A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვოდ ვოკ ვოლ ვოტ

ვოლტერი (1694–1778)

ვოლტერის ნამდვილი სახელია მარი ფრანსუა არუე. იგი დაიბადა 1694 წლის 21 ნოემბერს პარიზში. მამა ნოტარიუსი გახლდათ და დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მისი შვილი იურისტი გამოსულიყო. ვოლტერმა კი, იეზუიტის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, საქმიანობის სხვა გზა აირჩია. დამცინავ სტილში დაწერილმა მისმა ლექსებმა გაანაწყენა ძალაუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, პრინც-რეგენტ ფილიპ ორლეანელზე დაწერილი სატირისათვის ვოლტერი დააპატიმრეს და 1717 წელს ბასტილიის ციხეში ჩასვეს. მაგრამ, როგორც იტყვიან, ჭირი ხეირად ექცა: იქ მას დრო უქმად არ დაუკარგავს და შექმნა პირველი ტრაგიკული ნაწარმოები „ოიდიპოსი“, რომელიც წარმატებით იდგმებოდა პარიზის თეატრის სცენებზე. აქედან დაწყებული, ვოლტერი მთელი 60 წლის განმავლობაში იბრძოდა ფეოდალური იდეოლოგიის წინააღმდეგ. იგი, მალე, პარიზის არისტოკრატიული სალონების სასურველი სტუმარი შეიქნა. 1726-1729 წლებში ვოლტერი ცხოვრობდა ინგლისში. 1733 წელს გამოქვეყნდა მისი „ფილოსოფიური წერილები“, სადაც მწერალი აკრიტიკებდა საფრანგეთის სამეფო კარს ვაჭრობის უგულებელყოფისათვის. იგი სამაგალითოდ ინგლისს მიიჩნევდა, რომელიც ვაჭრობით გაძლიერდა და აყვავდა. ამის გამო ვოლტერი შევიწროებას განიცდიდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო და თავი შეეფარებინა მარკიზა დიუ-შატლეს მამულში, ლოტარინგიის საზღვარზე. იგი შეყვარებული იყო მარკიზაზე. ვოლტერმა იქ 11 წელი დაჰყო. დიუ-შატლემ ვოლტერს ხელი შეუწყო ლიტერატურული ნიჭისა და უნარის გამოვლენაში. მართლაც, ამ პერიოდში ვოლტერის მიერ შეიქმნა ისეთი ფილოსოფიური და ისტორიული ნაწარმოებები, როგორიც არის: „ლუდოვიკ XIV -ის ეპოქა“ (1751 წ.), „ფანატიზმი ანუ მუჰამედ წინასწარმეტყველი“ (1742 წ.), „მეროპი“ (1743 წ.), „ხალხის გამოცდილება და ზნე-ჩვეულებები“ (1756 წ.), „მაღალი წრის ადამიანი“ (1930 წ.), „ალზირის ტრაგედია ანუ ამერიკელები“ (1736 წ.). ამავე პერიოდში შექმნა ვოლტერმა შესანიშნავი პოემა „ორლეანელი ქალწული“ საფრანგეთის სახალხო გმირ ჟანა დარკის შესახებ. ჟანა დარკი ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის ბრძოლას ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ. პოემიდან ირკვევა, რომ ჟანა დარკის მთავარი მოწინააღმდეგე მონარქია კი არ არის, არამედ ეკლესია. 1745 წლისათვის ვოლტერი თავისი მახვილი კალმით ძალზე პოპულარული ხდება და მრავალი გვირგვინოსანი მას თავის სამსახურში იწვევს; საფრანგეთის სამეფო კარიც ცდილობს მისი გულის მოგებას და საფრანგეთის მეფე, ლუდოვიკო XV-ის ფავორიტი, მადამ დე პომპადური, ვოლტერთან მეგობრულ ურთიერთობას ამყარებს; მეფე მას სამეფო კარის ისტორიკოსად ნიშნავს. საფრანგეთის აკადემიამ იგი თავის წევრად აირჩია, მაგრამ ვოლტერი დაუდგრომელი ადამიანი იყო და მას მოგზაურობა იზიდავდა. იგი შეეცადა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV გადაექცია „განათლებულ მონარქად“. ამისათვის იგი აუცილებლად ეკლესიის ზეგავლენისაგან უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა და იგი პრუსიის მეფის მიწვევით გერმანიაში გაემგზავრა, მაგრამ აქაც იგივე განმეორდა.

1758 წელს იგი სამუდამოდ სახლდება თავის მამულში, ფერნეში (შვეიცარია) და იქიდან მთელ მსოფლიოში ავრცელებს თავის ნაწარმოებებსა და ნაშრომებს, რომლებშიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს იმდროინდელ ეკლესიას.

ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წლის 30 მაისს. სიკვდილის წინ მან ითხოვა, რომ ეკლესიის წესით დაესაფლავებინათ. მღვდლის ნახვა ვერ მოხერხდა, ხოლო მის გარეშე დასაფლავება არ შეიძლებოდა, მწერლის ნათესავმა – აბატმა მინნომ, გარდაცვლილი ვოლტერი ეტლში ჩასვა და 12-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩაიყვანა შამპანის სააბატოში, სადაც საიდუმლოდ მოხდა წესის აგება და დასაფლავება. საფრანგეთის რევოლუციის წლებში (1791-1794 წწ.), კონვენტის გადაწყვეტილებით, ვოლტერის ნეშტი პანთეონში იქნა გადასვენებული.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9