A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – VI

ასე თქვა და იაზონი პირველი მიბრუნდა საქმისაკენ. მის მაგალითზე დანარჩენებიც წამოიშალნენ და ტანსაცმელი ზღვის ბობოქარი წყლით ჩამორეცხილ ბრტყელ კლდეზე დაალაგეს, რომელსაც იმჯერად ტალღები არ ეხეთქებოდა. არგოსის წინადადებით, უწინარეს ყოვლისა, კარგად დაგრაგნილი ბაგირი ძალიან დაჭიმეს და ხომალდს გარშემოარტყეს, რათა ძელებში მაგრად ჩამჯდარიყო სოლები და ტალღების მოწოლისათვის გაეძლო. შემდეგ კი ხომალდის ცხვირიდან ზღვამდე სწრაფად ამოთხარეს საკმაო სიფართის თხრილი და თანდათანობით დაქანებაც მისცეს, რის შემწეობითაც ხომალდს ზღვაში შეაცურებდნენ. თხრილში თლილი ფიცრები ჩააფინეს და ხომალდი ზედ შეაყენეს, ცერად ჩაწყობილ ფიცრებზე რომ ადვილად დაცურებულიყო. შემდეგ ხოფები გადმოატრიალეს, ღვედები რომ ჰქონდათ წინ გამოშვერილი და სანიჩბე კავებზე მიაბეს. ორივე მხრივ ამოუდგნენ ხომალდს ვაჟკაცები და ხოფებს ხელები და მკერდიც მიაბრჯინეს. ხომალდის ცხვირზე ტიფისი ავიდა, რათა აქედან გაემხნევებინა ჭაბუკები. მოექცა თუ არა ხომალდის წვერზე ტიფისი, მან მეგობრებს ნიშანი მისცა და მძლავრად დაიყვირა. ისინიც მყისვე მიაწვნენ ღონივრად ხოფებს და ერთი იერიშით დაძრეს ხომალდი ადგილიდან. მტკიცედ ეყრდნობოდნენ ფეხებით მიწას ვაჟკაცები და წინ მიაცურებდნენ ხომალდს. საოცარი სისწრაფით მიჰყვა მათ პელიონური არგო. ისინიც მირბოდნენ და ორივე მხრიდან სიხარულით კიჟინებდნენ. ხომალდის ფსკერის ქვეშ მოქცეული სიმძიმისაგან გასრესილი ფიცრები კვნესოდნენ და ჭრიალებდნენ. მათ ირგვლივ სქელი კვამლი აღიმართა და ხომალდიც ზღვაში შეცურდა. ღრმად რომ არ შესულიყო წყალში იგი, ვაჟკაცებმა ბაგირით დაამაგრეს. შემდეგ ხოფები კვლავ გადმოატრიალეს და ორივე მხრივ კარგად მოარგეს კავებს. მერე კი ხომალდზე ანძა, კარგად ნაკეთები იალქნები და სურსათიც ამოიტანეს. როცა ყველაფერი ოსტატურად მოამზადეს, სანიჩბე მერხზე ადგილები წილით გაიყვეს ისე, რომ ორ შეიარაღებულ ვაჟკაცს თითო ადგილი შეხვდა. შუა ადგილისათვის აირჩიეს ჰერაკლე და გმირებში გამორჩეული ანკევსი, ქალაქ ტეგეეში რომ ცხოვრობდა. ამრიგად, წილის ყრის გარეშე დატოვეს შუა ადგილი მხოლოდ მათთვის. შემდეგ შეთანხმდნენ და მშვენიერხერხემლიანი ხომალდის საჭის მართვა ტიფისს მიანდვეს. მერე ზღვის ნაპირზე პატარა ქვები მოაქუჩეს, აქტიოსად და ემბასიოსად წოდებულ აპოლონს სანაპირო საკურთხეველი აღუმართეს და ზევით ზეთისხილის ხმელი შტოები დააფინეს.

ამასობაში ეზონიდის მწყემსებმა არგონავტებს ორი ხარი მოგვარეს. ვაჟკაცთა შორის ყველაზე უფრო ახალგაზრდებმა ეს ხარები საკურთხეველთან მირეკეს და შემდეგ მარილში არეული ქერის მარცვალი და წმინდა წყალიც მოიტანეს. მოუწოდა მაშინ იაზონმა მშობლიურ აპოლონს და ასე შეევედრა: „მისმინე, მეუფევ, პაგასის ნავსაყუდარს და მამაჩემისაგან სახელწოდებულ ქალაქ ეზონს რომ მფარველობ! შენ მე პითონში (დელფოსში) წინასწარმეტყველებით დამპირდი, რომ მფარველობას გამიწევ განსაცდელით აღსავსე გზაზე, და გამამხნევე, რომ მომეწყო ეს ლაშქრობა. მაშ, შენ თვითონ წაიყვანე ახლა ეს ხომალდი კოლხეთისაკენ და ელადაშიც უვნებლად დააბრუნე ჩემი მეგობრები! მომავალში კი ამ საკურთხეველზე იმდენ ხარს შემოგწირავთ მსხვერპლად, რამდენნიც კი დავბრუნდებით უკან. სხვა აურაცხელ საჩუქარს პითონში და კ. ორტიგიაშიც (კ. დელოსი) მოგართმევ. ახლა კი მოდი, შორსმტყორცნელო, და ეს პირველი მსხვერპლი მიიღე ჩვენგან, ხომალდზე ასვლის წინ რომ გწირავთ! ავხსნი, მეუფევ, ბაგირებს, თუ კეთილ სურვილებს მოგვანიჭებ! დაე, დაჰქროლოს საამო ქარმაც და ნათელი ამინდიც დაგვიდგეს ზღვაში გასვლის ჟამს!“ ასე ევედრებოდა იაზონი აპოლონს და სამსხვერპლოდ განმზადებულ ხარებს, ამაყი ანკევსი და ჰერაკლე რომ შემორტყმოდნენ გარს, მარილში არეულ ქერის მარცვალს აყრიდა თავზე. ჰერაკლემ ერთ ხარს შუბლზე დაჰკრა კომბალი და მიწაზე დასცა; მეორეს კი ანკევსმა დაარტყა სპილენძის ცული განიერ კისერზე და მაგარი ძარღვები დაუწყვიტა. ხარი შეტორტმანდა და რქებით დაეცა მიწას. არგონავტებმა სასწრაფოდ დაკლეს ხარები, გაატყავეს, ხორცი დაჩეხეს და აჰკეპეს; სამსხვერპლო ბარკლები კი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს, შემდეგ სქელი ქონით დაჰფარეს და საკურთხეველთან დაწვეს დაპობილ შეშაზე, რომელსაც იაზონმა წმინდა საპკურებელი (ღვინოში შეზავებული) მოასხა. ყველაზე უფრო მისან იდმონს უხაროდა, საკურთხეველზე აღმართულ ბრწყინვალე ალს რომ ხედავდა. ძოწეულისფრად დაგრაგნილი კვამლი ბედნიერების მაუწყებლად მიემართებოდა ზევით. „მეგობრებო,– მოულოდნელად შესძახა მისანმა, აპოლონის აზრი რომ სურდა გაეცხადებინა მათთვის, – ღმერთების გადაწყვეტილებაა, რომ თქვენ საწმისი მოიპოვოთ და ბედნიერად დაბრუნდეთ აქ, მაგრამ განსაცდელიც უზომო მოგელით! მე კი ღვთის სასტიკი გადაწყვეტილებით მიწერია, რომ შორს – სადმე აზიის ხმელეთზე დავამთავრო სიცოცხლე. ეს თვალბედითი ჩემი ხვედრი ჯერ კიდევ უწინაც გავიგე ფრინველებზე მისნობის წყალობით, მაგრამ მაინც მივატოვე სამშობლო და თქვენ შემოგიერთდით, სამაგიეროდ ჩემი დიდება წარუშლელი დარჩება იქ“. გაეხარდათ ჭაბუკებს, კეთილი დაბრუნება რომ უწინასწარმეტყველეს მათ, მაგრამ იდმონის ბედის გამო მწუხარებამ შეიპყრო ისინი.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9