ღვაწლმოსილს, მეფის წინაშე სამსახურგადახდილს
- 19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
- 469
- (ა) „წიგნი დავწერე: „მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
- (ბ) მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად.
- (გ) ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
- (დ) მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად“.
- 470
- (ა) „რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
- (ბ) წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
- (გ) ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
- (დ) მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
- 471
- (ა) „ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
- (ბ) ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
- (გ) რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
- (დ) ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
- 472
- (ა) „ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
- (ბ) საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
- (გ) მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
- (დ) მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
- 473
- (ა) „მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
- (ბ) დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით,
- (გ) მეფემან ბრძანა: „ლაშქარნი მიხმენით, შემომჯარენით,
- (დ) დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!“
- 474
- (ა) „რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
- (ბ) ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე,
- (გ) ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
- (დ) ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!
- 475
- (ა) „მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
- (ბ) ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
- (გ) ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
- (დ) „შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?“
- 476
- (ა) „მე ვჰკადრე: „ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
- (ბ) უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“.
- (გ) რამაზს უბრძანეს: „იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა,
- (დ) მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!“
- 477
- (ა) „ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
- (ბ) კვლა ხატაური ათასი, სხვა - სტავრა, სხვა - ატლასია.
- (გ) მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
- (დ) შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.
- 478
- (ა) „ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
- (ბ) მოახსენა: „ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
- (გ) თუ რა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!“
- (დ) წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.
- 479
- (ა) „მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
- (ბ) ებრძანა: „რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,
- (გ) მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
- (დ) არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია“.
- 480
- (ა) „შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
- (ბ) შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
- (გ) მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
- (დ) გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!
- 481
- (ა) „იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
- (ბ) „ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია,
- (გ) მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
- (დ) რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია“.
- 482
- (ა) „აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
- (ბ) რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
- (გ) ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,
- (დ) გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 483
- (ა) „მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა:
- (ბ) იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
- (გ) ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა,
- (დ) აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
- 484
- (ა) ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
- (ბ) ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი,
- (გ) ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი.
- (დ) ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი.
- 485
- (ა) რიდენი, რომე მეშოვნნეს ქალაქსა ხატაელთასა,
- (ბ) იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა,
- (გ) მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა.
- (დ) შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მათ მზებრ ნათელთასა.
- 486
- (ა) „მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი.
- (ბ) ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
- (გ) სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
- (დ) მუნ ვარდსა შუა ჰშვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
- 487
- (ა) „ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
- (ბ) დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,
- (გ) ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
- (დ) მითხრა: „ნუ ეჭვ ამას იქით, თუმცა მტერი შე-ღა-გება!“
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 488
- (ა) „ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ, სადა მეამებოდა.
- (ბ) პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
- (გ) მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა;
- (დ) თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
- 489
- (ა) „შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
- (ბ) სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
- (გ) ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.
- (დ) არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 490
- (ა) მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა,
- (ბ) რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
- (გ) კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
- (დ) რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 491
- (ა) „დააგდეს მღერა მუტრიბთა, „სულეთო!“, თავი ხარიან;
- (ბ) მიბრძანეს: „შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან!
- (გ) ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
- (დ) მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 492
- (ა) „აწ თუცა გმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
- (ბ) არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან;
- (გ) აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
- (დ) თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 493
- (ა) „მომართვეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
- (ბ) თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
- (გ) მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,
- (დ) რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
- 494
- (ა) „კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
- (ბ) კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.
- (გ) დედოფალნი წამოვიდეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა.
- (დ) ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 495
- (ა) „ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
- (ბ) საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
- (გ) ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
- (დ) მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა“.
- თავი მეთვრამეტე თავი მეოცე