A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რობ როდ რომ

რობინზონ კრუზო

1719 წელს მზის სინათლე იხილა დეფოს შედევრმა „რობინზონ კრუზომ“. ლონდონელმა გამომცემლებმა უარი თქვეს მის დაბეჭდვაზე, რადგან არ სჯეროდათ რომანის წარმატებისა, მხოლოდ გამომცემელმა უილიამ ტეილრმა გაბედა გამოეცა იგი. რომანმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ტეილრმა რომანი კიდევ სამჯერ გამოსცა და წიგნის ტირაჟი სამჯერ გაზარდა. XIX საუკუნის დასასრულს „რობინზონ კრუზოს“ 700 გამოცემა არსებობდა. ასეთი წარმატება წილად არ ხვდომია არც ერთ ნაწარმოებს. წიგნი მაშინ ძალზე ძვირად ფასობდა, იგი ღირებულებით უდრიდა მამაკაცის კოსტიუმს, ან სამ ჯიშიან ცხენს. წიგნის მოყვარულები დიდხანს აგროვებდნენ ფულს, რათა სანუკვარი წიგნი ეყიდათ. მოთხოვნილება წიგნზე იმდენად დიდი იყო, რომ ავტორმა და გამომცემელმა მისი დაბეჭვდა ჟურნალშიც დაიწყეს. დეფომ შემდგომში სხვა წიგნებიც გამოსცა: „კავალერის ჩანაწერები“ (1720 წ.), „კაპიტანი სინგლტონი“ (1720 წ.), „პოლკოვნიკ ჯეკის ამბავი“ (1720 წ.), „მოლ ფლენდერზი“ (1722 წ.), „როქსანა“ (1724 წ.), „ჭირიანი წელიწადის დღიური“ (1722 წ.), „მოგზაურობა დიდ ბრიტანეთში“ (1724-1727 წწ.), მაგრამ მათმა გმირებმა ვერ დაჩრდილეს „რობინზონ კრუზო“ და დღემდე მისი სახელი დეფოს უკვდავებას ანიჭებს. რობინზონისმაგვარი წიგნები ბევრი არ არის მსოფლიოში. მრავალმა სცადა მისი გავლენის დამცირება იმით, თითქოს ეს ამბავი არ შეეფერებოდა სინამდვილეს, მაგრამ უშედეგოდ, „რობინზონის“ სჯეროდათ და სწამდათ. რაში მდგომარეობს ამ საოცარი წიგნის წარმატების საიდუმლო? რატომ არის, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები ერთად არიან „რობინზონ კრუზოს“ ლიტერატურულ შედევრად აღიარებაში. ალბათ, ეს განაპირობა უსაზღვრო რწმენამ ადამიანის შესაძლებლობებში. აი, რატომ იზიდავს ადამიანებს ასეთი მაგიური ძალით ეს წიგნი. ყველას უნდა განიცადოს ის, რაც თავს გადახდა უშიშარ მეზღვაურს იორკიდან. რასაკვირველია, თითოეულ მკითხველს თავისი ინდივიდუალური ხედვა აქვს საგნებისა თუ მოვლენების მიმართ, მაგრამ საიდუმლო „რობინზონ კრუზოსი“ იმაში მდგომარეობს, რომ იგი აერთიანებს ადამიანებს საერთო რწმენით პიროვნების ამოუწურავი შესაძლებლობებისადმი. „მე დავიბადე 1632 წელს ქალაქ იორკში, – ასე იწყება ეს შესანიშნავი წიგნი. იგი მამაც მეზღვაურზეა, რომელსაც რობინზონი ჰქვია და ბედის განგებით დაუსახლებელ კუნძულზე ხვდება. იგი წლების განმავლობაში მარტოდმარტო რჩება სტიქიასთან ჭიდილში და გამარჯვებული გამოდის, რითაც მთელ კაცობრიობას ამცნობს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. რობინზონი უკაცრიელ კუნძულზე იყო მეფეც, გუბერნატორიც, მეთევზეც, მონადირეც, მიწათმოქმედიც. იგი დაღუპულ გემზე, რომელიც ზღვის ტალღებმა ნაპირზე გამორიყეს, წააწყდება ვერცხლისა და ოქროს მონეტებს, რომლებსაც მის სამშობლოში დიდი ძალა ჰქონდათ. აი, რას ამბობს რობინზონი:

„მე გამეღიმა, როდესაც ეს ფული დავინახე, უსარგებლო ნაგავი, – ჩავილაპარაკე მე. რათ მინდიხარ ახლა მე შენ? შენ იმადაც არ ღირხარ, რომ დავიხარო და იატაკიდან აგიღო“.

რობინზონი ერთ მშვენიერ დღეს თავის კუნძულზე ადამიანის ფეხის კვალს წააწყდება. აი როგორ აგვიწერს დეფო ამ მბავს: „ერთხელ, დაახლოებით შუადღეს, მე მივუყვებოდი ზღვის ნაპირს და ჩემს ნავს ვუახლოვდებოდი. უცბად დავინახე ადამიანის შიშველი ფეხის კვალი, იგი ცხადად იყო გამოსახული ქვიშაზე. მე მეხდაცემულივით გავჩერდი, თითქოს მოჩვენება მენახოს. მე დავაყურადე და გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ რაიმე საეჭვო ვერც გავიგე და ვერც დავინახე. მაღლობზე ავვარდი, რათა უკეთ გადამეხედა მიდამოსათვის, ისევ ჩამოვედი, დავდიოდი წინ და უკან ნაპირზე – არსად არაფერი; მე ვერ ვიპოვე მეორე ფეხის ანაბეჭდი. კვლავ გავემართე იქით, რათა ერთხელ კიდევ შემევლო თვალი მისთვის, დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ეს იყო ადამიანის ფეხის ანაბეჭდი თუ მოჩვენება. მაგრამ არა, მე არ ვცდებოდი; ეს იყო ადამიანის ფეხის ანაბეჭდი, მე მკაფიოდ განვასხვავე ტერფი, თითები. როგორ მოხვდა ის აქ? მე ვიბნეოდი, სხვადასხვა მოსაზრებები ამერია ერთმანეთში, სრულ გაუგებრობაში ვიმყოფებოდი და, როგორც იტყვიან, ვერ ვგრძნობდი მიწას ფეხქვეშ. მე წავედი ჩემს სახლში, ჩემს ციხესიმაგრეში. მე ძალზე შეშინებული ვიყავი. ყოველ ორ-სამ ნაბიჯზე უკან ვიხედებოდი, მეშინოდა ყოველი ბუჩქის, ხის, ყოველ დანახულ ჩრდილს ადამიანად ვთვლიდი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ საშინელ ურჩხულად მეჩვენებოდა ყველა საგანი, როგორი ველური აზრები მიტრიალებდა თავში და როგორ სულელურ გადაწყვეტილებებს ვღებულობდით მთელი ხნის განმავლობაში“.

შემდგომში მის მარტოობას ბოლო მოეღება. პარასკევ დღეს მის კუნძულზე მოსულ კაციჭამიებისაგან იგი გამოიხსნის ერთ-ერთ ველურს და მას პარასკევას დაარქმევს. იგი მთელი ძალისხმევით ცდილობს, ველურ მდგომარეობიდან მის გამოყვანას, ადამიანად ქცევას და, საბოლოოდ, ახერხებს კიდეც ამას: ასწავლის ლაპარაკსა და ადამიანურ ქცევას. მას თავის კუნძულზე მოჰყავს ქერი, აცხობს პურს, წველის გარეულ თხებს, აკეთებს ყველსა და კარაქს.

გადის დრო და მათ მყუდროებას გემით მოსული ევროპელები არღვევენ. რობინზონი ერთვება მათ შორის ბრძოლაში. უმკლავდება აბუნტებულ მეზღვაურებს და ამავე გემით ბრუნდება ინგლისში, იმ კუნძულზე კი ტოვებს ურჩ მეზღვაურებს. იგი პარასკევასთან ერთად უბრუნდება ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც მას არ ენახა 28 წლის, ორი თვისა და 19 დღის განმავლობაში.

ამ წიგნის კითხვის დროს ადამიანი საკუთარ თავზე განიცდის რომანტიკულ და სახიფათო მოგზაურობას უკაცრიელ კუნძულზე, მკითხველზე იგი წარუშლელ კვალს ტოვებს უშუალო განცდებითა და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების მომხდენი პასაჟებით.

მას, ვისაც ეს წიგნი არ წაუკუთხავს, ჩვენი თანამედროვე უნიჭიერესი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟის არ იყოს, მოსალოცად აქვს საქმე, რადგან წინ ამ ნაწარმოების წაკითხვით გამოწვეული დიდი ბედნიერება მოელის...

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9