვა ჩემს განზრახვაზე“. ასე სთქვა მშვენიერმა აფროდიტემ. ქალღმერთებმა გაიღიმეს და ერთმანეთს გადახედეს. შეწუხებულმა კიპრიდამ კვლავ გააგრძელა: „ჩემი უბედურება თქვენთვის სასაცილოა. არ უნდა მეთქვა ყველაფერი ის, რაც მე ვიცი და რაც მაწუხებს! ახლა კი, რახან თქვენ ეს გსურთ, წავალ ეროსთან, ვეცდები დავიყოლიო და მგონია, რომ უარს არ მეტყვის“. ქალღმერთი ჰერა აფროდიტეს ნაზ ხელს შეეხო, წყნარად გაიცინა და ასე უთხრა: „კითერია (აფროდიტე), ეცადე, კარგად შეასრულო შენი დაპირება. შენს ვაჟიშვილზე წყრომას კი თავი დაანებე. ნუ ედავები ეროსს! გაიზრდება და დადინჯდება“. ჰერა სავარძლიდან წამოდგა. მას ათენაც აჰყვა და ქალღმერთებმა აფროდიტეს სასახლე დატოვეს. თავის მხრივ კიპრიდაც წამოდგა იგი ოლიმპოს დაფარულ ადგილებისაკენ გაემართა და ცდილობდა ეროსი ეპოვა.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9