1 2 3 4 5 6 7 8 9

შა შე შვ შთ ში შლ შმ შო შრ შტ შუ
შე შე შე- შეა შებ შეგ შედ შეე შევ შეზ შეთ შეი შეკ შემ შენ შეპ შეჟ შერ შეს შეტ შეუ შეფ შექ შეყ შეშ შეც შეძ შეწ შეჭ შეჯ შეჰ

შეუნდობ

აპატიებ
 
19. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

469

(ა) „წიგნი დავწერე: „მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!
(ბ) მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად.
(გ) ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
(დ) მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად“.

470

(ა) „რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
(ბ) წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
(გ) ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
(დ) მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

471

(ა) „ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
(ბ) ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
(გ) რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
(დ) ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

472

(ა) „ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
(ბ) საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
(გ) მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
(დ) მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

473

(ა) „მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
(ბ) დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით,
(გ) მეფემან ბრძანა: „ლაშქარნი მიხმენით, შემომჯარენით,
(დ) დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!

474

(ა) „რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
(ბ) ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე,
(გ) ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
(დ) ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

475

(ა) „მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
(ბ) ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
(გ) ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
(დ) „შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?“

476

(ა) „მე ვჰკადრე: „ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
(ბ) უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“.
(გ) რამაზს უბრძანეს:იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა,
(დ) მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!

477

(ა) „ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
(ბ) კვლა ხატაური ათასი, სხვა - სტავრა, სხვა - ატლასია.
(გ) მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
(დ) შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

478

(ა) „ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
(ბ) მოახსენა: „ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
(გ) თუ რა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!
(დ) წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

479

(ა) „მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
(ბ) ებრძანა: „რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,
(გ) მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
(დ) არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია“.

480

(ა) „შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
(ბ) შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
(გ) მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
(დ) გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!

481

(ა) „იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
(ბ) „ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია,
(გ) მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
(დ) რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია“.

482

(ა) „აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
(ბ) რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
(გ) ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული,
(დ) გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

483

(ა) „მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა:
(ბ) იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
(გ) ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა,
(დ) აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

484

(ა) ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
(ბ) ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი,
(გ) ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი.
(დ) ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი.

485

(ა) რიდენი, რომე მეშოვნნეს ქალაქსა ხატაელთასა,
(ბ) იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა,
(გ) მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა.
(დ) შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მათ მზებრ ნათელთასა.

486

(ა) „მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი.
(ბ) ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
(გ) სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
(დ) მუნ ვარდსა შუა ჰშვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

487

(ა) „ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
(ბ) დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,
(გ) ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
(დ) მითხრა: „ნუ ეჭვ ამას იქით, თუმცა მტერი შე-ღა-გება!
იხ. ტაეპის განმარტებანი

488

(ა) „ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ, სადა მეამებოდა.
(ბ) პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
(გ) მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა;
(დ) თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

489

(ა) „შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
(ბ) სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
(გ) ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.
(დ) არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

490

(ა) მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა,
(ბ) რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
(გ) კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
(დ) რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

491

(ა) „დააგდეს მღერა მუტრიბთა, „სულეთო!“, თავი ხარიან;
(ბ) მიბრძანეს: „შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან!
(გ) ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
(დ) მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!
იხ. ტაეპის განმარტებანი

492

(ა) „აწ თუცა გმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
(ბ) არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით, ტურფად გშვენიან;
(გ) აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
(დ) თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

493

(ა) „მომართვეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
(ბ) თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
(გ) მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,
(დ) რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

494

(ა) „კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
(ბ) კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.
(გ) დედოფალნი წამოვიდეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა.
(დ) ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

495

(ა) „ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
(ბ) საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
(გ) ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
(დ) მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა“.

თავი მეთვრამეტე თავი მეოცე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9