A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მესამე – X

ბერძნ.

იაზონის მიერ წარმოთქმული ქება-დიდებით აღელვებულმა მედეამ თვალები ძირს დახარა და საამურად გაიღიმა. შემდეგ თავი ასწია და ალერსით სავსე თვალები იაზონს შეანათა. მას სურდა, ყველაფერი ეთქვა სანუკვარი გმირისათვის, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. ბოლოს, სურნელოვან სარტყელიდან სასწაულმოქმედი წამალი ამოიღო და არგონავტების წინამძღოლს გადასცა. იაზონმა სიხარულით ჩამოართვა ქალწულს ჯადო. მედეა მზად იყო მკერდიდან გული ამოეღო და მისთვის მიეცა, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა. იაზონის პირისახეს ისეთი ნათელი მოჰფინა ყოვლისშემძლე ეროსმა, რომ მისმა ბრწყინვალებამ მედეას თვალთაგან შუქი წარსტაცა. ვით დილის სხივები ადნობს ხოლმე ვარდებზე დაფენილ ცვარს, ისე იაზონის სიყვარული ადნობდა მედეას გულს და ნეტარების ბურუსში ხვევდა. იაზონი და მშვენიერი მედეა დიდხანს იდგნენ ერთმანეთის წინაშე მდუმარედ; ხან ძირს დახრიდნენ თვალებს, ხან კი წარბებს გაშლიდნენ და ალერსიანი ღიმილით ერთმანეთს შეანათებდნენ. დაბოლოს, მედეამ ძლივს დაარღვია დუმილი: „გამიგონე, აი, როგორ უნდა მოიქცე: როცა მამაჩემი გველეშაპის ყბებიდან ამოღებულ საზარელ კბილებს დასათესად მოგცემს, შენ შუაღამეს დაუცადე. როცა ეს დრო მოაწევს, დაუშრეტელი მდინარის ტალღებში განიბანე და შავ ტანსაცმელში გამოეწყვე. მერე კი სხვების დახმარების გარეშე მრგვალი ორმო ამოთხარე და ზედ დედალი ბატკანი დაკალი. ორმოს პირზე კარგი კოცონი გააჩაღე და ხორცი მთლიანად დააწყვე ზედ. შემდეგ მოუწოდე პერსეს ასულს – დედისერთა ჰეკატეს და თასიდან თაფლის ზედაშე დაუქციე. მერე კი კოცონს მოშორდი, მაგრამ, იცოდე, უკან არ მოიხედო, გინდ ფეხთა ხმაური, გინდ ძაღლების ყეფაც რომ გაიგონო. თუ ყველაფერს ასე არ შეასრულებ, შენს მეგობრებთან უვნებლად ვეღარ მიხვალ. დილით ეს წამალი დაასველე, გაშიშვლდი და, როგორც ზეთით, ისე დაიზილე სხეული. მასში ისეთი უზომო ძალა და ღონე ჩაგენერგება, რომ იტყვი: ადამიანთა კი არა, უკვდავ ღმერთთა თანაბარი ვარო. გარდა ამისა, ეს წამალი წასცხე შუბს, ფარს და მახვილსაც. მიწიდან აღმოცენებულ შეჭურვილ გოლიათთა მახვილები და ზარდამცემი ხარების ხახიდან ამომავალი შმაგი ალი შენ ვეღარაფერს დაგაკლებენ. ასეთი ძალ-ღონის პატრონი დიდხანს ვერ იქნები. ჩემი ჯადოს მოქმედება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გრძელდება; მაგრამ შენ ამის ნუ შეგეშინდება და ბრძოლაში უკან არ დაიხიო. მე ახლა სხვა ხერხსაც გასწავლი: როცა შენს სხეულში ჩანერგილი ძალ-ღონის წყალობით შეუპოვარ ხარებს უღელში შეაბამ და პირქუშ ხოდაბუნს დახნავ, შავ ბელტებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან მყისვე აღმოცენდებიან შეჭურვილი გიგანტები. როცა ამ გოლიათებს დაინახავ, არ შედრკე და მათ რიგებში დაუყოვნებლივ გადაისროლე უზარმაზარი ქვა. გოლიათები იმ ქვას ისე შემოერტყმებიან, ვით ძაღლები გადაგდებულ ძვალს, და გაშმაგებით დაიწყებენ ერთმანეთის გაჟლეტას. შენც ნუ დააყოვნებ, ეკვეთე მათ და სავსებით გაანადგურე. ამრიგად სამძიმო დავალებას შეასრულებ და ოქროს საწმისს ეადან შორეულ ელადაში წაიღებ. მაგრამ ვინ მეკითხება, თუ სად წახვალ შენ? განა შენი ნება არ არის, საითკენაც მოგესურვება, იქითკენ წახვიდენ?“ მედეამ ამ სიტყვებზე თვალები ძირს დაჰხარა და ცხარე ცრემლი წასკდა. საბრალო ქალწულს აწუხებდა ის აზრი, რომ იაზონი მას უნდა განშორებოდა და ზღვაში გასულიყო. მედეას თვალთაგან მოკრძალულობა გაჰქრა. მან იაზონის მარჯვენა ხელი ხელში აიღო და არგონავტების წინამძღოლს მწუხარე სიტყვებით მიმართა: „დიდებულო გმირო, როცა სამშობლოში დაბრუნდები, გაიხსენე მედეას სახელი ისე, როგორც მე გაგიხსენებ ხოლმე ჩემგან მოშორებით მყოფს. ახლა კი მითხარი, სად არის შენი სამშობლო? საითკენ გაემგზავრები შენი ხომალდით? მდიდარ ორქომენისაკენ წარემართები, თუ სადმე კუნძულ ეას მახლობლად? მიამბე აგრეთვე იმ სახელგანთქმული ქალწულის შესახებ, რომელიც შენ ახსენე. იგი ხომ მამაჩემის დის პასიფაეს ასულია!“ მშვენიერი მედეას გულწრფელმა სიტყვებმა და ცრემლებმა იაზონსაც ჩაუსახა გულში ყოვლისშემძლე ეროსი. მან ასე მიუგო ქალწულს: „მშვენიერო მედეა, თუ მე ბედისწერას დავუსხლტები დაელადაში უვნებლად დავბრუნდები, თუ რა თქმა უნდა, აიეტმა სხვა უფრო მძიმე დავალება არ დამაკისრა, იცოდე, მუდამ მექნება შენი ხსოვნა; არც დღე და არც ღამე არ დაგივიწყებ. რაკი შენ გსურს ჩემი სამშობლო გაიცნო, მოგახსენებ. ჩემთვის მეტად საამო იქნება შენი სურვილის დაკმაყოფილება: არის ერთი მხარე, რომელსაც გარს ცამდე აზიდული მთები ერტყმის. იგი მეტად მდიდარია საქონლით და საძოვრებით. იაპეტის სახელოვანმა ძემ პრომეთემ აქ წარმოშვა ადამიანთა პირველი მეფე, კეთილი დევკალიონი, რომელმაც ქალაქები აღაშენა და ყოვლისშემძლე ღმერთებს ტაძრები აუგო. ამ მხარეს იქაურები ჰემონიას უწოდებენ აი, აქ არის ჩემი ქალაქი იოლკოსი. მის მეზობლად სხვაც ბევრი ქალაქია. ჰემონიაში სულაც არ ისმის კუნძულ ეას სახელი. ამბობენ, რომ ოდესღაც ჰემონიიდან გაემართა ეოლოსის ძე მინიასი კადმოსელების მეზობლად ქალაქ ორქომენის ასაშენებლად... მაგრამ რა საჭიროა ამდენი ფუჭი ლაპარაკი ჩემი სამშობლოს შესახებ? ან რა სარგებლობაა, გავიმეორო მინოსის სახელგანთქმული ასულის არიადნეს ამბავი? ამ საყვარელი ქალწულის სახელს მუდამ დიდებით იხსენიებენ. ნეტავი, როგორც მინოსი დაეთანხმა თეზევსს და მშვენიერი ასული გაატანა, ისე მამაშენი დაეთანხმებოდეს ჩემს თხოვნას!“.

იაზონის ტკბილმა სიტყვებმა ქალწულს გული აუჩუყა და მწუხარებით შეპყრობილმა არგონავტების წინამძღოლს ასე მიუგო: „ელადაში შეიძლება პატივით ეპყრობიან ასეთ კეთილ შეთანხმებას, მაგრამ აიეტი სრულებითაც არ არის ისეთი კაცი, როგორიც პასიფაეს მეუღლე მინოსი ყოფილა და არც მე ვთვლი ჩემს თავს არიადნეს სწორად. რა საჭიროა ლაპარაკი იმის შესახებ, რისი ასრულებაც შეუძლებელია! მე მხოლოდ ამას გთხოვ, როცა იოლკოსში დაბრუნდები, გაიხსენე შენი კეთილისმყოფელი მედეა. მე კი ჩემი მშობლების სურვილის წინააღმდეგ წავალ და სულ შენზე ვიფიქრებ! თუ შენ ოდესმე დამივიწყე, იცოდე, თვით ჩიტიც კი მომიტანს ამ ამბავს! მე მაშინ ვინატრებ, სწრაფმა ქარმა ზღვებზე გადამაქროლოს და იოლკოსში მიმიყვანოს, რათა საყვედურებით აგავსო და მოგაგონო, რომ შენ ჩემთან დადებულ აღთქმას გაექეცი! ოჰ, როგორ მინდა მოულოდნელად გავჩნდე მაშინ შენს სასახლეში!“. ამ სიტყვებზე საბრალო მედეას ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები და ლოყები დაუსველა. „ძვირფასო ასულო, – შეესიტყვა იაზონი მედეას, – რატომ ამბობ ისეთ რამეს, რასაც მე არ ჩავიდენ? შენ არასოდეს არ გექნება საბაბი საყვედურებით ამავსო! პირიქით, თუ შენ ელადაში მოხვალ, ქალებისაგან და კაცებისაგან უსაზღვროდ თაყვანცემული იქნები. ისინი, ვით დიდებულ ღვთაებას, ისე შეგასხამენ ხოტბას. ისინი თავისი შვილების, ძმების, ნათესავებისა და ქმრების უბედურებისაგან მხსნელად ჩაგთვლიან. ელადაში მუდამ მოწიწებით მოიხსენიებენ იმ მშვენიერ ასულს, რომლის შემწეობითაც არგონავტები სამშობლოში დაბრუნდნენ! მე და შენ კი საქორწინო სარეცელს გავიზიარებთ და ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დაარღვევს, სანამ ბედით დანიშნული სიკვდილი არ წარგვიტაცებს“. იაზონის სიტყვებმა ტკბილ ნეტარებასავით გაუარა გულში მედეას, მაგრამ საბრალო ქალწულს მამის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გრძნობა აძრწოლებდა. ყოვლისშემძლე ქალღმერთის ჰერას შეგონებით მედეა თანახმა იყო ძლევამოსილ იაზონს შორეულ ელადაში გაჰყოლოდა და იქ ეცხოვრა. დიდებულ ქალღმერთ ჰერას გადაწყვეტილი ჰქონდა მედეას სამშობლო დაეტოვებინა, წმინდა იოლკოსში მისულიყო და თავხედი მეფე პელიასი თავისი გრძნეულების წყალობით სასტიკად დაესაჯა.

მედეას მხევალი ქალები შორიდან შესცქეროდნენ შეყვარებულ წყვილს და სწუხდნენ, ვინაიდან უკვე დრო მოითხოვდა მეფის ასული სასახლეში დედასთან დაბრუნებულიყო. მედეა კი ისე იყო გატაცებული ვაჟკაცის მოხდენილობით და ტკბილი სიტყვებით, რომ სრულებითაც არ გაახსენდებოდა სასახლეში დაბრუნება. მაგრამ ფრთხილმა იაზონმა ქალწულს ასე უთხრა: „დროა, ერთმანეთს დავშორდეთ, სანამ მზე ჩავიდოდეს და ვინმე უცხო შეგვნიშნავდეს. ჩვენ კვლავ შევხვდებით აქ ერთმანეთს!“ იმის შემდეგ, რაც ერთიმეორეს გრძნობები გაუზიარეს, იაზონი და მედეა ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. იაზონი სიხარულით გაექანა ხომალდისაკენ, მედეა კი მხევალი ქალებისაკენ გაემართა. მოახლეები მოწიწებით შეეგებნენ მეფის ასულს, მაგრამ იგი ისე იყო ფიქრებში გართული, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ შენიშნა. აღელვებული მედეა სწრაფად ჩაჯდა მალთვლებიან ეტლში, ერთი ხელით სადავეები აიღო, მეორეში ლამაზი შოლტი მოიმარჯვა, ჯორებს მსუბუქად გადაჰკრა და ქალაქისაკენ გაექანა.

როგორც კი მივიდა მედეა სასახლეში, შვილების დარდით შეწუხებული ქალკიოპე მყისვე მიეგება მას და გამოკითხვა დაუწყო. მედეა კი ისე იყო გაოგნებული, რომ არც დის სიტყვების მოსმენა სურდა და არც პასუხის გაცემა. იგი საწოლის მახლობლად დაბალ სკამზე ჩამოჯდა, მარცხენა ხელი ლოყაზე შემოიდგა, თვალები ცრემლით აევსო და მწარე ფიქრებს მიეცა. საბრალო მედეას მოსვენებას არ აძლევდა ის აზრი, რომ მან მშობლების წინაშე საშინელი დანაშაული ჩაიდინა.

ამასობაში იაზონი ტაძრის მახლობლად დატოვებულ ორ მეგობარს შეუერთდა და მათთან ერთად ხომალდისაკენ გაემართა. არგონავტები სიხარულით შემოერტყნენ იაზონს გარს და ჰკითხეს, თუ რით დამთავრდა მედეასთან შეხვედრის ამბავი. იაზონმა გულდასმით მოუთხრო ვაჟკაცებს ის რჩევა-დარიგება, მედეასაგან რომ მიიღო და სასწაულმოქმედი ჯადოც აჩვენა. ამ სასიხარულო ამბავმა ყოველი არგონავტი აღტაცებაში მოიყვანა. მხოლოდ ამაყი იდასი იჯდა განმარტოებით და მეგობრებზე ბრაზი მოსდიოდა. გახარებულმა არგონავტებმა ხალისიანად ივახშმეს და ძილს მისცეს თავი.

 
მედეა გულისხმობს არიადნეს. მისი დედა პასიფაე აიეტის და იყო.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9