1 2 3 4 5 6 7 8 9

2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
2 20 21 22 23 24 25 26 27 28 29

24

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
 
24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა.


523

(ა) „მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
(ბ) ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად;
(გ) წიგნი მომართვა, ეწერა: „ვინ სჩან ალვისა ტანისად,
(დ) ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად“.

524

(ა) „შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
(ბ) ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
(გ) ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით.
(დ) დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი ჭირდა მისლვა ნდომით.

525

(ა) „იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
(ბ) ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა,
(გ) ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
(დ) ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

526

(ა) „ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
(ბ) შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
(გ) შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
(დ) გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

527

(ა) „იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი,
(ბ) ებურა მოშლით პირ-ოქრო, მე მივეც რიდე რომელი;
(გ) მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
(დ) ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.
იხ. ტაეპის განმარტებანი

528

(ა) „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
(ბ) არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
(გ) ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
(დ) მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

529

(ა) „მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
(ბ) გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა!
(გ) მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი-, ცისა!“
(დ) ვჰკადრე: „რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?“

530

(ა) „ვთქვი: „პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
(ბ) რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?
(გ) კვლაცა მითხრა: „რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
(დ) დიაცურად რად მოვღორდი! მე დავუწვავ ამით ალსა.

531

(ა) „შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
(ბ) შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება;
(გ) შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება.
(დ) ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

532

(ა) გახსოვს, ოდეს „ჰაის“ ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
(ბ) მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს?
(გ) მამაცისა სიცრუეთა სახენიმცა რანი ჰგვანდეს!
(დ) რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

533

(ა) „ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
(ბ) ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
(გ) ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა,
(დ) აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

534

(ა) „ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
(ბ) თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
(გ) სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო.
(დ) ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.
იხ. ტაეპის განმარტებანი

535

(ა) თქვა: „რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
(ბ) კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
(გ) აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
(დ) ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად!
იხ. ტაეპის განმარტებანი

536

(ა) „შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,
(ბ) ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
(გ) ვჰკადრე, თუ: „მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე!
(დ) რათგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

537

(ა) „რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
(ბ) ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
(გ) თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია“.
(დ) მან მიბრძანა: „რაცა იცი, თქვიო“, თავი დამიქნია.
იხ. ტაეპის განმარტებანი

538

(ა) „კვლაცა ვჰკადრე: „მე თუ, მზეო, თქვენთვის ფიცი გამეტეხოს,
(ბ) ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
(გ) ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?
(დ) მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?

539

(ა) „მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
(ბ) მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
(გ) დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
(დ) თავსა ვუთხარ: „მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა“.

540

(ა) „მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?
(ბ) არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
(გ) ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა.
(დ) ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?
იხ. ტაეპის განმარტებანი

541

(ა) „ვთქვი: „ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო“;
(ბ) თავსა ვუთხარ: „ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!“
(გ) მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო.
(დ) ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!
იხ. ტაეპის განმარტებანი

542

(ა) „სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
(ბ) იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
(გ) ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
(დ) მიბრძანა, თუ: „ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
იხ. ტაეპის განმარტებანი

543

(ა) „არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
(ბ) უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მართლობასა;
(გ) იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
(დ) მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

544

(ა) „მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,
(ბ) ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
(გ) ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
(დ) მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

545

(ა) „მიბრძანა, თუ: „გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
(ბ) რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
(გ) თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
(დ) შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!

546

(ა) „კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
(ბ) ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
(გ) მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
(დ) ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“.

547

(ა) „მე ვჰკადრე:ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა!
(ბ) რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
(გ) ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
(დ) ასრე დავხადნე, შეეძლოს აღარას, არ, სახმარობა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

548

(ა) „მიბრძანა, თუ: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
(ბ) დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად!
(გ) რა მოვიდეს, სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
(დ) ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
იხ. ტაეპის განმარტებანი

549

(ა) „ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
(ბ) მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,
(გ) მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც ზროხათა ვითა, ვირთაო,
(დ) დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

550

(ა) „იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
(ბ) ჰკადრე, თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა!
(გ) ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
(დ) არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!
იხ. ტაეპის განმარტებანი

551

(ა) „ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა,
(ბ) ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა;
(გ) ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,
(დ) ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

552

(ა) „ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,
(ბ) ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
(გ) მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა.
(დ) მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

553

(ა) „ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.
(ბ) ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
(გ) ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
(დ) მერმე, წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი“.
იხ. ტაეპის განმარტებანი

თავი ოცდამესამე თავი ოცდამეხუთე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9