A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იქ იშ
იაგ იამ იაპ იარ იას იაშ იახ

იაზონი

ბერძნ.

გმირი, არგონავტების წინამძღოლი. ქართა ღვთაება ეოლოსის ჩამომავალი, ესონის ძე.

იასონი თესალიელი გმირია, იოლკოსის მეფის, ესონის ვაჟიშვილი. ესონს ჰყავდა ნახევარძმა, პოსეიდონის ძე პელიასი, რომელმაც იოლკოსის სამეფო ტახტი მზაკვრობით დაისაკუთრა. შვილი რომ გადაერჩინა, ესონმა მისი გარდაცვალების ამბავი შეთხზა, სინამდვილეში კი იგი ბრძენ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად. კეთილმა კენტავრმა ხალისით მიიღო მეფისწული და მკურნალობის ხელოვნებას აზიარა (სახელი „იასონი“ ქართულად „მკურნალს“ ნიშნავს, ისე კი იასონს დიომედესი ერქვა). ოცი წლის იასონი თანატოლთაგან გამოირჩეოდა ახოვანებით, სიძლიერითა და გამბედაობით. მან განიზრახა ესონისათვის დაებრუნებინა უკანონოდ წართმეული სამეფო სკიპტრა. იოლკოსისკენ მიმავალს მოხუცი ქალი შემოხვდა, რომელიც ამაოდ ლამობდა მდინარეზე გადასვლას. გმირმა თავისი მხრებით გადაიყვანა მეორე ნაპირზე ბერიქალი, რომელმაც ფეხი დაადგა თუ არა მიწას, თავისი ნამდვილი სახე მიიღო – ეს იყო ქალღმერთი ჰერა. მან მადლობა გადაუხადა იასონს და მფარველობას შეჰპირდა. გახარებულმა გმირმა კი, რომელმაც მდინარეში ცალი ხამლი დაკარგა, იოლკოსისკენ ისწრაფა. ქალაქის ახლოს პოსეიდონის სამსხვერპლო იყო აღმართული და სწორედ იმ დღეს ქურუმები მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. იქვე იყო მეფე პელიასიც, რომელსაც იმ დღეს ავისმომასწავებელი უწყება მიეღო დელფოდან. პითია აფრთხილებდა, მორიდებოდა კაცს, რომელიც მთებიდან დაეშვებოდა და მის წინარე წარსდგებოდა ცალხამლიანი. პელიასი ყურადღებით ათვალიერებდა მლოცველებს და უეცრად თვალი მოჰკრა უცხოელს. მის წინ იდგა წყვილი შუბით აღჭურვილი ახოვანი და მშვენიერი ჭაბუკი, რომელსაც სხეულს მაგნესიური სამოსი უმშვენებდა და მხოლოდ ცალ ფეხზე ჰქონდა ამოცმული სანდალი. პელიასმა იხმო იგი და ვინაობა გამოჰკითხა. „ესონის ძე ვარ, – პირდაპირ მიუგო იასონმა – მსურს დავიბრუნო უმართებულოდ წართმეული სამეფო ტახტი“. შემდეგ იგი მამის სახლისკენ გაემართა და ახლობლებთან ერთად ხუთი დღე ინადიმა, მეექვსე დღეს კი კვლავ პელიასის წინაშე წარსდგა. მზაკვარმა მეფემ ასეთი რამ განუცხადა: „უკვე მოვხუცდი, სკიპტრაც მამძიმებს, მე დაგიბრუნებ ტახტს, თუ ოქროს საწმისს მოიპოვებ და იოლკოსში ჩამოიტან, რითაც ღმერთების კეთილგანწყობას დაიმსახურებ“. პელიასი დარწმუნებული იყო, რომ იასონი ამ საქმეს ვერ აღასრულებდა. ოქროს საწმისი კოლხთა ქვეყნის ძლიერების სიმბოლო იყო და მას საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა მეფე აიეტი („ოქროს საწმისი“).

იასონი საგმირო საქმეებისთვის აღზარდა ქირონმა და ამიტომაც ჭაბუკმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. მთელი საბერძნეთის სახელოვანი გმირები იოლკოსში შეიკრიბნენ. ლაშქრობის მონაწილეთა შორის იყვნენ ჰერაკლე, ორფევსი, ძმები დიოსკურები, მელეაგროსი, ადმეტოსი, სულ კი მათი რიცხვი ორმოცდაათს აღწევდა. სწორედ ამიტომ სახელოვანმა გმირმა არგოსმაც ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდი ააგო და თავისი სახელის მიხედვით „არგო“ უწოდა. არგონავტებმა მეთაურად იასონი აირჩიეს და შორეულ გზას დაადგნენ. კუნძულ ლემნოსზე შეისვენეს, სადაც იასონმა დედოფალ ჰიფსიპილეს სარეცელი გაიზიარა. დედოფალს მოეწონა იასონი, დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ჭაბუკს წინ საგმირო საქმე ელოდა. კვლავ კოლხეთისკენ აიღო გეზი მისმა ხომალდმა. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ არგონავტებმა მიაღწიეს ქალაქ კვიტაიას, სადაც ისინი თავაზიანად მიიღო ჰელიოსის ვაჟიშვილმა, მეფე აიეტმა.

ჰერამ და ათენამ სთხოვეს სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს, დახმარებოდა იასონს. არ დააყოვნა ქალღმერთმაც და აიეტის ასული მედეა, რომელიც თავისი ჯადოქრობით იყო განთქმული, იასონის სიყვარულით აღაგზნო. ძვირფასი განძის დათმობა, რა თქმა უნდა, არ ისურვა აიეტმა და იასონს, მისი აზრით, აღუსრულებელი რამ შესთავაზა: გმირი მხოლოდ მაშინ მიიღებდა ოქროს საწმისს, თუ დაიმორჩილებდა სპილენძისფეხებიან და ცეცხლისმფრქვეველ ხარებს, უღელში შეაბამდა, არესის ველს გადახნავდა, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილებს ჩაყრიდა და იქიდან აღმოცენებულ იარაღასხმულ მეომრებს გაანადგურებდა. ხოლო შემდეგ კი შეებრძოლებოდა დრაკონს, რომელიც ამ ოქროს საწმისს იცავდა.

შეყვარებულმა მედეამ იასონს ჯადო-წამალი მისცა, თან მისი ხმარების წესიც ასწავლა. ბერძენმა ჭაბუკმა ამ სალბუნით სხეული დაიზილა, რის გამოც იარაღი და ცეცხლი არ ეკარებოდა. გახარებული იყო მედეა, რადგან იასონმა პირობა მისცა, რომ თავის სამშობლოში წაიყვანდა, ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე ეყვარებოდა.

იასონმა იოლად აღასრულა აიეტის დავალება, მაგრამ მეფემ სიტყვა გატეხა, ბერძენ გმირთა დაღუპვა და „არგოს“ დაწვა განიზრახა. ისევ მედეამ იხსნა ისინი. მისი დახმარებით იასონმა ოქროს საწმისი მოიტაცა და კოლხეთიდან გაიქცა. არგონავტებთან ერთად იყო მედეაც, რომელმაც თავისი უმცროსი ძმა აფსირტოსიც თან გაიყოლა. გაქცეულებს დაედევნა მეფე აიეტი, მაგრამ მედეამ საშინელი რამ ჩაიდინა: მდევნელთა სვლა რომ შეენელებინა, ასო-ასო აკუწა საბრალო აფსირტოსი და ზვირთებში გადაუძახა. ამის მხილველმა აიეტმა მართლაც შეწყვიტა დევნა. ხოლო „არგო“ კი მშვიდად მიაპობდა ამღვრეულ ზღვას. მედეამ და იასონმა ფეაკთა კუნძულზე იქორწინეს და ბედნიერად მიაღწიეს იოლკოსს. აქ კი პელიასს, იმ იმედით, რომ იასონი აღარასოდეს დაბრუნდებოდა, მისი მამა და ძმა მოეკლა. განრისხებულმა იასონმა, ისევ მედეას მზაკვრობით, შური იძია პელიასზე: მან მოატყუა მეფის ასულები და ასო-ასო აკუწული მამა მდუღარე წყალში მოახარშვინა. თუმცა ტახტი მაინც ვერა და ვერ ჩაიგდო ხელთ. პელიასის ძე ადრასტოსმა სისხლიანი ცოლ-ქმარი ქალაქიდან გააძევა. მედეა და იასონი კორინთოს მეფე კრეონმა შეიფარა. აქ მათ ათი ბედნიერი წელი დაჰყვეს. მათ გაუჩნდათ ორი ვაჟი-მერმეროსი და ფერესი. მაგრამ იასონმა გადაიყვარა მედეა და კრეონის ასულ კრეუსაზე დაქორწინება განიზრახა. ამის გამო მედეამ იგი სასტიკად დასაჯა: ჯერ მოკლა მეფის ასული, ხოლო შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ვაჟიშვილები (მედეა). ამ საშინელ უბედურებას ვერ გაუძლო იასონმა და თავი მოიკლა. სხვა ვერსიით, იასონი მაშინ დაიღუპა, როდესაც დასასვენებლად დრო-ჟამისაგან უკვე ნახევრადდანგრეულ „არგოს“ ჩრდილში წამოწვა. ამ დროს ხომალდი სულ დაიშალა და ნამსხვრევებში მოიყოლა ბერძენი გმირი.

იასონის სახემ მრავალი პოეტისა თუ დრამატურგის (ევრიპიდე, სენეკა, ოვიდიუსი, კორნელი), მხატვრისა (ვანლო, დელაკრუა, ფოიერბახი) და კომპოზიტორის (კოვალი, კერუბინი) ყურადღება მიიპყრო.

სინონიმი: იასონი
წყარო: ოდისეა, ბიბლიოვიკი იასონი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9