პა პე პი პლ პო პრ პუ
პიე პირ

პირველყოფილი ხელოვნება

პირველყოფილ საზოგადოებათა წყობილების ხელოვნების სხვადასხვა ფორმათა კრებითი აღნიშვნა. პირველყოფილ ხელოვნებას მიაკუთვნებენ დაახლოებით 33 000 წლის წინა პერიოდს ძვ.წ.-ით (ე.წ. გვიანი პალეოლითის ხანა). მასში აისახა პირველყოფილი ადამიანის უმთავრესი ცხოვრებისეული ინტერესები - ნადირობა, თევზაობა, გამოქვაბულის მოხატულობები (რელიეფური, გრაფიკული, ფერწერული) გვაოცებენ ცხოვრებისეულობით, სახეთა მკაფიოობით. ე.წ. გვიანი პალეოლითის ხანის ადამიანის „მხატვრული შემოქმედების“ შთაგონების წყარო მისი გარემომცველი სინამდვილე, ბუნება, ცხოვრელთა სამყარო იყო და, ძირითადად, ნადირობის ამსახველ ცალკეულ გამოსახულებასა და სცენას გამოხატავდა (მაგ., საფრანგეთში, ლასკოს გამოქვაბულის მოხატულობები). ათასწლეულების განმავლობაში ხდებოდა გამოსახვის ტექნიკის სრულყოფა. მაგ., ესპანეთში, ალტამირის გამოქვაბულის მოხატულობებში გამოჩნდა მამონტების, ირმების, ბიზონების მოცულობითი გამოსახულებები.

პირველყოფილი ადამიანები ოსტატურად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავებს: მინერალურ საღებავს ურევდნენ წყალში, უმატებდნენ ცხოველის ცხიმსა და მცენარის წვენს, ფერადი თიხა, ნახშირი - მხატვრის ძირითადი ფერადოვანი მასალა იყო. გარდა საოცარი ნახატებისა, ეს ადამიანები პატარა სკულპტურულ ფიგურებსაც ძერწავდნენ, კვეთავდნენ ქვისა და ძვლისაგან. თანდათანობით მათ ისწავლეს თიხის სასმისებისა და სამკაულების დამზადება და მათი მორთვა სხვადასახვაგვარი ორნამენტებით.


ირემი. ალტამირის გამოქვაბულის მხატვრობა
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9