A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაე ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰაუ

ჰადესი

ბერძნ. უხილავი, შემზარავი
მიწისქვეშა სამყაროს ღმერთი, მიცვალებულთა სულების მბრძანებელი. კრონოსისა და რეას ძე. ზევსისა და პოსეიდონის ძმა.

როდესაც ზევსმა კრონოსზე გამარჯვების შემდეგ თავის ძმებთან ერთად დაინაწილა სამყარო, ჰადესს მიწისქვეშეთი ერგო. მისი სასახლე უდაბურ და მიუვალ ადგილას, მრუმე კლდეთა შორის იყო აღმართული. მას გარს ერტყა სამმაგი გალავანი, რომლის ქვეშაც მიედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე პირიფლეგეტონი. გალავნის კარიბჭე ისე მყარად ემიჯნებოდა ალმასის სვეტებს, რომ მისი გახსნა თავად ღმერთებსაც არ შეეძლოთ. რკინის კოშკის უზარმაზარ, შავ დარბაზში იდგა ოქროს ტახტი, რომელზეც იჯდა მეფე ჰადესი. მას გვერდს უმშვენებდა პერსეფონე – მისი მეუღლე.

ჰადესის სახელთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი მითოსი პერსეფონეს მოტაცების ამბავს გვაუწყებს. ეს მშვენიერი ქალიშვილი დიდი ქალღმერთის, დემეტრეს ასული იყო. მის მამად კი თავად ზევსს ასახელებენ მითოგრაფოსები. ერთხელ, როდესაც პერსეფონე მინდვრად სეირნობდა, მიწამ აღმოაცენა გასაოცარი სილამაზის ყვავილი. როდესაც მისმა სურნელებამ გააბრუა ქალწული, მიწა გაიხსნა და შავმა ცხენებმა მისი წიაღიდან ამოაქროლეს ოქროს ეტლი, რომელზეც ამხედრებული იყო ჰადესი. მან მოიტაცა პერსეფონე. ღრუბლებით შებურულმა შავმა რაშებმა კვლავ მიწის წიაღისკენ გააქანეს დიდი ღვთაების მბრწყინავი ეტლი.

ქალიშვილის გაუჩინარებით დამწუხრებული დემეტრე აღარ ზრუნავდა მოსავალზე. გაუდაბურდა დედამიწა, აღარც ბალახი იზრდებოდა, აღარც ყვავილი. ფოთლები დაჭკნა, ტყე გაშიშვლდა, ვენახი გახმა, დაცარიელდა ყანები, ჩაკვდა სიცოცხლე. იღუპებოდა სამყარო. შეშფოთდა ზევსი და ჰადესს სთხოვა, დაეთმო პერსეფონე. მიწისქვეშეთის მბრძანებელმა კი აღასრულა ზევსის სურვილი, მაგრამ მოასწრო და პერსეფონეს ბროწეულის მარცვლები (მარადიული ქორწინების სიმბოლო) გადააყლაპა. იმიერიდან დემეტრეს ასულს აღარ შეეძლო ჰადესის მიტოვება სამუდამოდ. ღმერთებმა ასე დაადგინეს: პერსეფონეს წლის ერთი მესამედი თავის მეუღლესთან უნდა გაეტარებინა მიწისქვეშეთში.

დედამიწაზე დაბრუნებული პერსეფონეს მითოსი წლის დროთა ცვლას განასახიერებს: როდესაც პერსეფონე დემეტრესთან იმყოფება, მინდვრად ბალახი ბიბინებს და მწიფდება თაველი, იფურჩქნებიან ყვავილები... ბუნება ხარობს. როდესაც პერსეფონე ჰადესს უბრუნდება, მოწყენილია სამყარო და მის მოლოდინში იძინებს, კვდება, რათა ახალი ძალით კვლავ აღორძინდეს. ერთი მითოსი საოცარ ამბავს გვამცნობს: ეს პირქუში და მრისხანე ღმერთი თურმე გმირმა ჰერაკლემ დაჭრა, როდესაც ქვესკნელს ეწვია. იარამ ისე შეაწუხა ჰადესი, რომ მან მიატოვა თავისი სამეფო და ოლიმპოსზე აღზევდა, სადაც იგი ღვთაებათა მკურნალმა, პეონმა, განკურნა.

ძველი საბერძნეთის ერთ-ერთმა გმირმა, სისიფოსმა, ჰადესის მოტყუებაც კი მოახერხა.

იდუმალებით მოცული ღმერთი ჰადესი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა დედამიწაზე. მას უჩინმაჩინის მუზარადიც ჰქონდა, რომელიც კიკლოპებმა გამოუჭედეს. იგი არასოდეს იცილებდა თავიდან ამ მუზარადს, რადგან იცოდა, რომ მისი ხილვა შიშის ზარს გვრიდა ღმერთებსაც და ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ არ ესწრებოდა ოლიმპიურ წვეულებებსაც.

ჰადესს ყოველი ბერძენი ეთაყვანებოდა, თუმცა შიშითა და დუმილით. მის სახელს არც კი ახსენებდნენ. პატივს მღვიმეში მიაგებდნენ, იქ, სადაც გოგირდის სუნი იდგა. მსხვერპლად სწირავდნენ შავბეწვიან ცხვარს, რომლის სისხლს მიწის ნაპრალში ღვრიდნენ. თავად ცხვარს კი ერთიანად წვავდნენ, ვინმეს რომ მისი ხორცი არ ეგემა და უნებლიეთ მიცვალებულთა სამეფოში არ აღმოჩენილიყო.

ჰადესის ტაძარი ელისში იყო აღმართული. მას წელიწადში ერთხელ აღებდნენ და შიგ შესვლის უფლებით მხოლოდ ჰადესის ქურუმები სარგებლობდნენ. ადამიანები ამ ღვთაებისათვის არ აგებდნენ სამსხვერპლოებსა თუ სალოცავებს, საკუთარი თავი რომ არ შეეხსენებინათ. მხოლოდ ძვ.წ. V საუკუნიდან, ელევსინური მისტერიების გავლენით, ჰადესის მრისხანე სახემ კეთილი იერი შეიძინა. მას ახალი სახელიც შეარქვეს, პლუტონი, ანუ სიმდიდრის გამნაწილებელი. მალე ჰადესს მოსავლის ღვთაების ფუნქციაც დაეკისრა. ბერძენთა რწმენით, მიწაში ჩავარდნილი თესლი სწორედ ჰადესის წყალობით განაგრძობს სიცოცხლეს, ძალას იკრებს და აღმოცენდება. ასე იქცა ჰადესი დროთა განმავლობაში სიკვდილისა და აღორძინების განმასახიერებელ ღმერთად.

ძველ საბერძნეთში ჰადესს წარმოსახავდნენ ძლიერ და ახოვან მამაკაცად, რომელიც სამეფო ტახტზე იჯდა კვერთხით ხელში. ხშირად მას თავს ერქვა გვირგვინი და მხარს უმშვენებდა მშვენიერი პერსეფონე. ზოგჯერ ჰადესის ფერხთით იჯდა კერბეროსი, მიწისქვეშეთის მარად ფხიზელი დარაჯი.

რომში ჰადესი გააიგივეს სიკვდილისა და ქვესკნელის ძველ იტალიკურ ღვთაებებთან – ორკუსთან და დიტუსთან.

 
ტროას ომში იცავდა ნეიტრალიტეტს
წყარო: ბიბლიოვიკი ჰადესი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9