A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – IV

ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიდნენ ჩრდილოეთის ქარის ღმერთ ბორეასის შვილებიც ძეტე და კალაისი. ისინი ოდესღაც ერეხთევსის ასულმა ორითიამ ცივი თრაკიის დასავალში შესძინა ბორეასს. თრაკიელმა ბორეასმა ორითია კეკროპიიდან (ათენიდან) მოიტაცა, მდინარე ილისეს (ატიკის მდინარე) ნაპირებზე ქალწულთა გუნდში რომ ფერხულს უვლიდა და წაიყვანა შორს – სარპედონის (მთა თრაკიაში) კლდესთან. აქ, მდინარე ერგინეს ნაპირებზე შავი ღრუბლებით შებურვილი ორითია ბორეასმა დაიმორჩილა. ასე წარმოიშვნენ ძეტე და კალაისი. მათმა გამოჩენამ ლაშქარი გააოცა. ისინი ჰაერში მოქროდნენ და ოქროვანი ქერცლებით მოფენილ მბზინავ ფრთებს, ფეხებზე რომ ჰქონდათ მიმაგრებული, ლამაზად არხევდნენ; მხრებზე და კისერზე კი ქარის ქროლით მუქი კულულები ჩამოშლოდათ.

დიდებული პელიასის შვილმაც აკასტემ და არგოსმა, ქალღმერთ ათენას რომ ეხმარებოდა ხომალდის აგებაში, გადაწყვიტეს ლაშქარს შეერთებოდნენ. აკასტეს არ სურდა მამამისის სასახლეში დარჩენილიყო.

აი ასეთი გმირები მოგროვდნენ ეზონიდის დასახმარებლად. თესალიის ქალაქ იოლკოსის მცხოვრებლები მათ მინიადებს უწოდებდნენ. მართლაც, ამ მამაცი ვაჟკაცების უმეტესი ნაწილი ამაყობდა იმით, რომ ოქრომენის მეფე მინიასის ქალიშვილთა სისხლისაგანი იყო. თვითონ იაზონი მინიასის ასულის კლიმენეს ქალიშვილმა ალკიმედემ შვა.

მონებმა უკვე ყველაფერი მოამზადეს გასამგზავრებლად ხომალდი გმირებს ელოდა. ისინიც ქალაქ იოლკოსიდან მაგნეზიის ნავსადგურ პაგასისაკენ გაემართნენ. მათ სანახავად ყოველმხრივ მოზღვავდა ხალხი. დიდებული ვაჟკაცები ხალხთა ამ სიმრავლეში ისე გამოირჩეოდნენ, როგორც ვარსკვლავები ღრუბლებში. იარაღასხმული და სწრაფად მიმავალი გმირები რომ დაინახა ხალხმა, გაკვირვებით შესძახა: „მეუფე ზევსო, რა განუზრახავს მეფე პელიასს? საითკენ ერეკება გმირთა ამოდენა ლაშქარს ელადის მიწიდან? ეს ვაჟკაცები საზარელი ცეცხლით გაანადგურებენ ალბათ აიეტის სასახლეს იმ დღესვე, როცა იგი თავისი ნებით არ გადასცემს მათ სასურველ საწმისს! რა მძიმე დავალება და რა აუშორებელი გზა უძევთ ამ გმირებს წინ!“

ქალები ღმერთებს ევედრებოდნენ, რომ ვაჟკაცები ბედნიერად დაბრუნებულიყვნენ უკან. მათ ზეცისაკენ ჰქონდათ ხელები აღპყრობილი, ცრემლებს ღვრიდნენ და ერთმანეთს შექვითინებდნენ: „უბედურო ალკიმედე, გვიან, მაგრამ მაინც გეწვია ვარამი. ვერ დაასრულე ცხოვრების გზა ტკბილი სიცოცხლით! ეზონიც ხომ დიდად შესაბრალისია! განა არა სჯობდა მისთვის, სანამ ამ სახიფათო ლაშქრობის აუცილებლობას გაიგებდა, სამგლოვიაროდ შესუდრულს მიწის ქვეშ განესვენა? როცა ქალწული ჰელე დაიღუპა, ნეტავ ფრიქსეც ჩაენთქა თავის ვერძთან ერთად შავ ტალღას! მაგრამ საზარელი სასწაული მოხდა მაშინ, ვერძმა ადამიანურად დაილაპარაკა და ამით ალკიმედეს უბედურება და უზომო ტანჯვა მიაყენა ახლა!“

ასე ლაპარაკობდნენ ქალები და ვაჟკაცებს ეთხოვებოდნენ. ამასობაში მონებით და უამრავი მხევალი ქალით გარშემორტყმული იაზონის დედა თავის შვილს ჩაჰხვეოდა. მწველ სევდას შეეპყრო ყველა. სიბერის ტვირთის წყალობით ლოგინად ჩავარდნილი და შეფუთვნილი მამა ეზონი მძიმედ კვნესოდა. იაზონმა ისინი გაამხნევა, ნუგეში სცა და მონებს უბრძანა საბრძოლო იარაღი მოერთმიათ მისთვის. თვალდახრილმა მონებმა უსიტყვოდ შეასრულეს მისი ბრძანება. დედა კი კვლავ ჩაეხვია თავის ვაჟს, მკერდზე მიიკრა და ისე გულამოსკვნით ქვითინებდა, როგორც დედინაცვლის კლანჭებში ჩავარდნილი, დაჩაგრული და გაკიცხული ობოლი გოგონა ქვითინებს ხოლმე საყვარელი ჭაღარა გამზრდელის მკერდზე და მოზღვავებულ მწუხარებას ცრემლებში ახრჩობს. „ნეტავ იმ დღესვე დამელია სული, – ღრმა მწუხარებით ეუბნებოდა მტირალი ალკიმედე მკლავებში ჩახვეულ იაზონს, – როცა მეფე პელიასის სახიფათო ლაშქრობისათვის მზადების ბრძანება გავიგე! მაშინ ხომ ვეღარაფერს ვიგრძნობდი და შენ, ჩემო შვილო, შენი ძვირფასი ხელებით მომაყრილი მიწას! ესღა იყო ჩემი უკანასკნელი სურვილი შენდამი, ვინაიდან სხვა მრავალი ჯილდო, რომელიც შენმა აღზრდამ მარგუნა, დიდიხანია უკვე მატკბობს. მე უბედური, აქამდე აქაველ ქალთაგან თაყვანცემული, ახლა მონა ქალის მსგავსად ცარიელ სახლში უნდა დავრჩე და შენი დარდით დავდნე. უნდა ვიფიქრო იმაზე, ვისი წყალობითაც დიდება და მრავალი პატივი მომნიჭებია, ვინც ჩემი სიყვარულის ერთადერთი ნაყოფია; მშობიარობის ქალღმერთ ილითიას ხომ განსაკუთრებით ჩემთვის შურდა ხშირი მშობიარობა! ოჰ, ათასკეცო მწუხარებამ, ოდნავადაც არ მიგრძვნია, სიზმრადაც არ მომლანდებია, თუ ფრიქსე თავისი გაქცევით უბედურებას ამზადებდა ჩემთვის!

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9