A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ზა ზე ზმ ზნ ზო ზრ ზუ ზღ
ზედ ზევ ზეც ზეწ

ზევსი

ბერძნ.
უზენაესი ღვთაება. „უკვდავთა და მოკვდავთა მამა“. კრონოსისა და რეას ძე. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია იუპიტერი.

ცისიერთა და მიწიერთა მეუფე ზევსი ძლევამოსილი ღვთაებაა. ბერძნულ სამყაროში მას ყველაზე დიდი პატივი მიეგებოდა. თავდაპირველად, შესაძლოა, ძველაღმოსავლური მითოლოგიური წარმოდგენების გავლენით, იგი ამინდის ანუ ტაროსის ღმერთი იყო, თანდათანობით შეითვისა სხვა ფუნქციებიც და უნივერსალურ, უზენაეს ღვთაებად განსახიერდა. მისი თავგადასავალი მრავალ მითოსში აისახა. მათი თავმოყრით შესაძლებელი ხდება წარმოვიდგინოთ ღმერთთა მეუფის სახე დაბადებიდან მისი მამაკაცური ძალმოსილების იმ ასაკამდე, როგორიც დარჩა სამუდამოდ უკვდავყოფილი:

როდესაც ღვთაებათა სამეფო სკიპტრას ფლობდა კრონოსი, სამყაროში ოქროს ხანა იდგა. კრონოსს მუდამ ახსოვდა ძველი მისნობა, რომ ძალაუფლებას საკუთარი შვილი წაართმევდა.

ამიტომ თავის ნაშიერებს დაბადებისთანავე ყლაპავდა. ეცოდებოდა დედა – რეას ჩვილი შვილები და როდესაც გააჩინა მეექვსე ბავშვი, მის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ახალშობილი კი მიწაზე ჩამოიყვანა, წმინდა წყაროს წყალში განბანა და სახელად ზევსი შეარქვა. შემდეგ კუნძულ კრეტაზე დაეშვა და თავისი ძის ოქროს საწოლი იდას ჩრდილოვან ხეივანში დატოვა. მთის ნიმფებმა მიაგნეს ზევსს და მისი აღზრდა ითავეს. მომავალი ღმერთის ოქროს საწოლს მთელი ბუნება თავს ევლებოდა. ოკეანოსის შორეული ნაპირებიდან მოჰქონდათ მტრედებს ზევსისთვის ამბროსია. ყოველ საღამოს მოფრინავდა მასთან არწივი და ნექტარს ასმევდა. ფუტკრები თაფლს უგროვებდნენ. რძით კი, თხა ამალთეა კვებავდა. იგი განსაკუთრებულად უყვარდა ზევსს. როდესაც კეთილმა ამალთეამ თავისი სიცოცხლე დაასრულა, მისი ტყავით ზევსმა გაიკეთა ფარი, რომელსაც ვერას აკლებდა მტერი. ეს იყო ეგისი, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა ზევსს.

პატარა ღვთაებას თავს დასტრიალებდნენ რეას ქურუმები. როდესაც ჩვილი წამოიტირებდა, ისინი ხმამაღლა მღეროდნენ და ცეკვავდნენ, რათა კრონოსს არ შეეტყო საკუთარი ძის არსებობის ამბავი. მალე ზევსი წამოიზარდა და მამასთან ბრძოლა იმით დაიწყო, რომ ჩაყლაპული და-ძმები ამოანთხევინა პირიდან. შემდეგ მათთან ერთად გამაგრდა ოლიმპოსის ღრუბლებით დაბურულ თხემზე და წამოიწყო დიადი ბრძოლა ძველი თაობის ღმერთების, ტიტანების წინააღმდეგ. ათი წელი გრძელდებოდა ეს ბრძოლა. იგი ტიტანომაქიის სახელით არის ცნობილი. ზევსმა გაიმარჯვა და დამარცხებული ტიტანები მიწის ქვეშ, ტარტაროსში ჩაამწყვდია. მხოლოდ ტიტანი ატლასი დატოვა დედამიწაზე. მას ზეცის თაღი უნდა შეედგა მხრებზე სამუდამოდ. ასეთი იყო მისი სასჯელი.

გეა, რომელიც ეხმარებოდა ზევსს კრონოსის დამარცხებაში, განაწყენდა ტიტანების ტარტაროსში დამწყვდევის გამო და თავისი შვილები, გიგანტები, აამხედრა ოლიმპიელი ღმერთების წინააღმდეგ. სასტიკი იყო ეს ბრძოლა, ზეცა და მიწა ზანზარებდა მებრძოლთა ფეხქვეშ. ზევსმა კვლავ გაიმარჯვა ამ გიგანტომაქიაში, ამოჟლიტა შემზარავი ბუმბერაზები, რამაც კიდევ უფრო მეტად განარისხა გეა. სასოწარკვეთილებამ იქამდე მიიყვანა, რომ ტარტაროსისგან შვა საზარელი ურჩხული ტიფონი და ახლა ის მიუგზავნა გამარჯვებულებს. როდესაც ტიფონმა ოლიმპოსს შეუტია, ღმერთთა სავანე შეტორტმანდა. შეძრწუნებულმა უკვდავებმა მთა მიატოვეს და ეგვიპტეს შეაფარეს თავი. კინაღამ დამარცხდა ზევსი, მაგრამ ბედი მის მხარეს იყო. მან მოახერხა და ელვით განგმირა ცეცხლის ალთა მფრქვეველი ურჩხული, შემდეგ კი კუნძულ სიცილიაზე უზარმაზარი მთა, ეტნა, დაამხო თავზე.

ზევსმა ბრწყინვალე ზეიმით აღნიშნა ღმერთთა ახალი თაობის გამარჯვება. იგი ამ ზეიმს გამოეცხადა დიდებულ ეტლზე აღზევებული, მეხით ხელში. ამის შემდეგ შეერქვა მას „მეხთამტყორცნელი“, ხოლო ეს ხატი უმაღლესი ძალაუფლების და ტრიუმფის სიმბოლოდ იქცა.

კრონოსის შვილებმა სამყარო დაინაწილეს. პოსეიდონი ზღვათა მბრძანებელი გახდა, ჰადესი – მიწისქვეშეთისა, ზევსს ზეცა ერგო და უზენაესი უფლებები. ასე შეიცვალა კრონოსის ხანა ზევსის მეუფებით. სამყაროს მოევლინა ღმერთთა ახალი თაობა, რომელსაც სათავეში ედგა ზევსი თავის მშვენიერ მეუღლე ჰერასთან ერთად. მათ შეეძინათ შვილები: არესი, ჰებე და მითოსის ზოგიერთი ვერსიით, ჰეფესტო. გარდა ამისა სხვა ქალღმერთებისგანაც ჰყავდა ზევსს შვილები: ლეტოსაგან – აპოლონი და არტემისი, დემეტრესაგან – პერსეფონე, მაიასაგან – ჰერმესი, დიონესაგან – აფროდიტე (არის ასეთი მითოსიც), თემისისაგან – ჰორები და მოირები, ევრინომესაგან – ქარიტები. მოკვდავმა სემელემ მას დიონისე უბოძა.

თავისი პირველი ცოლი, მეტისი, ზევსმა ჩაყლაპა, რათა აეცილებინა მისნობა, რომლის ძალითაც ამ ქალღმერთისაგან შობილი შვილი ძალით მასზე აღმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოხდა სასწაული და ბავშვი მის თავში გაიზარდა. ასე მოევლინა ქვეყანას დიდებული ათენა.

ბერძენი წარჩინებულები ცდილობდნენ თავიანთი გვარის ისტორია ზევსის სახელთან დაეკავშირებინათ. ამის შედეგად აღმოცენდა მრავალი თქმულება ღმერთთა მეუფის სატრფიალო თავგადასავლებზე. ასე მოევლინენ ქვეყანას სახელოვან ბერძნულ მოდგმათა მითოსური მამამთავრები. ზევსისგან შვა ალკმენემ ჰერაკლე, ლედამ – ელენე და პოლიდევკესი, დანაემ – პერსევსი, ევროპემ – მინოსი და რადამანთისი.

ბერძენთა ფანტაზიამ უზენაეს ღვთაებას, უპირველეს ყოვლისა, სამყაროში წესრიგისა და სამართლიანობის დამფუძნებლის ფუნქცია მიანიჭა. ზევსი იქცა საერთოელინურ (პანელინურ) ღმერთად. იგი მფარველობდა სახელმწიფოებს, იცავდა კანონებს და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ამიტომ ადამიანები მას განსაკუთრებული ეპითეტებით მიმართავდნენ: „მეუფეთა მეუფეო“, „მხსნელო“, „მშობლიურო“, „ძლევამოსილო“, „ნეტართაგან უნეტარესო“ და სხვა.

ზევსს ემორჩილებოდა ყველაფერი, რაც ბუნებაში ხდებოდა და როდესაც იგი ეგისს შეარხევდა, ამოვარდებოდა ქარიშხალი, წამოვიდოდა წვიმა. ზევსი აგზავნიდა ზურგქარსაც და ნათელ დღეებსაც, განაგებდა წელიწადის დროთა ცვლასაც და ადამიანთა ბედსა თუ იღბალს, თუმცა თავად კი ემორჩილებოდა მოირებს – ბედისწერის შემოქმედ ღვთაებებს. ვითარცა უზენაეს ღმერთს, მას გააჩნდა წინასწარჭვრეტის ნიჭი, ძალუძდა მისნობა და ჰარმონიის დამყარება ბუნების ძალთა და ადამიანთა შორის. ზევსმა დაუწესა ადამიანებს კანონები და მკაცრად სჯიდა მათ დამრღვევებს. ყოველ ქალაქს თუ დასახლებას ჰყავდა თავისი მფარველი ზევსი. იმავდროულად იგი იყო საერთო ღვთაებაც, მეტსახელად ჰელენიოსი, რომელიც აერთიანებდა ბერძენთა მრავალრიცხოვან ტომს და ირგვლივ მოსახლე ბარბაროსთაგან გამოარჩევდა. ყველა დიდ ქალაქში ზევსის ტაძარი იდგა, მისთვის განკუთვნილი წმინდა ადგილი მდებარეობდა. მათგან უმნიშვნელოვანესი იყო ელისის ოლიმპია, სადაც ოთხ წელიწადში ერთხელ ისეთი დღესასწაული იმართებოდა, რომლის მსგავსი იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში (ოლიმპიური დღესასწაულები).

ზევსის ჭეშმარიტი სახე, ბერძენთა წარმოდგენით, იყო ცეცხლი. იგი არსებობდა ეთერში და დავანებული იყო ოლიმპოსზე იქ, სადაც მიწა ცას უერთდებოდა და სადაც ზეცა გადადიოდა ცეცხლოვან აირში. ზევსის ატრიბუტები იყო ეგისი, სკიპტრა და ელვა.

ანტიკურ ხელოვნებაში ზევსს წარმოსახავდნენ სამეფო ტახტზე, რომელსაც მხარს უმშვენებდა ნიკე, იქვე იჯდა არწივი. ასეთი ქანდაკება ინახება ერმიტაჟში (სანკტ-პეტერბურგი).

ზევსის საუკეთესო გამოსახულებად მიჩნეულია ვატიკანში დაცული ელინისტური ხანის ქანდაკება, სახელწოდებით „ზევსი ოტრიკოლიდან“. ანტიკურ სამყაროში განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობდა ფიდიასის მიერ ოქროს და სპილოს ძვლისაგან შესრულებული ზევსის ქანდაკება, რომელიც იდგა ოლიმპიაში და რომელმაც, მონეტებზე აღბეჭდილმა, მოაღწია ჩვენამდე.

 
ტროას ომში იცავდა ნეიტრალიტეტს
წყარო: ბიბლიოვიკი ზევსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9