A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პოე პოზ პოლ პოპ პორ პოს პოტ

პოსეიდონი

ბერძნ.
ზღვათა ღვთაება. კრონოსისა და რეას ძე. ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრესა და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს მეუღლე. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარი იყო ნეპტუნუსი.

უძველესი წარმოდგენები პოსეიდონზე დაკავშირებულია ნოტიო მიწის ნაყოფიერებასთან. შესაბამისად, მის სახელს ასე თარგმნიან: „მიწის მეუღლე“ ან „მიწის მეუფე“.

კრონოსზე გამარჯვების შემდეგ ზევსმა თავის ძმებთან, ჰადესთან და პოსეიდონთან ერთად გაინაწილა სამყაროში მმართველობის უფლება. სამართლიანი რომ ყოფილიყო ეს განაწილება, მათ წილი ყარეს. პოსეიდონს ხვდა ზღვის სამეფო. არ მოეწონა, რადგან თვლიდა, რომ უფროსი იყო და წესით მას უნდა რგებოდა უმაღლესი უფლებები ღმერთების სამყაროში. თავის აღშფოთებას იგი არც მალავდა. ზევსი განრისხდა და ოლიმპოსის კარიბჭე დახურა მისთვის. ათი წელი არ გამოჩენილა პოსეიდონი ძმის ზეციურ საბრძანებელში. ბოლოს იგი ბედს შეეგუა და შეურიგდა ცათა მბრძანებელს.

ეს პირქუში და ჭირვეული ღვთაება ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ზევსი, თუმცა ოდნავ კი ჩამოუვარდებოდა ძალმოსილებით. მან ზღვათა სიღრმეში აიშენა ცისფერი სასახლე, რომელიც ნიჟარებით იყო გადახურული. წყლის მოქცევისას ეს ნიჟარები იხსნებოდნენ და მათ წიაღში დაფარული მარგალიტებით ზღვა ნათდებოდა. ხოლო როდესაც ზვირთები მშვიდად ნებივრობდნენ, სასახლის ქარვის ფანჯრებიდან ძოწისფერი ყვავილივით მოჩანდა მზე. პოსეიდონმა ვეებერთელა თავლებში ოქროსფაფრიანი და სპილენძისჩლიქებიანი მერნების რემა მოათავსა. ოქროს ეტლიც ჰქონდა, რომლის ხმის გაგებისთანავე მშვიდდებოდნენ ქარიშხლები. ახლა ცოლის შერთვაც შეეძლო, მით უმეტეს, რომ მოსწონდა ზღვის ძველი ღმერთის, გრძნეული ნერევსის ასული, მშვენიერი ამფიტრიტე. მაგრამ ქალწული არ თანხმდებოდა, რადგანაც პოსეიდონი, მიუხედავად ღვთაებრივი აღნაგობისა, არც ისე ლამაზი იყო. მას მუქი ფერის კანი ჰქონდა, აბურძგნული თმა და ლამით სავსე, მუდამ, სველი წვერები. შიშის ზარს სცემდნენ სათნო ამფიტრიტეს მისი თვალები, ავის მომასწავებლად რომ ანათებდნენ ხშირი წარბებიდან. და მაინც, ზღვის მეუფემ მისი მოტაცება განიზრახა, ქალწულმა ატლასის მთებს შეაფარა თავი.

დამწუხრებული დაბრუნდა პოსეიდონი თავის ცარიელ სასახლეში. ამ დროს მასთან მოცურდა დელფინი, ზღვის ბინადართა შორის უბრძენესი ქმნილება და ღმერთს დახმარება აღუთქვა. მეორე დღეს კი ამფიტრიტეს გამოეცხადა და უამბო წყალთა ყოვლისშემძლე ღვთაების უსაზღვრო სიმდიდრეზე, უსამანო სამფლობელოზე, ზღვათა საოცარ ბინადრებზე, რომლებიც მის ფერხთა ქვეშ იცურებდნენ და დიდებულ პატივს მიაგებდნენ მშვენიერ ქალბატონს.

დაფიქრდა ნიმფები. დელფინის ნაამბობმა მოხიბლა, რჩევა იკითხა და რამდენიმე დღის შემდეგ ზურმუხტის ტახტზე დაბრძანდა პოსეიდონის გვერდით, ვითარცა ზღვის დედოფალი.

ზღვის მლაშე წყლებში უცნაური ღვთაებები და საოცარი არსებები ბინადრობდნენ. მათ ბრძნულად განაგებდა პოსეიდონი, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც კი წყალში თუ წყლის ზედაპირზე ხდებოდა. როცა უაზროდ მოვარდებოდნენ ქარიშხლები და ზღვას ააზვირთებდნენ, პოსეიდონის ერთი მზერაც საკმარისი იყო მათ დასამშვიდებლად. თავისი სამკაპით მას შეეძლო სამშვიდობოზე გამოეტანა თავთხელზე დარჩენილი თუ კლდეთა შორის გარჩენილი ხომალდები. ნაზღვაურალ გემებს კი უგზავნიდა სწრაფ დინებებს, რათა ნაპირებზე გაერიყათ. მის განრისხებას ერიდებოდნენ ღმერთებიც და ადამიანებიც. პოსეიდონი განაგებდა კუნძულებსაც, სანაპიროებსაც და ნავსადგომებსაც. თავისი სამკაპით მას შეეძლო მიწის გაპობა, ყურეთა და სრუტეთა შექმნა. მიწისძვრა მისი მრისხანების გამოვლინებად ითვლებოდა.

პოსეიდონის სახელთან მრავალი მითოსია დაკავშირებული: აპოლონთან ერთად მან ააგო ტროას გალავანი, ხოლო როდესაც ძუნწმა მეფე ლაომედონმა განარისხა, მის ქვეყანას მიუვლინა ურჩხული, რომელიც ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონმა ათენასთან დავისას დათმო ატიკაზე მეუფების უფლება. იგი დევნიდა ოდისევსს და შინ დაბრუნების ნებას არ რთავდა პოლიფემოსის დაბრმავების გამო. მითები მოგვითხრობენ აგრეთვე პოსეიდონის სატრფიალო თავგადასავლებს დემეტრესთან, მედუზასთან და ა.შ.

მთელი ბერძნული სამყარო თაყვანს სცემდა ამ ღვთაებას. ზღვისპირა ქალაქებში მას უშენებდნენ მდიდრულ ტაძრებს. კუნძულებსა და კონცხებზე, აგრეთვე სანაპირო მთებზე აღმართული იყო მისი ქანდაკებები და სალოცავები. პოსეიდონს მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ცხენს ან დელფინს, უძღვნიდნენ სპორტულ ასპარეზობებს, რომელთაგან უდიდესი იყო კორინთოში დაწესებული ისთმოსური დღესასწაული.

ზღვათა მბრძანებელს ხელოვანნი წარმოსახავდნენ ძლიერ, განიერმხრებიან მოხუცად, სახით ზევსის მსგავსს, ოღონდ უფრო მრისხანე მზერით, ხელში სამკაპით.

 
ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს
წყარო: ბიბლიოვიკი პოსეიდონი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9