1 2 3 4 5 6 7 8 9

ა- აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ ახ აჯ აჰ
ალა ალვ ალმ ალო ალტ ალქ ალხ

ალაფი

სამხედრო ნადავლი
 
18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი

426

(ა) „დილასა შევჯე, ვუბრძანე: „ჰკარით ბუკსა და ნობასა!
(ბ) სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა,
(გ) ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
(დ) უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

427

(ა) „დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;
(ბ) რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთს ხანია,
(გ) მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
(დ) „ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია“.

428

(ა) „მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,
(ბ) გითხრობს, გკადრებს: „ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი!
(გ) ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
(დ) მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

429

(ა) „რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;
(ბ) თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია;
(გ) ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია;
(დ) შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია“.

430

(ა) „გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბენთ, გავიზრახენით;
(ბ) მითხრეს, თუ: „ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ, გლახ, ენით:
(გ) არიან მეტად მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -
(დ) არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

431

(ა) „ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
(ბ) ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
(გ) გულ-მართლად იყვნენ, მიენდევ, აფიცე ღმრთითა და ცითა,
(დ) არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

432

(ა) „მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;
(ბ) შევსთვალე: „რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;
(გ) სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვითკირები;
(დ) ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენკერძ ვირები“.

433

(ა) „მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი, ქველანი,
(ბ) თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,
(გ) დავჰვედრე: „სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,
(დ) ახლოს მომდევდით, მიშველეთ, გიხმობ, თუ მინდენ შველანი“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

434

(ა) „სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
(ბ) კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,
(გ) ებრძანა: „მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,
(დ) რა შეგეყარო, მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

435

(ა) „კვლაცა ეთქვა: „მართალია აზომ ჩემი მონახსენი,
(ბ) მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი“.
(გ) მოვახსენე: „დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი,
(დ) ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი!“.

436

(ა) „მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
(ბ) კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;
(გ) წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
(დ) „შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

437

(ა) „მითხრეს: „მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,
(ბ) სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები“.
(გ) მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,
(დ) მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.
იხ. ტაეპის განმარტებანი

438

(ა) „კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
(ბ) ერთი კაცი უკ-მო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:
(გ) „დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,
(დ) გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების!

439

(ა) „მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
(ბ) თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;
(გ) მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,
(დ) ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი.

440

(ა) „რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
(ბ) ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
(გ) კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,
(დ) აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

441

(ა) „მეფე ცოტათა გეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
(ბ) მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;
(გ) კვამლსა შეიქმან, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
(დ) და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

442

(ა) „მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:
(ბ) „რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია!
(გ) აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია,
(დ) თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!
იხ. ტაეპის განმარტებანი

443

(ა) „არვის გავანდევ სულ-დგმულსა, დავმალე, ვითა ჭორია.
(ბ) რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!
(გ) მაგრა სპათაკე გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია,
(დ) შევსთვალე: „ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია!“.

444

(ა) „მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე:
(ბ) „რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე“.
(გ) ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.
(დ) განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!
იხ. ტაეპის განმარტებანი

445

(ა) „ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;
(ბ) ვთქვი, თუ: „მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
(გ) ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე“.
(დ) მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

446

(ა) ვთქვი, თუ: „ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,
(ბ) მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან!
(გ) ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.
(დ) აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!
იხ. ტაეპის განმარტებანი

447

(ა) „ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
(ბ) დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა, ჯავშან-ქაფითა;
(გ) რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,
(დ) მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

448

(ა) მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;
(ბ) კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;
(გ) ეთქვა, თუ: „ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,
(დ) აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა“.

449

(ა) „შევსთვალე, თუ: „მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;
(ბ) თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!
(გ) ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია,
(დ) მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია“.

450

(ა) „რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
(ბ) კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს;
(გ) სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,
(დ) შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

451

(ა) „შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
(ბ) საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
(გ) ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.
(დ) მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

452

(ა) „ახლოს მივე, შემომხედნეს, „შმაგიაო“, ესე თქვესა.
(ბ) მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
(გ) კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
(დ) შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

453

(ა) „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
(ბ) კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
(გ) კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
(დ) ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

454

(ა) ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
(ბ) ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი;
(გ) ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
(დ) სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

455

(ა) „საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
(ბ) „ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან,
(გ) მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,
(დ) ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან“.

456

(ა) ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,
(ბ) რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა;
(გ) ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა;
(დ) გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

457

(ა) „იგი ნახეს, გასაქცევად გაემართნეს, შევჰყივლენით;
(ბ) ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.
(გ) რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,
(დ) მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.
იხ. ტაეპის განმარტებანი

458

(ა) „უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,
(ბ) დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;
(გ) ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,
(დ) ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

459

(ა) „მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
(ბ) ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად;
(გ) ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,
(დ) ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

460

(ა) „ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;
(ბ) ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
(გ) რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,
(დ) ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს, მეტად გაუკვირდეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი

461

(ა) „გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,
(ბ) ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე,
(გ) სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე,
(დ) არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

462

(ა) „რამაზს ვარქვი:შემიგნია საქმე შენი სამუხთალე,
(ბ) აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,
(გ) სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,
(დ) თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?
იხ. ტაეპის განმარტებანი

463

(ა) „რამაზ მითხრა: „აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე,
(ბ) ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,
(გ) ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,
(დ) ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!

464

(ა) „მივეც ერთი დიდებული, თანა სპანი წავატანენ,
(ბ) ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,
(გ) ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,
(დ) საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!

465

(ა) „მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
(ბ) კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
(გ) ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: „იყვენით თქვენ უკრძალავად,
(დ) მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად“.

466

(ა) „საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.
(ბ) უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;
(გ) ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,
(დ) თუმცა ჰნახენ, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

467

(ა) „ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად!
(ბ) ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
(გ) არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არც ორხაულად;
(დ) სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

468

(ა) „იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, ვისი შუქი მანათობდა;
(ბ) მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
(გ) ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -
(დ) დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა“.

თავი მეჩვიდმეტე თავი მეცხრამეტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9