A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პეა პედ პევ პეი პელ პენ პეო პეპ პერ პეს პეტ

პერსევსი

ბერძნ.

არგოსულ თქმულებათა გმირი. არგოსის მეფის ასულის, დანაესა და ზევსის ძე.

არგოსის მეფე აკრისიოსს ჰყავდა მშვენიერი ასული დანაე. მეფე ვერ გრძნობდა თავს ბედნიერად, რადგანაც ორაკულმა უმისნა, რომ საკუთარი შვილიშვილი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. აკრისიოსმა დანაე სპილენძის კოშკში გამოკეტა და ორი უზარმაზარი ნაგაზი მიუჩინა დარაჯად. მაგრამ ზევსმა ოქროს წვიმის სახით შეაღწია კოშკში და მალე დანაემ შვა ვაჟი. ასე დაიბადა პერსევსი. შეძრწუნებულმა აკრისიოსმა დედა-შვილი ხის სკივრში ჩასვა და ზღვას გაატანა. ტალღამ სკივრი კუნძულ სერიფოსზე გარიყა, სადაც მათ მხსნელად მეთევზე დიქტისი მოუვლინეს ღმერთებმა. მეთევზის ძმას, სერიფოსის მეფე პოლიდექტესს, შეუყვარდა დანაე და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. პერსევსი, რომელიც გასაოცარი სისწრაფით გაიზარდა და დიდებული ჭაბუკი დადგა (იგი ხომ ზევსის შვილი იყო), ამ ქორწინებას წინ აღუდგა. შეიძულა იგი მეფემ. რას არ იგონებდა, რომ ჭაბუკი თავიდან მოეცილებინა. თან თვალთმაქცობდა, თავს ისე აჩვენებდა, თითქოს უყვარდა, თავის სასახლეში იწვევდა და მოუთხრობდა გმირთა საოცარ საქმეთა ამბებს. პერსევსს თანდათან ეუფლებოდა დიდებისადმი სწრაფვის სურვილი. ერთხელ პოლიდექტესმა წვეულება გამართა და თავის სტუმრებს, რომელთა შორის იყო პერსევსიც, განუცხადა, რომ მიდიოდა ელისში, რათა იქაური მეფის ასული ჰიპოდამეა შეერთო ცოლად. მიწვეულებმა, როგორც სჩვეოდათ, დაასახელეს საბოძვრები, რომლის მიძღვნასაც აპირებდნენ ქორწინების დღეს. მხოლოდ პერსევსი იჯდა ჩუმად, რადგან ისეთი ღარიბი იყო, რომ მეფისათვის საკადრისი ძღვენი შინ არ ეგულებოდა. სიამაყემ სძლია ჭაბუკს და როცა მეფის წინაშე წარსდგა – გორგო მედუზას თავს გიძღვნიო – მოულოდნელად აღმოხდა. ამას ელოდა პოლიდექტესიც. მეტისმეტად ხარობდა იგი, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული, რომ პერსევსი მედუზას მსხვერპლი შეიქნებოდა.

გზას რომ გაუდგა, სულ არ იცოდა პერსევსმა, სად მოეძებნა ეს მედუზა. ათენა, რომელიც გმირთა მფარველი იყო და ვერ იტანდა გორგო მედუზას, გამოეცხადა გზად მიმავალს და ურჩია, თავდაპირველად სწვეოდა გორგოთა დებს, გრძნეულ გრაიებს. ისინი დაბადებიდან იყვნენ ბებრები და სამთავეს ერთი კბილი და ერთი თვალი ჰქონდათ, რომელსაც რიგრიგობით გადასცემდნენ ხოლმე ერთმანეთს. პერსევსმა მოჰპარა გრაიებს ეს კბილი და თვალი და მხოლოდ მაშინ დაუბრუნა, როდესაც მათ გორგოთა სამყოფელი განაცხადებინა.

ათენას მოსწონდა ეს შეუპოვარი ჭაბუკი და გზად მიმავალი კეთილი სიტყვით დამოძღვრა. გააფრთხილა, რომ სახეში არ შეეხედა მედუზასათვის, თორემ იმწამსვე ქვად იქცეოდა, რადგან ასეთი ძალა ჰქონდა მის მზერას. შემდეგ ქალღმერთმა პერსევსს აჩუქა თავისი მბზინავი ფარი, რომელიც სარკესავით ირეკლავდა ირგვლივ ყველაფერს. ახლა ჰერმესმაც მოინდომა მისი დასაჩუქრება. თავისი ანდამატის ნამგალი მისცა და ასწავლა, თუ როგორ უნდა მოეკვეთა თავი გორგოსთვის. სტიქსის ნიმფებმა კი უბოძეს ფრთიანი სანდლები, უჩინმაჩინის ქუდი და ჯადოსნური აბგა, რომელშიც მედუზას მოკვეთილი თავი უნდა ჩაედო.

პერსევსმა გორგოებს ჰიპერბორეელთა ოკეანის სანაპიროსთან მოჰკრა თვალი. მათ ეძინათ. იცოდა ჭაბუკმა, რომ გორგოთა ხილვა შეაძრწუნებდა, მაგრამ მაინც გაოგნდა წამით: თავზე თმის ნაცვლად გველები ესხათ, რომლებიც ერთმანეთში გადახლართულიყვნენ, პირიდან კბილები კი არა, უზარმაზარი ეშვები გამოსჩროდათ, სპილენძის ხელები დაკრუნჩხვოდათ, ოქროს ფრთები კი ძირს მიეყარათ. უსაზარლესი მათ შორის იყო მედუზა. მისი მზერა რომ არ მოხვედროდა, პერსევსი ზურგით დადგა და ფარი ისე მოიმარჯვა, რომ ზედ მედუზა არეკლილიყო. შემდეგ ნამგალი მოუქნია, მოჰკვეთა თავი, ჩადო აბგაში და გაფრინდა. გორგოები გამოფხიზლდნენ და დაედევნენ, მაგრამ პერსევსი, რომელსაც უჩინმაჩინის ქუდი ეხურა, სივრცეში წამისუმალ გაუჩინარდა. მრავალ ქვეყანას გადაუფრინა და როდესაც დაღლა შეიგრძნო, ატლასის საუფლოში დაეშვა, რათა იქ ჰესპერიდების ბაღში დაესვენა. ბაღში ოქროს ხე იდგა, რომელიც ოქროს ვაშლებს ისხამდა. ატლასი ამ ხეს საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა, რადგან ოდესღაც ქალღმერთმა თემისმა უწინასწარმეტყველა: შენს ოქროს ვაშლებს ზევსის ერთ-ერთი ვაჟი წაიღებსო. არ ეამა ატლასს პერსევსის სტუმრობა, ხოლო როდესაც გაიგო, რომ ზევსის ძეც იყო, მასპინძლობაზე უარი უთხრა. იწყინა პერსევსმა, აბგიდან მედუზას თავი ამოიღო და სახეში მიაშვირა უკმეხ გოლიათს. გაოცებული უმზერდა იგი, თუ როგორ გარდაისახა ატლასი უზარმაზარ მთად, რომელიც თავისი თხემით ცას მიებჯინა. აი, ასეთია ლეგენდა იმ გოლიათზე, რომელიც დღემდე ვეებერთელა ზეცის კაბადონს შეჰყუდებია (თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: ატლასი).

უმალ გაშორდა იქაურობას დანაეს ვაჟი და როდესაც ეთიოპიას გადაუფრინა, სანაპიროზე თვალი მოჰკრა შიშველ ქალიშვილს. იგი კლდეს იყო მიჯაჭვული და საბრალობლად მოთქვამდა. პერსევსი რომ მიუახლოვდა, სირცხვილისაგან ენა წაერთვა, მაგრამ მალე გონება მოიკრიბა და თავისი უბედურება ამცნო: ეს იყო ანდრომედე, ეთიოპიის მეფის ასული. მის დედას, კასიოპეას, დაუქადნია, რომ ნერეიდებს ვჯობივარო მშვენიერებით. ზღვის ქალღმერთებმა პოსეიდონს სთხოვეს, დაესაჯა კადნიერი დედოფალი. მანაც არ დააყოვნა, ეთიოპია წყლით დატბორა, ზღვის სიღრმიდან კი ამოუშვა შემზარავი ურჩხული, რომელიც უმოწყალოდ აჩანაგებდა მთელ სამეფოს. წუხდა მეფეც და მისი ხალხიც. მიმართეს მისანს, რომელმაც ასეთი რამ განაცხადა: „მაშინ დაცხრება პოსეიდონი, როდესაც ურჩხულს შეეწირება მეფის ასული!“ მდაბიო ხალხმა მეფის დაუკითხავად გამოიტაცა სასახლიდან ანდრომედე და კლდეს მიაჯაჭვა. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული მომტირალ ქალწულს, რომ წამისუმალ ზღვა აბობოქრდა და მისი ტალღებიდან შემზარავი შიშინით ამოსრიალდა დრაკონი. პერსევსი მასთან შესარკინებლად შეემზადა, ამოიცვა ფრთიანი სანდლები, ჰაერში აიჭრა და ზურგში ჩასცა ოროლი. ხოლო, როდესაც დრაკონი მისკენ შებრუნდა, დაფჩენილი ხახა მახვილით გაუპოდა სული გააფრთხობინა. პერსევსმა გაათავისუფლა ანდრომედე და მეფეს მიჰგვარა სასახლეში, ხოლო ბედნიერმა მამამ მათ დიდებული ქორწილი გადაუხადა.

ეთიოპიაში პერსევსი დიდხანს არ დარჩენილა. ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად იგი კუნძულ სერიფოსზე დაბრუნდა. იქ შეიტყო, რომ პოლიდექტესს მისი წასვლის შემდეგ ჰიპოდამეა არც კი გახსენებია, დანაეს შერთვა უსურვებია, მაგრამ უარი რომ მიუღია, საპყრობილეში ჩაუსვამს უთვისტომოდ დარჩენილი ქალი. რისხვამ შეიპყრო პერსევსი. შურისძიება განიზრახა. იგი სასახლეში შეიჭრა, აბგიდან მედუზას თავი ამოიღო და მისი ხილვით გაოგნებულ მეფეს მიაშვირა. ქვად იქცა მეფეც და მისი ამალაც. ისინი დიდი დარბაზის დამამშვენებელ მარმარილოს ქანდაკებებს დაემსგავსნენ.

არ უყვარდა პერსევსს სერიფოსი. ამიტომ დედასა და საყვარელ მეუღლესთან ერთად არგოსისკენ ისწრაფა. როდესაც მისი ხომალდი მშობლიურ ნაპირს მიუახლოვდა, დაინახა, რომ იქვე ხალხი მოგროვილიყო და თამაშები გაემართა. დანატრებული იყო პერსევსი გმირთა ასპარეზობებს, ამიტომ დაუხანებლივ შეუერთდა მოთამაშეებს. როდესაც იგი მოემზადა ბადროს სატყორცნად, ბადრო ხელიდან დაუსხლტა და მეფე აკრისიოსს მოხვდა. ასე აღსრულდა ძველი მისნობა. აკრისიოსი დიდი პატივით დაკრძალა პერსევსმა. თავად კი არგოსის ტახტზე აღზევდა და ღრმა სიბერემდე იცოცხლა ანდრომედესთან ერთად. ხოლო როდესაც სიკვდილის ხანი დაუდგა, მედუზას თავი უძღვნა ქალღმერთ ათენას, რომელმაც იგი თავის ეგისზე მიამაგრა.

პერსევსი ბერძენთა საყვარელი გმირი იყო. ამიტომ მას თავიანთი ქალაქის, მიკენის, დამაარსებლადაც მიიჩნევდნენ. ანდრომედესგან პერსევსს ერთი ქალიშვილი, გორგოფონე (სპარტელი დიოსკურების დიდედა) და ექვსი ვაჟი ჰყავდა. მათ შორის იყო პერსესი (სპარსთა მამამთავარი). ალკეოსი (ამფიტრიონის მამა). სთენელოსი (ევრისთევსის მამა). ელექტრიონი (ჰერაკლეს პაპა). პერსევსის კულტი არსებობდა სერიფოსსა და ათენში.

პერსევსის მითოსმა მრავალი მხატვარი (ტინტორეტო, ტიციანი, რუბენსი, რემბრანტი, ტიეპოლო) და მოქანდაკე (ჩელინი, კანოვა) მიიზიდა. სოფოკლესა და ევრიპიდეს შეუთხზავთ ტრაგედიები სახელწოდებით „ანდრომედე“, რომლებმაც ფრაგმენტულად მოაღწიეს ჩვენამდე. ცნობილია აგრეთვე კალდერონისა და კორნელის დრამები. ლიულისა და ჰაიდნის ოპერები.
წყარო: ბიბლიოვიკი პერსევსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9