ლათ. Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus რომის იმპერატორი 284-305 წლებში. დალმაციაში, დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა დიოკლეტიანემ წარმატებებს სამხედრო საქმეში მიაღწია და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს სპარსეთის კამპანიისას გარდაცვალების შემდეგ, დიოკლეტიანე იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას მის გარდა კარუსის კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში და წერტილი დაუსვა მესამე საუკუნის კრიზისს. 286 წელს დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა.