A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრა კრე კრი კრო

კრონოსი

ბერძნ.

უძველესი ღვთაება. ურანოსისა და გეას ძე. ტიტანთაგან უმცროსი, თუმცა ყველაზე ძლიერი ღმერთი. რომში კრონოსს აიგივებდნენ სატურნუსთან.

რეა ჩვრებში გახვეულ ქვას აწვდის კრონოსს.

პელიკეს ფერწერა (ძვ. წ. 460 წ.), ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის მუზეუმი

ძველ ბერძნულ მითოსში მმართველ ღმერთთა სამ თაობას გამოყოფენ: ურანოსსა და გეას. კრონოსსა და რეას. ზევსსა და ჰერას. შესაბამისად, კრონოსი ღმერთთა მეორე თაობის მამამთავრად ითვლება. როდესაც ურანოსი და გეა შეუღლდნენ, სამყაროში გაჩნდნენ მათი შვილები, ტიტანები, რომლებიც მამამ შეიძულა და რომელთაც დედამიწის წიაღში მალავდა, თანაც იმედოვნებდა, რომ ამით მათ მეტოქეობას განირიდებდა. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა გეა. როდესაც მისი მოთმინება მოიწურა, განიზრახა ბოლო მოეღო ამ ბოროტებისთვის: შექმნა ლითონი – ადამანტი, მისგან ნამგალი დაამზადა, შეკრიბა თავისი შვილები და მამაზე შურის საძიებლად მოუწოდა. ყველა შეშინდა, მხოლოდ კრონოსმა გაბედა და დედის სურვილი აღასრულა: მან თავის მამას ადამანტის ნამგლით მოჰკვეთა ნაყოფიერების ასო და ძლიერად მოისროლა ზურგს უკან. ამით დასრულდა ურანოსის მეფობის ხანა და სამყაროს მბრძანებლად კრონოსი მოევლინა. მან ცოლად თავისივე და – რეა შეირთო და მასთან ერთად დიდხანს მეუფებდა. მის დროს იშვნენ და გამრავლდნენ ქვეყნად ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად უზრუნველად ცხოვრობდნენ. ისინი ბედნიერები იყვნენ და ამის აღსანიშნავად მათ ოქროს ხანის ადამიანებსაც უწოდებენ.

კრონოსს უწინასწარმეტყველეს, რომ ძალაუფლებას მისივე შვილი წაართმევდა და ასე რომ არ მომხდარიყო, იგი ახალშობილებს დაბადებისთანავე შთანთქავდა. ისევ დედამ შეიბრალა თავისი ნაშიერები და როდესაც გაჩნდა მეექვსე ვაჟი, მის მაგივრად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ჩვილს კი ზევსი შეარქვა და კუნძულ კრეტაზე გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა და მამასთან შებრძოლების ძალა მიეცა, გამოეცხადა კრონოსს და უკანვე ამოანთხევინა შთანთქმული ღმერთები: ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი და პოსეიდონი. მათ მადლიერების ნიშნად მხსნელ ძმას უბოძეს მეხი, ჭექა-ქუხილი და ელვა, გეას რომ ჰქონდა გადამალული. ამით მისი უზენაესობა აღიარეს, წინამძღოლად სცნეს და ტიტანებს გამოუცხადეს ომი, რომელიც ათი წელი გაგრძელდა და დასრულდა ზევსის გამარჯვებით. ამ ტიტანომაქიის შემდეგ კრონოსი და მისი მომხრენი ტარტაროსში განისვენებენ. მითოსის გვიანი ვერსიის თანახმად, ზევსი შეურიგდა კრონოსს და „ნეტართა კუნძულზე“ მეფობის უფლება მიანიჭა.

ვარაუდობდნენ, რომ თავდაპირველად კრონოსი მოსავლის ღვთაება იყო. მისი კულტი გავრცელებული ყოფილა მხოლოდ ოლიმპიასა და ათენში, სადაც იმართებოდა ხალისიანი ზეიმი – კრონიები. იმიტომ რომ სახელწოდება „კრონოსი“ თავისი ჟღერადობით ემსგავსებოდა „ქრონოსს“, რომელიც დროს განასახიერებდა, ხშირად კრონოსს დროის ღვთაებადაც მიიჩნევდნენ.

ანტიკურ ხელოვნებაში კრონოსს ზევსის მსგავს მოხუცად წარმოსახავდნენ, რომელსაც მოსასხამი ჰქონდა მოსხმული და ხელთ ეპყრა ნამგალი.
 
ჰესიოდე (VIII საუკ. ქ. წ.) „თეოგონიაში“ შემდეგს გადმოგვცემს: „პირველად იყო ქაოსი; ქაოსისაგან შემდეგ წარმოიშვა მიწა („გაია“, „გეა“). გეამ წარმოშვა ცა („ურანოსი“), მთები, ზღვა... შემდეგ შეეუღლა ურანოსს და მასთან ეყოლა ოკეანე, კოოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტი... ყველაზე ბოლოს კრონოსი. გეას შვილები უსახურნი იყვნენ და მამამ, ურანოსმა, ისინი შეიზიზღა იმთავითვე. როგორც კი რომელიმე მათგანი წარმოიშვებოდა, მშობელი მალავდა მას მიწის წიაღში. იგი ამ ბოროტი საქციელით ტკბებოდა. გეა კი, დედა, ამით იტანჯებოდა. როდესაც მან შექმნა რკინის მოდგმა, გამოსჭედა ნამგალი და შვილებს მიმართა სიტყვით: ჩემი და უწმინდური მამის შვილებო თუ გამიგონებთ, შეგიძლიათ მამათქვენს გადაუხადოთ სამაგიერო მისი ბოროტი საქციელისათვის“. ყველანი სდუმდნენ. ხოლო ცბიერი კრონოსი წამოდგა და უთხრა: ძვირფასო მშობელო! მზად ვარ შევასრულო მე დავალება, ბოროტი მამისა ხვედრი არ მაწუხებს, არ მენანება: იმან ხომ პირველმა საზარელთ საქმეთ მოჰკიდა ხელი. გეას ძალიან გაუხარდა. იდუმალ ადგილას დამალა შვილი და ასწავლა ნამგლის ხმარება. ურანოსმა თან წამოიყვანა ღამე და მოვიდა გეასთან, დაწვა მასთან და როდესაც ის აღინთო ტრფიალებით, კრონოსმა ფარული ადგილიდან მოულოდნელად მარცხენა ხელი გამოჰყო, მარჯვნით მოიქნია ნამგალი და ნაყოფიერების ასო მოჭრა მამას“.
წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9