1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სდ სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ
სვე სვი

სვე

ბედი
 
43. ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისლვისა

1070

(ა) ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა,
(ბ) ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,
(გ) გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა.
(დ) მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

1071

(ა) მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა,
(ბ) ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა,
(გ) მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა,
(დ) იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1072

(ა) მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,
(ბ) მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა;
(გ) ავთანდილ უხმო,ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:
(დ) „ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1073

(ა) „წვრილად მითხარ ყველაკაი, – ყმა მას კაცსა ეუბნების, –
(ბ) რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?“
(გ) ჰკადრა: „გხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;
(დ) რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1074.

(ა) „ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,
(ბ) თვით გულანშარო – ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;
(გ) აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა;
(დ) მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1075

(ა) „აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები:
(ბ) სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები,
(გ) ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
(დ) ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.

1076

(ა) „დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
(ბ) იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;
(გ) გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ;
(დ) უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1077

(ა) „მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;
(ბ) ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:
(გ) თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა;
(დ) პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1078

(ა) „რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
(ბ) უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,
(გ) უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;
(დ) მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1079

(ა) „თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება;
(ბ) დამყენებულთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება.
(გ) აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!
(დ) გამოგებვა და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1080

(ა) „ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,
(ბ) პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;
(გ) მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;
(დ) წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.

1081

(ა) ავთანდილ უთხრა: „წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან“.
(ბ) მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩასდიან.
(გ) ხათუნსა უთხრა ამბავი: „მე ესე დამიქადიან,
(დ) ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

იხ. ტაეპის განმარტებანი

1082

(ა) „ვაჭარი ვინმე, პატრონი არს ქარავნისა დიდისა,
(ბ) საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;
(გ) შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.
(დ) მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა“.

1083

(ა) ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
(ბ) მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი.
(გ) შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი;
(დ) მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.

1084

(ა) ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,
(ბ) იქით-აქათ იჯრებოდეს: „ვუჭვრიტოთო ამას რულად!“
(გ) ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
(დ) მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

1085

(ა) ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,
(ბ) მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;
(გ) ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხედეს შინა;
(დ) ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყევ, არ ეწყინა.

1086

(ა) ფატმან ხათუნ – თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
(ბ) ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
(გ) მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი;
(დ) დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.


1087

(ა) მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა,
(ბ) ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: „ვარგა“.
(გ) ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
(დ) სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-.

1088

(ა) დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,
(ბ) ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა.
(გ) ვაჭართა უთხრა: „წაიღეთ, – აჰკიდა, გააწევინა, –
(დ) თქვენ, ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ მე ვინა!

1089

(ა) ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა,
(ბ) ზოგჯერ იხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;
(გ) ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა;
(დ) ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

თავი ორმოცდამეორე თავი ორმოცდამეოთხე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9