A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – V

ასე მოსთქვამდა მწუხარე ალკიმედე და მხევალი ქალებიც განუწყვეტლივ ქვითინებდნენ. იაზონმა კი კვლავ დაამშვიდდა დედა და ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნუ მიღიზიანებ, ჩემო დედავ, ისეც მწველ სავდას; ცრემლებით ვერ გააქარვებ ჩემს მძიმე ხვედრს და მწუხარებაზე მწუხარებას დამირთავ მხოლოდ. საზარელ ტანჯვას მოულოდნელად უნაწილებენ ხოლმე ღმერთები საბრალო მოკვდავთ და მისათვის, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეგ შენი ხვედრი, მაინც ეცადე, მოთმინებით გადაიტანო. გჯეროდეს, რომ მფარველობას გამიწევს ქალღმერთი ათენა, აპოლონ ღმერთმაც ხომ ბედნიერება მიმისნა; თანაც ჩემი ვაჟკაცების მამაცობასაც დაენდე. ახლა კი მხევალი ქალებით გარსშემორტყმული მშვიდად დარჩი აქ სასახლეში და ნუღარ სტირი, თორემ ცრემლები თვალბედითობას მოასწავებს ხომალდ არგოსათვის, რომლისაკენაც ჩემს თანამგზავრად მეგობრები და ჩემი მონებიც უკვე მიდიან!“

თქვა იაზონმა ეს და სასწრაფოდ გამოვიდა სასახლიდან. როგორიც აპოლონია ხოლმე, როცა კეთილსურნელოვან ტაძრიდან გამოდის ღვთაებრივ დელოსზე თუ კლაროსში, პითონში თუ დიდებულ ლიკიაში ქსანთეს ნაპირებზე, ისეთი იყო იაზონი, ხალხის კრებულზე რომ მოემართებოდა. თანამემამულენი იაზონს მიესალმნენ და გამამხნევებელი შეძახილი ატეხეს. ქალაქთმფარველი არტემიდეს ქურუმი მოხუცი ქალი იფიასიც მიეგება იაზონს, დაუკოცნა მარჯვენა ხელი მას და სურდა ერთი-ორი სიტყვაც ეთქვა მისთვის, მაგრამ ბრბო მოაწყდა და ჭაღარა ქურუმმა ეს ვეღარ შესძლო. ახალგაზრდებმა გვერდზე მოიტოვეს ის და იაზონიც უკვე საკმაოდ შორს იყო.

იაზონმა ქალაქ იოლკოსის კარგად ნაგები ქუჩები უკან მოიტოვა და პაგასის ნავსადგურში მივიდა. აქ არგოს ხომალდთან შეკრებილი ვაჟკაცები მიესალმნენ მას და მის ირგვლივ მოგროვდნენ. ამ დროს მათ შენიშნეს, რომ ქალაქიდან მოდიოდნენ აკასტე და არგოსიც. გაუკვირდათ გმირებს, პელიასის ნებადაურთველად და ასე მოულოდნელად მომავალი ვაჟკაცები რომ დაინახეს. არესტორიდ არგოსს ხარის შავბეწვიანი ტყავი ჰქონდა მხრებზე წამოსხმული და ფეხებამდე წვდებოდა, ხოლო აკასტეს – ლამაზი ორმაგი საბურავი, რომელიც მისმა დამ პელოპიამ აჩუქა მას. იაზონმა თავი შეიკავა ეკითხა მათთვის რამე და დანარჩენთ უბრძანა, ბჭობისათვის დამსხდარიყვნენ. ისინიც იქვე შეხვეულ იალქნებთან და დახრილ ანძასთან მწყობრად ჩამოსხდნენ.

ეზონის გონიერმა ძემ ასე მიმართა მათ: „მეგობრებო, ხომალდი წესისამებრაა აღჭურვილი ყველაფრით, რაც კი გასამგზავრებლადაა საჭირო. ამიტომ დიდხანს აღარ დავაყოვნებთ აქ და, როგორც კი დაუბერავს საგზაო ქარი, ზღვაში გავალთ. საერთო გვაქვს ჩვენ ხომ აიეტისაკენ სავალი გზები, საერთო იქნება ხომ ჩვენი ელადაში დაბრუნებაც; ამისთვის, ჩემო ძვირფასებო, თამამად აირჩიეთ ახლავ თქვენთვის საუკეთესო წინამძღოლი, რომლისათვისაც საზრუნავი იქნება ყველაფერი და ვინც გადასწყვეტს უცხოელებთან ბრძოლისა თუ ზავის საკითხებს!“

თქვა თუ არა ეს იაზონმა, ახალგაზრდებმა მყისვე მიაპყრეს თვალები ვაჟკაცების შუაში მჯდარ ჰერაკლეს. ყველამ ერთხმად დაავალა მას მბრძანებლობა. მან კი იქედანვე, სადაც იჯდა, გამოაშვირა მარჯვენა ხელი და წარმოსთქვა: „ნურავინ შემომთავაზებს ასეთ დიდებას, მე არ დავყვები მას და ასევე სხვასაც ავუკრძალავ წინამძღოლობას. დაე, მან მართოს ეს ლაშქარი, ვინაც შეკრიბა!“

ასე თქვა დიდსულოვანმა ვაჟკაცმა და ყველა დაემორჩილა მის სიტყვას. გახარებული წამოდგა კვლავ მძლე იაზონი და სმენად გადაქცეულ ჭაბუკებს მიმართა: „რაკი თქვენ ასეთი პატივი დამდეთ, ვიმედოვნებ, ვეღარაფერი დაგვაბრკოლებს აქ. ახლა კი მსხვერპლის შეწირვით ფებეს გული მოვიგოთ და სასწრაფოდ ლხინიც გავმართოთ. ხოლო სანამ ჩემი მონა მწყემსები მოვიდოდნენ რომელთაც დავალებული აქვთ ნახირში კარგად შერჩეული სამსხვერპლო ხარები აქ მორეკონ, მანამდე ხომალდი ზღვაში შევაცუროთ. შემდეგ კი თქვენ იარაღი აისხით და სანიჩბეზე ხოფებიც გაინაწილეთ. გარდა ამისა, აქ ზღვის ნაპირზე საკურთხეველი ავუგოთ ემბასიოს-აპოლონს, რომელიც თავისი მისნობით დამპირდა ზღვაში გზის გაგნებასა და შემწეობას, თუ მეფე აიეტისაკენ ლაშქრობის დაწყების ჟამს მას მოვუწოდებ და მსხვერპლს შევწირავ“.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9