A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მაგ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაო მაჟ მარ მას მატ მაღ მაშ

მანტიკა

ბერძნ.
მკითხაობის ხელოვნება, ღვთაებათა ნების გამოცნობის უნარი.

უძველეს ხალხთა რწმენით, ბუნების ყველა მოვლენას, აგრეთვე ადამიანთა და სახელმწიფოთა ბედსაც განაგებდნენ ღმერთები. სწორედ ეს წარმოდგენები ედო საფუძვლად მანტიკას. ძველები მიიჩნევდნენ, რომ ღმერთები თავიანთი სურვილით ან ადამიანთა თხოვნით განაცხადებდნენ ხოლმე ღვთაებრივ ნებას განსაკუთრებული ნიშნებით, რომელთაც განმარტავდა მანტიკა. საბერძნეთსა და რომში არც ერთი კერძო თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე არ დაიწყებოდა ისე, რომ არ მიემართათ ორაკულისათვის, რომელიც განაცხადებდა ღმერთების ნებას.

ძველ საბერძნეთში ორაკულთა და მისანთა მფარველი ღვთაება იყო აპოლონი, ხოლო ყველაზე სახელოვან წინასწარმეტყველებად ითვლებოდნენ სიბილები და ბაკისი. მათ მიაწერდნენ მრავალ ნამისნევს, რომელთაც იწერდნენ სპეციალურ კრებულებში (ასე მაგალითად, ცნობილია „სიბილას წიგნები“). ამ წიგნებს სახელმწიფო სიწმინდეებად მიიჩნევდნენ. არსებობდა კერძო კრებულებიც, რომელთა მფლობელები მსურველებს სათანადო რჩევებს აძლევდნენ. წინასწარმეტყველებისათვის მიმართავდნენ სიზმრებსაც. ჯერ კიდევ ჰომეროსის დროს ეგონათ, რომ სიზმარს ზევსი უგზავნიდა ადამიანებს. ხალხურ რელიგიაში მიაჩნდათ, რომ სიზმრებს განაგებდნენ დემონები. ჰესიოდე თავის „თეოგონიაში“ ამ დემონებს ნიქსის (ღამის) შვილებს უწოდებს. გვიანი ხანის პოეტთა აზრით კი ისინი ჰიპნოსის შვილები არიან.

ჰომეროსის თანახმად, სიზმრები დავანებულნი არიან უკიდურეს დასავლეთში, იქ, სადაც მიწისქვეშა სამეფოს შესასვლელია. თუ ეს სიზმრები რქოვანი კარიბჭიდან გამოვლენ, ისინი წინასწარმეტყველურნი არიან. სპილოსძვლის კარიბჭიდან გამოსულებს კი დაკარგული აქვთ გრძნეულება. ბერძენთა რწმენით, ღმერთები ზმანებათა დემონებს კი არ აგზავნიდნენ მხოლოდ, არამედ თავადაც ევლინებოდნენ სიზმრად ადამიანებს, რათა საკუთარი ნება განეცხადებინათ. საბერძნეთსა და რომში სიზმართა ამხსნელი წიგნებიც კი არსებობდა. ერთ-ერთმა ასეთმა წიგნმა, რომლის შემდგენელი არტემიდოროსია (ძვ.წ. II ს.), ჩვენამდეც მოაღწია.

ღვთაებათა ნების მაცნეებად მიიჩნევდნენ ჩიტებსაც. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მტაცებელ ფრინველებს. მათ შორის გამორჩეული იყო არწივი – ზევსის ფრთოსანი. ფრინველთმისნობა (ორნიტომანტია, აუსპიციუმი) ეფუძნებოდა ჩიტების ფრენას ან გალობას. თუ დიდი ფრთოსანი ჰორიზონტის აღმოსავლეთით, მარჯვენა მხრიდან გამოჩნდებოდა, ეს კეთილუწყებას მოასწავებდა. მარცხენა მხრიდან მოვლენილი კი – უბედობას უქადდა საქმეს.

მკითხაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდნენ ზეციურ და ატმოსფერულ მოვლენებს (ჭექა-ქუხილს, ელვას, მზისა და მთვარის დაბნელებას, კომეტებისა თუ ვარსკვლავთა ცვენას). პირველყოფილ ადამიანებს ხომ სჯეროდათ, რომ ამ მოვლენებს განაგებდნენ ღმერთები. მეხის დაცემა ან გაელვება სასიკეთო ან უკეთურ ნიშნად მიიჩნეოდა მათი გამოვლინების მიხედვით. მზისა და მთვარის დაბნელება უბედობას მოასწავებდა.

ვარსკვლავთმისნობა (ასტროლოგია) ძველ საბერძნეთში მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ გავრცელდა, როცა ბერძნები ეზიარნენ ბაბილონურ ასტროლოგიას.

ფრინველთმისნობა და ზეციურ მოვლენებზე მკითხაობა ფართოდ იყო გავრცელებული რომში, სადაც ამ საქმეს განაგებდნენ ავგურები. გარდა ამისა ძველ საბერძნეთსა და რომში მკითხაობდნენ მსხვერპლად შეწირულ ცხოველებზეც. ქურუმები აკვირდებოდნენ მსხვერპლთა ქცევას შეწირვამდე, მათი წვის სისწრაფეს სამსხვერპლოზე, შიგნეულის მდგომარეობას და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ღვიძლის ფორმებს, გულს, ფილტვებს. ხშირად მსხვერპლშეწირვის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მკითხაობა, განსაკუთრებით ომიანობის ჟამს.

ძველ სამყაროში გავრცელებული იყო ცრუ რწმენაც. ზოგჯერ ღვთის უწყებად მიიჩნევდნენ ცხვირის დაცემინებას, კარების ჭრიალს, დაღვრილ ზეთსა და რძეს, რომელიმე ცხოველის გამოჩენას (ასე მაგალითად, ეზოში სხვისი შავი ძაღლის შემოსვლა უბედურებას მოასწავებდა). მანტიკისადმი სკეპტიკური განწყობილება შეიმჩნეოდა უკვე უძველესი საუკუნეებიდან. საკმარისია დავასახელოთ თალეს მილეტელი (ძვ. წ. VII-VI ს.ს.), რომელიც აღნიშნავდა, რომ მზის დაბნელება სულაც არ იყო ღვთაებათა ნების გამოვლინება.

წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9