ვისიმე ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს უცვლელად, სიტყვასიტყვით.
ბულბულმა თქვა: „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“.
აქ ბულბულის ნათქვამი გადმოცემულია უცვლელად, სიტყვასიტყვით.
უცვლელად გადმოცემულ ვისიმე ნათქვამს პირდაპირი ნათქვამი ჰქვია.
მაშასადამე, „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“ პირდაპირი ნათქვამია.
პირდაპირ ნათქვამს ჩვეულებრივ ახლავს ავტორის სიტყვები, რომლებიც მიგვითითებენ, / ჩვენს მაგალითში ავტორის სიტყვებია „ბულბულმა თქვა“, რომელიც გვაგებინებს, რომ პირდაპირი ნათქვამი ბულბულს ეკუთვნის.
დასახელებულ მაგალითში ავტორის სიტყვები უსწრებს პირდაპირ ნათქვამს, მაგრამ შეიძლება მოსდევდეს მას. მაგ.: „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“, - თქვა ბულბულმა.
პირდაპირ ნათქვამს ხშირად დაერთვის ნაწილაკები: -მეთქი, -თქო და -ო.
-მეთქი აღნიშნავს პირველი პირის ნათქვამის განმეორებას.
- ტყუილია! ტყუილია-მეთქი!
- რა გაყვირებს? - ჰკითხა და სიჩუმის შემდეგ გაიმეორა:
- რა გაყვირებს-მეთქი?
-თქო დაერთვის პირველი პირის დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამე პირს უნდა გადასცეს.
-ო დაერთვის მესამე პირის ნათქვამს. იგი ჩვეულებრივია ანდაზებში:
- უჰ, რა ვნახეთ, რა ვხახეთო! - წამოიყვირეს ყვავილებმა.
- თედო, სიკო გეძახის, გოდორი ამიწიეო.
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
-ო სიტყვასთან ერთად იწერება, -მეთქი და -თქო კი დეფისით გამოიყოფა.
უნაწილაკო პირდაპირი ნათქვამი ჩვეულებრივ ბრჭყალებში ჩაისმის, ხოლო სხვა სასვენ ნიშანთა ხმარების წესები ასეთია:
1. თუ ავტორის სიტყვებს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი, ავტორის სიტყვების შემდეგ იწერება ორწერტილი, პირდაპირი ნათქვამის შემდეგ კი - ის სასვენი ნიშანი, რომელიც მას შეეფერება.