A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი - I

შენი მოწოდებით, სინათლის მეუფევ, (აპოლონის ეპითეტი) მოვიგონებ დიად საქმეებს იმ ძველ ვაჟკაცთა, რომლებმაც მეფე პელიასის დავალებით ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ევქსინის პონტოს (შავი ზღვა) შესართავში და კიანეს კლდეთა შორის შეაცურეს მშვენიერხოფებიანი ხომალდი არგო.

მეფე პელიასს ოდესღაც უწინასწარმეტყველეს, რომ მას დაღუპვა მოელოდა იმ კაცის რჩევის წყალობით, რომელსაც იგი ხალხში ცალი წაღით დაინახავდა. დიდ ხანს არ გაუვლია ამ მისნობის შემდეგ და იაზონმა მართლაც ჩასტოვა ცალი წაღა მდინარის შლამში, როცა იგი ანავროსის (თესალიის მდინარე) ცივ ტალღებში ქვეითად გადიოდა. ასე ცალფეხმოსილი წარსდგა პელიასის წინაშე იგი, რათა დასწრებოდა იმ წმინდა ნადიმს, რომელიც მეფემ მოაწყო მაშინ მამა პოსეიდონის და სხვა ღმერთების სადიდებლად. ამ მსხვერპლთშეწირვის დროს მხოლოდ ერთი ქალღმერთი – პელაზგიდი ჰერა არ იქმნა პატივდებული.

როცა პელიასმა იაზონი დაინახა, მყის მოაგონდა წინასწარმეტყველება და იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მას რომ მოელოდა, მეტად სახიფათო ნაოსნობა დაავალა იაზონს, რათა ან ზღვაში ჩანთქმულიყო იგი, ანდა უცხო ხალხში ჩარჩენილს სამშობლოში დაბრუნების საშუალება აღკვეთოდა.

ძველი დროის აედები (ანუ პოეტ-მომღერლები) გადმოგვცემენ, რომ არგოსმა ქალღმერთ ათენას რჩევა-დარიგებით ააგოთ ხომალდი. ახლა კი, მე მოგითხრობთ გმირთა წარმოშობის შესახებ, მათ სახელებზე, შორეული ზღვის გზებზე და იმის იმესახებ, თუ რა მოიმოქმედეს ლაშქრობის ჟამს. დაე, მუზები იყვნენ ამ სიმღერის შემწენი!

ჯერ ორფევსი მოვიგონოთ! ასე ამბობენ, რომ იგი ოდესღაც პიმპლეიდის მთის მახლობლად თვით ეპიკური პოეზიის მუზა კალიოპემ შვა, თრაკიელ ეაგრს რომ შეეუღლა. მოგვითხრობენ, აგრეთვე, რომ ორფევსი თავისი სიმღერების ჰანგით მთებში ურყევ კლდეთ და მდინარეთა ტალღებს აჯადოვებდა. ტლანქი წიფელნი, თრაკიის ზღვისპირა ქალაქ ძონეს ნაპირად რომ ჰყვავიან, დღესაც გვიმოწმებენ მისი სიმღერის ძალას, რომელსაც ისინი ხშირ მწკრივებად მისდევდნენ. ეს წიფლის ხეები მან მოაჯადოვა ჯერ და შემდეგ კი სიმაბიან საკრავ ფორმინგზე დაკვრით გამოიყვანა პიერიიდან. აი ეს ორფევსი, ბისტონური პიერიის მეფედ რომ იყო მაშინ, ეზონის ძემ ბრძენი კენტავრ ქირონის რჩევით თავის ლაშქარში მიიღო.

თავისი სურვილით მოვიდა სალაშქროდ ასტერიონი. იგი ბობოქარი მდინარის აპიდანის ნაპირებზე დაიბადა. მისი მამა კომეტე ფილეის მთის მახლობლად მდებარე ქალაქ პირესიაში ცხოვრობდა. აქ დიდი აპიდანი და ღვთაებრივი ენიპევსი შორი გზიდან ცალ-ცალკე მომდინარენი ერთმანეთს ერთვიან.

ორფევსისა და ასტერიონის შემდეგ სალაშქროდ ილატეს ძე პოლიფემე მოვიდა. მან მიატოვა მშობლიური ქალაქი ლარისა (თესალია). პოლიფემე ოდესღაც ყველაზე უფრო ახალგაზრდა მებრძოლი იყო უძლეველ ლაპითთა შორის, როცა ლაპითები კენტავრებს ერკინებოდნენ. ახლა კი წელთა სიმრავლისაგან დამძიმებული ჰქონდა სხეული, მაგრამ საბრძოლო განწყობა ძველებური შერჩენოდა.

იაზონის ბიძა იფიკლე დიდხანს არ შეყოვნებულა ქალაქ ფილაკეში (თესალია). მისი და ალკიმედე ფილაკელი ეზონს ჰყავდა მეუღ ლედ. ნათესაობამ და დისშვილზე ზრუნვამ იფიკლესაც აღუძრა სურვილი, ლაშქარს შეერთებოდა.

არც ცხვრის ფარით მდიდარი ქალაქის ფერეს (თესალია) მეფე დმეტე დარჩენილა ქალკოდონის მთის ჩრდილში!

მამულით უხვმა და ცბიერებაში გამოწრთვნილმა ერიტემ და ექიონმა, ჰერმესის ძეებმა, სწრაფად დატოვეს მდინარე ალოპე (თესალიაში).

ლაშქრად მიმავალთ მათი ღვიძლი ძმა ეთალიდეც შეუერთდა. იგი მირმიდონეს ასულმა ფთიელმა ევპოლემიამ დაბადა მდინარე ამფრისეს (თესალიაში) ნაპირებზე, ხოლო ორ დანარჩენს კი დედად ჰყავდათ მენეტეის ასული ანტიანირე.

შემდეგ მოვიდა კენევსის ვაჟი კორონე, მდიდარი ქალაქი გირტონე (თესალია) რომ მიატოვა. თუმცა მამაცი იყო იგი, მაინც ვერა სჯობდა თავის მამას კენევსს. აედები მოგვითხრობენ, რომ კენევსი, თუმცა იგი ჯერ კიდევ ცოცხალია, კენტავრების მიერ იქნაო დაღუპული. კენევსმა ბრძოლაში უკუაქცია თურმე კენტავრები და გამოედევნა. დაინახეს თუ არა თანამებრძოლთაგან მოშორებული კენევსი, კენტავრები კვლავ შეჯგუფდნენ და თავს დაესხნენ მას, მაგრამ ვერც დამორჩილება შესძლეს მისი და ვერც დაჭრა. უტეხი და უძლევი კენევსი ნაძვის მაგარი მორებით ნაცემი ცოცხლად ჩაეშვა მიწის წიაღში.

ლაშქარს ეწვია ტიტარესიელი მოპსეც, რომელსაც ღმერთმა აპოლონმა ლეტოს ძემ ყველაზე უწინარეს ასწავლა ფრინველებზე მკითხაობა; ხოლო შემდეგ ევრიდამასი მოვიდა, კტიმენეს ვაჟი, ქსინიას ტბის ნაპირად მდებარე დოლოპთა ქალაქ კტიმენეში (თესალია) რომ ცხოვრობდა. აქტორმა კი თავისი ძე მენიტიოსი ოპოენტიდან გამოაგზავნა, რათა მასაც ელაშქრნა ბრწყინვალე ვაჟკაცებთან ერთთად.

მათ მოჰყვნენ ევრიტიონი და მამაცი ერიბოტე, შვილები ტელეონისა და აქტორის ძის ირესი. სახელდობრ, სახელოვანი ერობოტე ტელეონის ძე იყო, ხოლო ევრიტიონი კი ირესი. მათ ოილევსიც შეუერთდა. იგი მამაცობით გამოირჩეოდა და კარგად იყო გაწაფული მტერზე თავდასხმაში, მოწინავე ფალანგა რომ უკუიქცეოდა.

ევბეიდან კანთოსი მოვიდა. იგი კანეთე აბანტის ძემ გამოაგზავნა. კანთოსი აღტაცებული იყო კოლხეთში ლაშქრობით, მაგრამ ქალაქ კერინთოში (კ. ევბეა) დაბრუნება აღარ ეწერა. მას ბედით ჰქონდა გადაწყვეტილი მისნობაში გამოცდილ მოპსესთან ერთად მოხეტიალე დაღუპულიყო ლიბიაში. ადამიანებს ხომ მოულოდნელად ატყდებათ ხოლმე თავს უბედურება! კანთოსი და მოპსე ლიბიის მიწას მიაბარეს. ლიბია კი ისე შორს არის კოლხებისაგან, როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთს.

 
კიანე კლდე - მითიური მოძრავი კლდეები ბოსფორის სრუტისა და ევქსინის პონტოს ყელში
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9