A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მესამე – VII

ბერძნ.

მწველი გრძნობებით შეპყრობილი მედეა ამ დროს თავის ოთახში იყო. იგი საწოლზე დამხობილიყო და მოუსვენრად ეძინა. საბრალო ქალწულს საშინელი სიზმრები მოსვენებას არ აძლევდნენ. ეზმანა მას, რომ უცხოელი ვაჟკაცი ოქროს საწმისისათვის კი არ მოსულიყო აიეტის ქალაქში, არამედ მისი გულისათვის. თითქოს მან დავალების შესრულება იმიტომ იკისრა, რომ მედეა თავის სამშობლოში წაეყვანა ცოლად. ამის შემდეგ მედეას დაესიზმრა, რომ თითქოს თვითონ შეერკინა სპილენძისფეხებიან ხარებს და ძალიან ადვილადაც დასძლია, მაგრამ მშობლებმა გადაჭრით უთხრეს უარი იაზონს მედეას გატანებაზე იმ საბაბით, რომ სპილენძისფეხებიანი ხარების უღელში შებმა ნაბრძანები ჰქონდა იაზონს და არა მედეას. ამის გამო უცხოელებსა და მამას შორის ხანგრძლივი დავა ატყდა. ბოლოს, საკამათო საკითხის გადაჭრა მედეას მიანდეს და ნება დართეს, როგორც სურდა, ისე მოქცეულიყო. მედეამ მყისვე დასთმო მშობლები და უცხოელი ვაჟკაცი აირჩია. მისი დედ-მამა აუტანელმა დარდმა შეიპყრო და განრისხებულებმა საზარლად შეჰყვირეს. თავზარდაცემულმა მედეამ უეცრივ გამოიღვიძა. იგი შიშისაგან აკანკალდა და საწოლიდან წამოიჭრა. საბრალო ქალწულმა ოთახის კედლებს თვალი მოავლო, ძლივს მოიკრიფა ძალა და სევდით აღსავსე ხმით წარმოთქვა: „როგორ შემაკრთეს მე უბედური ამ საშინელმა სიზმრებმა? მეშინია, უცხოელების მოსვლამ უბედურება არ მოიტანოს. ვაი, როგორ მიღელავს გული იმ ვაჟკაცის გამო? რა დიდებულია ის... მაგრამ არა! დაე თავის შორეულ სამშობლოში იპოვოს გულის სწორი და აქაელ ქალიშვილზე დაქორწინდეს! მე ვერ დავთმობ ჩემს სიქალწულეს და მშობლების სახლს ვერ მოვცილდები! ჩემი უბედური დაც თავის შვილებზე წუხს... ნეტავი მთხოვდეს იგი, რომ მე უცხოელს დავეხმარო განსაცდელით აღსავსე დავალების შესრულებაში! ოჰ, რა მწველი სევდა ჩამიქრება მაშინ ამ გულში! არა... სჯობს, მე თვითონ წავალ ქალკიოპესთან და ვეტყვი, რომ შემწეობას გავუწევ უცხოელ ვაჟკაცს!“

ამ სიტყვებზე მედეა წამოდგა. ფეხშიშველმა და ტანზედ შილიფად ჩაცმულმა ოთახის კარი გამოაღო და დასთან წასვლა დააპირა. როცა მან ზღურბლს ფეხი გადაადგა, სირცხვილი მოერია და ერთ ადგილას გაქვავდა. მერე მიტრიალდა და ოთახში შებრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამოვიდა გარეთ, მაგრამ უმალვე შეიჭრა ოთახში. ასე ადგამდა მედეა იქით-აქეთ ფეხს და ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ არა. როცა ოთახიდან გამოვიდოდა, სირცხვილი შეაკავებდა, მორცხვობით დაბრკოლებულს კი ძლიერი ვნება წასასვლელად აქეზებდა. სამჯერ სცადა დასთან წასვლა, მაგრამ სამჯერვე თავა შეიკავა. ბოლოს საბრალო ქალწული საწოლზე დაემხო და საზარელი ქვითინი მორთო. როგორც პატარძალი დასტირის ხოლმე უდროოდ დაკარგულ ახალგაზრდა მეუღლეს, რომელიც მას ძმებმა და მშობლებმა გამოურჩიეს, მაგრამ ვერ მოასწრო მისი ალერსით დატკბობა, ისე გამოაცალა ბედმა ხელში, და მხევალი ქალებისაგან მოშორებით კუთხეში მიმჯდარი დაცარიელებულ სარეცელს შეჰქვითინებს, ისე მედეა დასტიროდა და შეჰქვითინებდა თავის ხვედრს. უცბად მასთან მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა მოახლე შევიდა და როცა მტირალი მედეა დაინახა, მყისვე გაბრუნდა უკან და ქალკიოპეს აცნობა. ქალკიოპე ამ დროს შვილებთან იჯდა და მედეას უცხოელთა მხარეზე გადმობირების შესახებ საუბრობდა. როცა მან მოახლე ქალისაგან მედეას ამბავი გაიგო, შეშინდა და დაუყოვნებლივ დის ოთახისაკენ გაექანა. მედეა საწოლზე დამხობილიყო, გულამოსკვნით ჰქვითინებდა და ლოყებს იხოკავდა. როცა ქალკიოპემ მედეას ცრემლები დაინახა, შეშფოთებით ჰკითხა: „ჩემო ძვირფასო მედეა! რატომ ტირი? ეს რა მოგსვლია? რა გაწუხებს ისეთი, რომ ამდენ ცრემლებსა ღვრი? იქნებ ღვთის მიერ მოგზავნილმა ავადმყოფობამ მოიცვა შენი სხეული? ან იქნებ გაიგე, რომ მამაჩემი სასტიკად დაგვემუქრა მეც და ჩემს შვილებს? ოჰ, ნეტავ შემეძლოს არ დავინახო ეს სასახლე, ეს ქალაქი და სადმე ქვეყნის დასასრულში ვცხოვრობდე, სადაც არ ისმის კოლხთა სახელი!“ საბრალო მედეას ლოყები გაუწითლდა. ქალწულებრივი მორცხვობა ნებას არ აძლევდა დისათვის პასუხი გაეცა. აღელვებული ქალწული ენის წვერზე მომდგარი სიტყვის გამოთქმას ვეღარ ახერხებდა. რამდენჯერმე სცადა ლამაზი პირით დაელაპარაკნა, მაგრამ არ გამოუვიდა! ბოლოს, ეროსის შთაგონებით გამხნევებულმა მედეამ ქალკიოპეს მოხერხებულად უპასუხა: „ჩემო ქალკიოპე, შენი ვაჟების გამო მიღელავს გული, ვაი, თუ მამაჩემმა უცხოელ ვაჟკაცებთან ერთად მოუსწრაფოს იმათაც სიცოცხლე! აი, ესაა ცოტა ხანი წამეძინა და საშინელი სიზმრები ვნახე! მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთები არ ინებებენ ამ სიზმრების ასრულებას და შენც ნუ მიეცემი შენი ვაჟების ბედის გამო დარდს!“. მედეას დის გამოცდა სურდა: შეევედრებოდა თუ არა იგი მას, რომ მისი შვილებისათვის დახმარება აღმოეჩინა. მედეას სიტყვებმა ქალკიოპე საშინლად შეაძრწუნეს. საბრალო ქალი აუტანელმა სევდამ შეიპყრო და მან თავის დას მიმართა: „ჩემო დაიკო, ჩემი შვილების დარდმა ლამისაა გამაქროს. იქნებ მოიგონო, ჩემო კარგო, ისეთი რამ, რაც მათ უშველის. აი მე მაქვს ერთი თხოვნა, მაგრამ დაიფიცე დედამიწა და ზეცა, რომ რასაც მე გეტყვი, საიდუმლოდ შეინახავ გულში და შემწეობას აღმომიჩენ! გაფიცებ ნეტარ ღმერთებს, გაფიცებ შენს საკუთარ თავსა და მშობლებს, რომ ნუ დამანახვებ ჩემი საყვარელი შვილების საზარელი უბედურებით დაღუპვას, თორემ მეც გამოვესალმები სიცოცხლეს და ჰადესში ჩასული სასტიკ ერინიად (შურისძიების ქალღმერთი) გადავიქცევი შენთვის!“

ამ სიტყვებზე ქალკიოპეს ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. იგი მედეას მუხლებზე მოეხვია და თავი კალთაში ჩაუდო. დებმა გულგამგმირავი ქვითინი მორთეს და მათი გმინვით ოთახი ივსებოდა. „ჩემო საბრალო ქალკიოპე, – უთხრა მედეამ დას, – რა უნდა მოვიმოქმედო ისეთი, რომ შენ მე ერთიანად არ გადამექცე? ნეტავი ჩემზე იყოს დამოკიდებული შენი შვილების დახსნა! ვფიცავ კოლხთა უდიდეს საფიცარს, რომლის დამოწმებაც შენ მირჩიე, დიად ზეცას და მის ქვეშ მყოფ დედამიწას – ღმერთთა დედას, რომ მთელ ჩემს ძალ-ღონეს მოვახმარ შენი თხოვნის აღსრულებას!“ „ჩემო მედეა, – მიმართა ქალკიოპემ დას, – არ შეგიძლია ჩემი საყვარელი შვილების გულისათვის მოიგონო ისეთი ხერხი, რაც იმ უცხოელ ვაჟკაცს გამოადგება საშიში დავალების აღსრულებაში? აი, ესაა სასახლეში მოვიდა ჩემი უფროსი ვაჟი არგოსი, რომელმაც მაცნობა, რომ უცხოელთა წინამძღოლი ვაჟკაცი პირადად შენ გთხოვს დახმარებას! არგოსი სახლში დავტოვე და მე შენთან ამის სათხოვრად მოვედი“. მედეას სიხარულისაგან გული აუჩქროლდა, ლამაზი სახე გაუწითლდა და რაღაც სასიამოვნო ბურუსში გაეხვია. სიხარულით აღფრთოვანებულმა ქალწულმა დას ასე მიუგო: „ჩემო ქალკიოპე, მე გავაკეთებ იმას, რაც შენ გესიამოვნება. დაე ნუ გააბრწყინებს ჩემი თვალებისათვის განთიადი, დაე ნუ მიხილავ ამიერიდან ცოცხალს, თუ შენი და შენი შვილების სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი იყოს რამე ჩემთვის! შენი შვილები ხომ ჩემი ძვირფასი ძმები არიან, ისინი ხომ ჩემი ტოლები და ჩემთან ერთად აღზრდილნი არიან? მე, ჩემო ქალკიოპე, მგონია, შენი დაც ვარ და ქალიშვილიც. განა შენს ვაჟებთან ერთად არ მაწოვებდი ჯერ კიდევ ჩვილს ძუძუს? ეს მე ხშირად გამიგონია დედაჩემისაგან! ახლა კი წადი და ჩვენი საუბარი სააიდუმლოდ შეინახე, რათა მშობლებისაგან დაფარულად შევასრულო ჩემი აღთქმა. დილით ადრე ჰეკატეს ტაძრისაკენ გავემართები და ცეცხლისმფრქვეველი ხარების მომაჯადოებელ წამალს წავუღებ იმ უცხოელს, რომლის გულისათვისაც ატყდა ეს აურზაური“.

გახარებულმა ქალკიოპემ მყისვე დატოვა დის ოთახი და შვილებს მედეას გადაწყვეტილება აუწყა. მარტო დარჩენილი მედეა სირცხვილის გრძნობამ შეიპყრო და შიშმა მოიცვა იმ ფიქრით, რომ მამის სურვილის წინააღმდეგ ვიღაცა მამაკაცს დახმარება აღუთქვა.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9