A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პეა პედ პევ პეი პელ პენ პეო პეპ პერ პეს პეტ

პენელოპე

მითოლ.
ბერძნ.
სპარტელი იკარიოსისა და ნიმფა პერიბოიას ასული. ოდისევსის მეუღლე. ტელემაქოსის დედა. ბერძნები ლამობდნენ, მითოსურ პერსონაჟთა სახელებისათვის სათანადო მნიშვნელობა მიენიჭებინათ. პენელოპე „იხვს“ ნიშნავს და, ალბათ, ამიტომ შეთხზეს ასეთი ლეგენდა: როდესაც ნიმფა პერიბოიამ ასული შვა, თავდაპირველად არნეა თუ არნაკა შეარქვა. მამის ბრძანებით, იგი ზღვაში გადაუგდიათ, მაგრამ ღმერთებს არ გაუწირავთ ახალშობილი. ვარდისფერზოლებიან იხვებს გადაურჩენიათ ბავშვი და კვლავ ნაპირზე გაუყვანიათ, იქ, სადაც მისი მშობლები ეგულებოდათ. რაღას იზამდნენ იკარიოსი და პერიბოია. შეიბრალეს თავისი პირმშო და იხვების მზრუნველობით განცვიფრებულებმა მას ახალი სახელი, პენელოპე შეარქვეს. როდესაც იკარიოსის ძმამ, ტინდარეოსმა, თავისი ქალიშვილის, ელენეს ხელის მსურველები შეკრიბა, ითაკას მეფისწული ოდისევსიც მათ შორის იყო. მოხდა ისე, რომ ტინდარეოსმა ელენეს ქმრად მენელაოსი შეარჩია. მაგრამ ოდისევსიც ძლიერ მოეწონა და მისგან მიღებული ბრძნული რჩევის (ოდისევსი) სამადლობელად გმირს მშვენიერი პენელოპე მიათხოვა. დიდებულ წყვილს წლისთავზე ვაჟიც შეეძინა და უსამანო იქნებოდა მათი ბედნიერება, ტროას ომი რომ არ დაწყებულიყო. არ სურდა ოდისევსს ძვირფასი ოჯახის დატოვება, მაგრამ მოუხდა. მხოლოდ ოცი წლის შემდეგ დაუბრუნდა იგი მშობლიურ კერას. ამ ხნის მანძილზე პენელოპემ თავისი კეთილშობილებითა და ოჯახისადმი ერთგულებით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ითაკას სამეფო სასახლეში იკრიბებოდნენ სასიძოები, რომელნიც პენელოპეს ცოლად შერთვას ისწრაფოდნენ, მაგრამ დედოფალს არ სურდა სხვაზე დაქორწინება და ყოველნაირად ლამობდა მათ მოცილებას. თავდაპირველად მოითხოვა დრო ლაერტესის სუდარის მოსაქსოვად, რათა ბერძენთა წესისამებრ ღირსეულად დაეკრძალა მამამთილი. ლაერტესი ცოცხალი იყო, პენელოპე კი დღისით მოქსოვილს ღამე არღვევდა. ეს შეამჩნია მისმა მოახლემ, სიმართლე გათქვა და სასიძოებმაც აიძულეს დედოფალი დაესრულებინა ქსოვა. მაშინ პენელოპემ ახალი ოინი მოიგონა: გამოაცხადა, რომ მხოლოდ იმ გმირს გაჰყვება ცოლად, ვინც ოდისევსის მშვილდს მოზიდავს და თორმეტ ცულში გაატარებს გასროლილ ისარს. იცოდა პენელოპემ, რომ მშვილდის დაძვრასაც კი ვერ შეძლებდნენ უსაქმური სასიძოები. ასპარეზობისათვის დანიშნულ დღეს შემოაბიჯა ოდისევსმა მშობლიურ ჭერქვეშ და ერთიანად ამოხოცა ყველა მთხოვნელი. ეს ამბავი მოთხრობილია ჰომეროსის პოემა „ოდისეაში“. პენელოპესა და ოდისევსის შეხვედრისა და ამოცნობის სცენა ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდია ამ პოეტურ ქმნილებაში. გვიანი ხანის მითები გვამცნობენ, რომ ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ პენელოპე ცოლად გაჰყვა ტელეგონოსს, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი – იტალოსი. არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს პენელოპემ, უღალატა რა ოდისევსს, ჰერმესისგან თუ ზევსისგან შვა პანი (ვარიანტი: პანი ყველა სასიძოს ვაჟია). როდესაც ოდისევსი დაბრუნდა, სახლიდან გაისტუმრა მოღალატე პენელოპე, რომელმაც სპარტას შეაფარა თავი. ეს ვერსია იმდენად განსხვავდება ეპიკური ტრადიციისგან, რომ გაჩნდა აზრი ორი პენელოპეს არსებობის თაობაზე. პანის დედა, ადრეული ხანის მითოსში, ლაკონიელი ნიმფა პენელოპე უნდა ყოფილიყო. ჰომეროსის შემდგომდროინდელ ეპოქაში მითოგრაფოსებმა სცადეს ბერძნულ მითთა გაერთიანება. მათ მსგავსი სახელის მქონე ორი მითოსური პერსონაჟი ერთ სახედ წარმოადგინეს და შეთხზეს პენელოპეს ღალატის ლეგენდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ლეგენდას წარმატება არ მოჰყოლია. პენელოპე ბერძნულ ტრადიციაშიც და მომდევნო ეპოქებშიც ცოლ-ქმრული ერთგულებისა და კდემამოსილების სიმბოლოდ დამკვიდრდა.
წყარო: ბიბლიოვიკი პენელოპე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9